პუბლიცისტური წერილები

<<< უკან დაბრუნება

გ. კოკოშაშვილი

ტერმინ "წარმართობისათვის"

როგორც ცნობილია ქართული საეკლესიო და სამეცნიერო ტრადიცია "წარმართებად" მოიხსენიებს ზოგიერთი არაქრისტიანული რელიგიის მიმდევრებს და ამ კრებითი სახელის ქვეშ აერთიანებს ყველა სახის კერპთთაყვანისმცემლობას, ცეცხლთაყვანისმცემლობას, მნათობთა თაყვანისცემას, სხვადასხვა ოკულტურ თუ მაგიურ მიმდინარეობებს და სხვა. ერთი სიტყვით ტერმინი "წარმართი" ქართულ სიტყვიერებაში დამკვიდრებულია, როგორც ზოგადი ეპითეტი ყოველგვარი უსჯულოებისა და უწმიდური რელიგიური მიმდინარეობებისა.ამ სიტყვის ანალოგიურ მნიშვნელობას გვიდასტურებს სულხან-საბა ორბელიანის "ლექსიკონი ქართული", სადაც "წარმართი" შემდეგნაირადაა განმარტებული: "წარმართი - (28, 19 მათე) უშჯულოებით მავალნი. წარმართი ეწოდების ყოველთა უშჯულოებით მავალთა."

როგორც ვხედავთ ტრადიცია და ქართული ლიტერატურის უმნიშვნელოვანესი წერილობითი ძეგლის მონაცემები ამ საკითხში ერთმანეთს აბსოლუტურად ემთხვევა და აქ თითქოს აღარაფერია დასაეჭვებელი და საკამათო, მაგრამ თავად ტერმინი "წარმართი" თავისი ჟღერადობით ნაკლებად შეესაბამება თავისივე შინაარსს. ეს სიტყვა უფრო "წაღმას", "წაღმართს" ჰგავს. მის შინაარსს ალბათ სიტყვა "უკუღმართი" მეტად შეესაბამება თავისი ბუნებით, და მართლაც იმავე "ლექსიკონი ქართულში" სულხან-საბა სიტყვა "უკუღმართის" თითქმის "წარმართის" ანალოგიურ განმარტებას იძლევა: "უკუღმართი - არა(ს) წაღმართ(ის) მოქმედი." იქვე ერთ პარადოქსსაც მივაქცევთ თქვენს ყურადღებას. სულხან-საბას მიხედვით ზმნა "წარმართება", რომლიდანაც, რა თქმა უნდა, ნაწარმოებია არსებითი სახელი "წარმართი", არის - "კეთილად მოსლვა", ანუ კეთილად სვლა, სწორი გზით სარული. გამოდის, რომ "ყოველთა უშჯულოებათა მოქმედი" არის "კეთილად", ანუ სწორი გზით მავალი. აი სწორედ ეს გახლავთ პარადოქსი.

ამ, ერთი შეხედვით უმნიშვნელო ფაქტისათვის ნათელის მოსაფენად საჭიროა ქართულ წერილობით წყაროებს მივმართოთ და ვნახოთ როდიდან იძენს ჩვენთვის საინტერესო ტერმინი დღევანდელ მნიშვნელობას.

ჩვენამდე მოღწეულ ქართულ წერილობით ძეგლებში სიტყვა "წარმართი" - როგორც უსჯულოების აღმნიშვნელი ტერმინი, პირველად VI საუკუნის უცნობი ავტორის ნაწარმოებში "მარტვილობაი და მოთმინებაი წმიდისა ევსტათი მცხეთელისაი" ჩნდება:
"წელსა მეათესა ხვასრო მეფისასა და არვანდ გუშნასპისა მარზაპნობასა ქართლისასა მოვიდა კაცი ერთი სპარსეთით, სოფელსა არშაკეთისასაი, ძეი მოგვისაი, და წარმართ იყო იგი."

საინტერესოა, რომ ქართული ლიტერატურის უძველეს ძეგლში, იაკობ ხუცესის "წამებაი წმიდისა შუშანიკისი დედოფლისაი", რომელიც შექმნილია V საუკუნის 70-იან წლებში, ტერმინი "წარმართი" ჯერ არ გვხვდება.აქ უსჯულოების აღმნიშვნელ ცნებად სხვადასხვა სიტყვაა გამოყენებული (დევი, მოგვი და სხვა):
"ხოლო წმიდამან შუშანიკ თქვა: . . . მამამან შენმან წმიდანი შემოიხვნა სახიდ თვისიდ, ხოლო შენ დევნი შემოიხვენ."

"იყო ვინმე დედაკაცი ერთი სპარსი მოგვი, რომელსა განბორებისა სალმობაი აქვნდა. და მოვიდა იგი წმიდისა შუშანიკისა. ხოლო იგი ასწავებდა მას, რაითამცა დაუტევა მოგობაი იგი და იქმნა იგი ქრისტიანე.". . .

"და უთხრეს ნეტარსა შუშანიკს, ვითარმედ:
- შვილნი იგი შენნი მიაქცინა მოგობასა."

ის ფაქტი, რომ "შუშანიკის წამებაში" ტერმინი "წარმართი" არსად არ არის გამოყენებული შესაძლოა მხოლოდ და მხოლოდ შემთხვევითი მოვლენა იყოს, თუმცა არც იმის გამორიცხვა შეიძლება, რომ ქართულ სალიტერატურო ტრადიციაში სიტყვა "წარმართი", როგორც სხვადასხვა უსჯულოებათა აღმნიშვნელი კრებითი ტერმინი, დამკვიდრებას მხოლოდ VI საუკუნიდან იწყებდეს. ყოველ შემთხვევაში ეს შემდგომი კვლევის საგანს წარმოადგენს.

რაც შეეხება ტერმინ "წარმართებას", ის ყველა წყაროში თავისი პირდაპირი ლექსიკური მნიშვნელობითაა გამოყენებული. ამის დასტურია თუნდაც წმინდა ნინოს ტროპარი:
"სიტყვისა ღვთისა მსახურთა თანამოსაგრეო და ანდრიას ქადაგებისა წარმართებაო, ქართველთა განმანათლებელო და სულისა წმიდისა ქნარო ნინო, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის.
ამინ."

ან ზიარიბის წინ სათქმელი ტროპარი:
"წყარო სახიერებისა არს ზიარება, ქრისტე, უკვდავთა შენთა საიდუმლოთა, აწ უკვე მექმენინ მე წყარო სახიერებისა, ნათელ უვნებელობისა, და სათნოებისა მიმართ უწმიდესობა, და წარმართებისა და აღმატებისა მონიჭება, მხოლოო სახიერო რათა გადიდებდე." ალბათ დამერწმუნებით, რომ ამ ფრაზებში სიტყვა "წარმართება" არნაირად არ შეიძლება იქნეს გაგებული, როგორც არასწორი გზით სიარული.

ანალოგიური მნიშვნელობითვეა ნახმარი ეს ტერმინი უცნობი ავტორის ნაწარმოებში "ლუკა იერუსალიმელის წამება.": " -და ვითარ იხილა ეშმაკმან, მოშურნემან ჩვენისა ცხორებისამან, კეთილად წარმართებულება მისი, იწვებოდა შურითა . . ."

როგორც უკვე ვთქვით, არსებითი სახელი წარმართი ნაწარმოებია ზმნისაგან - წარმართება. გამოდის, რომ ტერმინ "წარმართს" უშჯულოების მოქმედის მნიშვნელობა შეუძენია გარკვეულ გარემოებათა გამო და ჩამოყალიბებულა, როგორც არამართლმადიდებლურ რელიგიათა კრებითი სახელი. რა გარემოება შეიძლება ყოფილიყო ეს?.

უპირველეს ყოვლისა მართებული იქნება ვივარაუდოთ, რომ სიტყვა "წარმართი" ისევე, როგორც "წარმართება", თავისი თავდაპირველი მნიშვნელობით, არა რომელიმე ანტაგონისტური რელიგიის წარმომადგენლის აღმნიშვნელი, არამედ ამ ტერმინის დამკვიდრების პერიოდისათვის გაბატონებული ღვთისმსახურებისადმი კუთვნილების გამომხატველი ცნება იქნებოდა. ანუ "წარმართი" ეწოდებოდა იმ დროისათვის გაბატონებული რელიგიის წარმომადგენელს. დროთა განმავლობაში ეს სიტყვა შესაძლებელია გადაქცეულიყო აღნიშნული რელიგიური მიმდინარეობის საკუთარ სახელად. (მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ დასავლეთ ევროპის პაპისტური ეკლესია, რომელსაც დღეს "კათოლიკური" ეკლესიის სახელით მოვიხსენიებთ.). თავდაპირველი რელიგიური მიმდინარეობის სხვა რელიგიით ჩანაცვლების შემთხვევაში, რასაც ადგილი ექნებოდა სხვადასხვა პოლიტიკურ გარემოებათა, ან ერის ერთი ნაწილის სულიერი მდგომარეობის ცვლილებათა გამო, ახალი სახელმწიფო რელიგია აუცილებლად დაუპირისპირდებოდა თავის წინამორბედს იდეოლოგიურ ბრძოლაში. ეს გამოიწვევდა სახელმწიფოს მხრიდან თავდაპირველი რელიგიის მიმდევართა მიმართ განხორციელებულ დევნას და ამით მოხდებოდა მოსახლეობის ერთი ნაწილისა და მმართველი ფენის დაპირისპირება რელიგიურ ნიადაგზე. სწორედ ეს შეიძლება გამხდარიყო საფუძველი პირველადი აღმსარებლობის, ანუ "წარმართობის" მიმდევარის - "წარმართის" მიჩნევა უსჯულოების მოქმედად და "წარმართად" დღევანდელი გაგებით.

მსგავსი პოლიტიკური სიტუაცია საქართველოში არაერთხელ შექმნილა. იმისათვის, რომ შევძლოთ ჩვენთვის საინტერესო პერიოდის განსაზღვრა, ჯერ უნდა შევეცადოთ იმის გარკვევას, თუ რომელი რელიგიური მიმდინარეობა მოიაზრებოდა "წარმართობის" ქვეშ.

XI საუკუნის ისტორიკოსი, მწიგნობარი და საეკლესიო მოღვაწე, ლეონტი მროველი "მეფეთა ცხოვრებაში" ასე აგვიწერს ქართველთა წინაპართა, "მამათა ჩვენთა" განდგომას უფლის მსახურებისაგან:
"და მას ჟამსა დაივიწყეს ღმერთი, დამბადებელი მათი და იქმნეს მსახურ მზისა და მთოვარისა და ვარსკვლავთა ხუთთა. და მტკიცე და უფროსი საფიცარი მათი იყო საფლავი ქართლოსისი."

აქ ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რომ ლაპარაკია ღმერთის დავიწყებაზე. როგორც ჩანს ლეონტი მროველი სარგებლობდა ჩვენს დრომდე არ მოღწეული საისტორიო წყაროთი, რომლის თანახმადაც ქართველთა უძველეს, შეიძლება ითქვას საწყის სარწმუნოებად ტრადიციულად მოიხსენიებოდა დამბადებლის თაყვანისცემა, მონოთეისტური რელიგია, ჭეშმარიტი ღვთისმსახურების ფორმით, რომლის აღმსარებელიც იწოდებოდა "წარმართად".

თავისთავად ჩნდება კითხვა - არის თუ არა ქართულ წერილობით წყაროებში დაცული რაიმე ცნობა, რომელიც "წარმართობის", როგორც რელიგიური მიმდინარეობის რაობის გარკვევაში დაგვეხმარება?.

XII საუკუნის უცნობი ავტორის თხზულება " ცხორებაი და მოქალაქეობაი ღირსისა და მოციქულთა სწორისა ნეტარისა ნინოისი" არის მოთხრობა ქართველთა განმანათლებლის წმ. ნინოს მოღვაწეობისა, რომელიც, როგორც ვარაუდობენ VII საუკუნეშივე აღუწერიათ უფრო ძველი წყაროების საფუძველზე. ამ ნაწარმოებში ექსცერპტის სახით ჩართულია სავარაუდოდ IV საუკუნის თხზულების ერთი მონაკვეთი, რომელშიც მოთხრობილია ჩვ.წა. I საუკუნის ამბავი უფლის კვართის საქართველოში ჩამოსვენებისა. ჩვენთვის საინტერესო მონაკვეთი იწყება ელიოზ მღვდელის იერუსალიმში მოგზაურობით. ელიოზი არის მცხეთის ებრაელთა სათვისტომოს წარმომადგენელი, რჯულის მეცნიერთა შორის ყველაზე ღირსეული, რომელსაც წილად ხვდა იერუსალიმში იესო ქრისტეს სასამართლოში მონაწილეობის მიღება:

"მაშინ სულის მეცნიერთა მათ გამოირჩიეს ელიოზ მღვდელი, კაცი ბრძენი და მეცნიერი, და წარგზავნეს იერუსალემს." (მცხეთიდან იერუსალემს). წასვლის წინ ელიოზს დედა აფრთხილებს, რომ არ მიიღოს მონაწილეობა მაცხოვრის გასამართლებაში, რადგან თვლის, რომ იესო ქრისტე არის მესია, მოვლენილი მათი სულების სახსნელად. თავისი თემის წარმომადგენლებს, ანუ ძველი აღთქმის რჯულის აღმსარებელ მცხეთელ ებრაელებს კი "წარმართებად" მოიხსენიებს.

" . . . ნუმცა შერთულ ხარ მათ თანა, რამეთუ იგი არს მოსწავებული წინასწარმეტყველთაი და იგი არს წარმართთა ცხორებაი საუკუნოი."

ამის შემდეგ ელიოზი მიდის იერუსალემს.

" . . . და მივიდეს იგინი ხილვად იესუსსა, ვითარცა - იგი წერილ არს სახარებასა შინა, ვითარმედ: "იყვნეს ვინმე წარმართთაგანნიცა , რომელ აღმოსრულ იყვნეს იერუსალემად დღესასწაულსა მას. ესენი მოვიდეს ფილიპესსა, რომელ იყო ბედსაიდაით გალილიისაით, და ეტყოდეს მას:

- უფალო, გვნებავს იესუისი ხილვაი.

მოვიდა ფილიპე და ჰრქვა ანდრიას."

ესენი იყვნენ ელიოზ და მისთანანი წარმართთაგან მოსულნი."

როგორც ვხედავთ ამ შემთხვევაში ლიტერატურული წყარო წარმართებს უკვე, არა თუ უსჯულოების მოქმედებად, არამედ ცხონების ღირსადაც კი მოიხსენიებს, ("იგი არს წარმართთა ცხორებაი საუკუნოი".), ხოლო წარმართებად ებრაელთა სამღვდელო ტომის, ანუ ლევიანთა წარმომადგენლებს ასახელებს: "ხოლო იყვნეს მას ჟამსა მცხეთასაცა შინა სამღდელონი ტომნი ჰურიანი და პასექსა მას წლითი-წლად აღვიდიან იერუსალემს სიტყვისყოფად და დამტკიცებად სჯულსა მოსესსა, რათა არა დაიხსნას იგი."

"სახარებასა შინა" ნახსენები წარმართებიც, როგორც ჩანს, ძველი აღთქმის რჯულის აღმსარებელი ებრაელები არიან. "წარმართობა", როგორც რელიგია კი სწორედ ძველი აღთქმის რჯულის აღმსარებლობას უნდა გულისხმობდეს ძველი ქართული ტრადიციით. აქ ისევ ლეონტი მროველის "მეფეთა ცხოვრებიდან" უნდა გავიხსენოთ ჩვენთვის ნაცნობი ადგილი: "და მას ჟამსა დაივიწყეს ღმერთი, დამბადებელი მათი, და იქმნეს მსახურ მზისა და მთოვარისა და ვარსკვლავთა ხუთთა." ეს ეპოქა ლეონტი მროველის მიხედვით ქართლოსის ძის, მცხეთოსის სიკვდილის შემდგომ მისი ძის, უფლოსის წინააღმდეგ გამართული დაპირისპირების პერიოდიდან იწყება. ქართველი ისტორიოგრაფის მონაცემებით ზუსტად ამ დროს უნდა მომხდარიყო დამბადებელი ღმერთის სადიდებელი მოძღვრების შეცვლა მნათობთა თაყვანისცემით. ძველი აღთქმისეული რჯულის აღმსარებლობას კი ახალი საკულტო რიტუალი ჩაანაცვლებდა. ეს შექმნიდა იმ წინაპირობას, რასაც სწორედ "წარმართის" შინაარსობრივი სტატუსის შეცვლა და მისი ახალი მნიშვნელობის დამკვიდრება უნდა მოჰყოლოდა. საქართველოს ძველი ისტორიის მანძილზე ანალოგიური სიტუაცია რამდენჯერმე შეიქმნა. ეს მაშინ მოხდა, როდესაც ჯერ ცეცხლთაყვანისმცემლობა და შემდეგ კი ქრისტიანობა გამოცხადდა ქართლის სახელმწიფო რელიგიად. როგორც ივ. ჯავახიშვილი ამბობს: " . . . ქრისტიანობაზე უწინ მთელ საქართველოში, მნათობთა თაყვანისცემის შემდგომ, სპარსეთის მეზობლობისა და გავლენის წყალობით, ცეცხლთაყვანისმცემლობა გავრცელდა; . . ." - (ივ. ჯავახიშვილი, ტ. I. გვ. 273). მაგრამ თუ გავიხსენებთ, რომ "წარმართობა" ძველი აღთქმისეული რჯულის აღმსარებლობაა, მაშინ ცხადი გახდება, რომ ჩვენთვის საინტერესო პირობას მხოლოდ ის პერიოდი აკმაყოფილებს, როდესაც დამბადებელი ღმერთის მადიდებელი მონოთეისტური მოძღვრება, მნათობთა თაყვანისცემის პოლითეისტურმა მოძღვრებამ ჩაანაცვლა. თუმცა ძველი აღთქმის რჯულის კულტმსახურებისათვის "წარმართობის" კერძო სახელად ჩამოყალიბებას კიდევ გარკვეული დრო უნდა დასჭირვებოდა.

XVIII საუკუნის შესანიშნავი მეცნიერი, მწერალი და საზოგადო მოღვაწე ვახუშტი ბატონიშვილი თავის დიდებულ თხზულებაში "აღწერა სამეფოისა საქართველოისა" იმ აზრს ატარებს, რომ ჭეშმარიტი ღვთისმსახურების ფორმა სწორედ ქართველთა ისტორიის უძველესი პერიოდის კუთვნილებაა და დამბადებელი ღმერთის რწმენა ქართლოსის შემდგომ თაობებს კიდევ მრავალი წლის განმავლობაში არ დაუკარგავთ. როდესაც საქართველოს ისტორიის ჩვენთვის საინტერესო პერიოდს აღწერს, იგი საუბრობს ქართველთა წინაპრების მაღალ ზნეობაზე და სიამაყით ჩამოთვლის მათ ღირსებებს. "ზნენი აქვნდათ: პირმტკიცობა, მტერთა ზედა ერთობა, თავისუფლებისათვის მხნედ ბრძოლა, მაგრად დგომა მისთვის, ციხე-სიმაგრეთა და ქალაქთა შენება, მაგრება ქვეყანისა, ერთისა ცოლისა ქრმობა . . . ვითარცა ვიხილავთ ქართლოსისა და სხვათაცა. . . .

და მორჩილებდნენ მცხეთელ მამასახლისსა და შეერთბამებულნი თვისთა ქვეყანისათვის მხნედ იბრძოდიან. და იყვნენ მრავალთა წელთა წესთა ამათ ზედა."

ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ვახუშტი ბატონიშვილი ყველა ამ ღირსებას ქართლოსის ზეობის პერიოდსა და მის შემდგომ რამოდენიმე თაობას მიაწერს და მხოლოდ ამის შემდეგ იწყებს ლაპარაკს ქართველთა მიერ უფლის გზიდან გადახვევაზე:

"და შემდგომად დაივიწყეს ღმერთი დამბადებელი თვისი და თაყვანის სცემდნენ მზესა, მთოვარესა, ვარსკვლავთა და ნივთიერთა და პირუტყვთა, და შემოერიათ გარეგანნი წარმართნი: სპარსნი, თურქნი, ასურნი და ბერძენნი და შემდგომად ურიანი, და იტყოდიან ესეოდენითა ენითა. და უმეტეს დაივიწყეს დამბადებელი თვისი და წესნი და ჩვეულებანი თვისნი, და იქმნენ ყოველთა წარმართთა უწარმართესნი და უუსჯულოესნი, რამეთუ არღარა უწყოდნენ ნათესაობანი და შერეულ იყვნენ შეყოფითა, ვიდრე წარწერადცა უცხოთა."

როგორც ვხედავთ ვახუშტი ბატონიშვილი უსჯულოების დამკვიდრებას მიიჩნევს გარედან თავსმოხვეულად, უცხოთა მიერ შემოტანილად. ხოლო ღვთის გზიდან გადახვევას აიგივებს ქართული წესისა და ჩვეულებების დავიწყებასთან: "და უმეტეს დაივიწყეს დამბადებელი თვისი და წესნი და ჩვეულებანი თვისნი . . . “.

სამწუხაროა, რომ ჩვენ არ ვიცით ის წყარო, რომლითაც ხელმძღვანელობდა ვახუშტი. "მეფეთა ცხოვრებისა" და "აღწერა სამეფოისა საქართველოისას" ტექსტის ანალიზი გვიჩვენებს, რომ ვახუშტის თხზულებისა და ლეონტი მროველის ნაწარმოების ის ნაწილი, სადაც ლაპარაკია დამბადებლის დავიწყებაზე, თითქმის ერთმანეთის ანალოგიურია. შესაძლებელია, რომ ვახუშტი სარგებლობდა ლეონტი მროველის ნაწარმოებით, ან არსებობდა რაღაც თხზულება, რომლითაც ხელმძღვანელობდა ორივე ავტორი. მე ეს მეორე ვერსია უფრო დამაჯერებლად მაჩვენება, რადგან ვახუშტის ისეთი ცნობებიც შემოუნახავს, რომელიც ლეონტი მროველს არ მოეპოვება. (მაგ. ცნობა უძველეს დროში ქართლში არსებული მონოგამიური ურთიერთობებისა). ყოველ შემთხვევაში ნათელია, რომ XVIII საუკუნეში, ვახუშტი ბატონიშვილის დროს, არსებულა ტრადიცია, რომლის მიხედვით ქართველთა უძველეს სარწმუნოებად მიიჩნეოდა რწმენა დამბადებელი ღმერთისა, მისი თანმხლები კულტმსახურებისა და ზნე-ჩვეულებების სწორი, ჭეშმარიტი ფორმით.

ზემოთთქმულიდან გამომდინარე თავს უფლებას მივცემ დავასკვნა, რომ საქართველოს ისტორიის უძველეს პერიოდში ღვთისმსახურების საწყის ფორმას წარმოადგენდა ძველი აღთქმის რჯულისეული აღმსარებლობა (მსახურების ძველ აღთქმისეული, ოღონდ ქრონოლოგიურად გაცილებით უფრო ძველი, ღვთისმსახურების ჭეშმარიტი ფორმა), რომელსაც ისტორიის გარკვეულ ეტაპზე "წარმართობა" ეწოდა. ეს ეტაპი ძვ.წ.ა. III – II ათასწლეულების მიჯნაზე შეცვალა მნათობთა თაყვანისცემამ, რომელიც თავის მხრივ ძვ.წ.ა. I ათასწლეულის პირველი ნახევრიდან ჯერ კერპთთაყვანისმცემლობამ, ხოლო ახ.წ.ა. II-III საუკუნიდან ცეცხლთაყვანისმცემლობამ ჩაანაცვლა. თუმცა ეს ჩანაცვლებები არ ატარებდა ტოტალურ ხასიათს. რელიგიური ცვლილებები უფრო ქვეყნის ცენტრალურ, ბარის ადმინისტრაციულ ნაწილს მოიცავდა და პოლიტიკური მიზნებით იქნა განხორციელებული გარეშე ძალების მიერ. საქართველოს ზოგიერთ ნაწილში, განსაკუთრებით კი მის მთიან რეგიონებში

ტრადიციული რწმენისადმი ერთგულება ისევ ძლიერი იყო, რასაც გარკვეული ობიექტური და სუბიექტური მიზეზები განაპირობებდა.

საქართველოს გეოგრაფიული თავისებურებების გათვალისწინებით, ყოველი ახალი მოძღვრება, ისევე როგორც ყოველი სიახლე, ქვეყნის შიგნით გავრცელებას ბარის მოსახლეობიდან იწყებს. ის "თანდათან ვრცელდება და მხოლოდ ნიადაგის მომზადების შემდგომ ახერხებს ხოლმე გაბატონებას." (ივ. ჯავახიშვილი, ტ. I. გვ. 207.). როგორც წესი, მთის მოსახლეობა ასეთ დროს გაცილებით უკეთაა დაცული ფიზიკური და სულიერი კატაკლიზმებისაგან. Aამას უნდა მივაწეროთ ისიც, რომ მთიან რეგიონებში უფრო ძლიერია ტრადიციული ღირებულებებისადმი პატივისცემა და შესაბამისად მეტია ალბათობა ბარის მოსახლეობისადმი რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირებისა.

ყოველივე ამის გათვალისწინებით მკრეხელობად არ ჩაგვეთვლება თუკი ვივარაუდებთ, რომ ძველი აღთქმის რჯულიც და მასთან დაკავშირებული საკულტო მსახურებაც ყველაზე უკეთ საქართველოს ჩაკეტილ, მთიან რეგიონებში უნდა იყოს შემონახული. ამავე დროს მეცნიერებაში დამკვიდრებული შეხედულებით უძველესი დროიდან საქართველოს მთიანეთში გავრცელებული საკულტო მსახურების ფორმაც ასევე "წარმართობის" სახელითაა ცნობილი.  ლოგიკურია ჩნდება კითხვა: არის თუ არა შესაძლებელი, რომ დღეს აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში, ფშავში, ხევსურეთში, ხევში, მთიულეთში და თუშეთში შემორჩენილი ღვთისმსახურების არქაული ფორმა რაიმე სახის მსგავსებას ამჟღავნებდეს ძველი აღთქმის დროინდელ კულტმსახურების ფორმასთან?

თუმცა ამაზე უკვე ქართული მთის რჯულისა და მისი ბიბლიური პარალელების განხილვის დროს ვისაუბრებთ.

გამოყენებული ლიტერატურა:

1. ლეონტი მროველი "მეფეთა ცხოვრება." XI ს.
2. იაკობ ხუცესი "წამებაი წმიდისა შუშანიკისი დედოფლისაი." V ს.
3. სულხან-საბა ორბელიანი "ლექსიკონი ქართული." XVIII ს.
4. ვახუშტი ბატონიშვილი "აღწერა სამეფოისა საქართველოისა." XVIII ს.
5. ივანე ჯავახიშვილი "საქართველოს ისტორია." - ტ. I. 1976 წ.
6. უცნობი ავტორი "მარტვილობაი და მოთმინებაი წმიდისა ევსტათი მცხეთელისაი." VI ს.
7. უცნობი ავტორი "ცხორებაი და მოქალაქეობაი ღირსისა და მოციქულთ სწორისა ნინოისი." XII ს.

 

1.08.2010

 

 

ვებ დიზაინი: ე.ელიზბარაშვილი, მ. ელიზბარაშვილი – elizbarashvili@gtu.ge

ვიზიტები

wordpress visitor counter
      სტატისტიკა