პუბლიცისტური წერილები

<<< უკან დაბრუნება

სალომე გიგაური

გიორგი გოგოლაურის მიერ თბილისში ჩამოტანილი ფშავის სურნელი

თუ საქართველოს რომელიმე კუთხეს შეუძლია იამაყოს ღირსეული ქართველების აღზრდით, მათ შორის ფშავი ერთ-ერთი მოწინავე იქნება. არ მეგულება ადამიანი, რომელსაც ჰქონია ბედნიერება ეთქვა რომ წარმომავლობით იყო ფშავიდან და ამით არ ეამაყა.

დღესდღეობით, მთას ყოველწლიურად აკლდება ოჯახთა რაოდენობა და იმატებს ფშაველთა რიცხვი ბარად. არ ვიცი რამდენად მარტივად გასაგები იქნება ჩემი სიტყვები ჩვეულებრივი მკითხველისთვის, მაგრამ არის რაღაც იქ, კავკასიონის ქედებს ქვემოთ რაც არასდროს გტოვებს - სადაც და რამდენი ხნითაც არ უნდა წახვიდე..

 

დღეს მინდა საქართველოში ერთი უკვე პოპულარული ბიჭის შესახებ გიამბოთ, რომელსაც საკუთარი წარმომავლობა ძალიან ეამაყება. თანაც, ივლისის თვეში ფშავში გოგოლაურთობას აღნიშნავენ და მინდოდა ეს დღესასწაული იმ ადამიანის თვალით დამენახა, რომლის წინაპარიც დიდი ხნის წინ დაშორდა მთებს. ფშავის სიყვარული კი მის შთამომავლობას დღემდე მიჰყვება. გოგოლაურთობის შესახებ დღეს გიორგი გოგოლაური მოგვიყვება.

-გამარჯობა გიორგი, თუ შეგიძლია რამდენიმე სიტყვით მოგვიყვე შენი წარმომავლობის შესახებ.

-მოგესალმებით. ჩემი გვარი გოგოლაურთიდან მოდის. ჩამოსახლებამდე უკანა ფშავის სოფელი მუქო უნდა ყოფილიყო ჩემი წინაპრების საცხოვრებელი. მაგრამ მოსახლეობის შიდა მიგრაციის გამო მუქოს ნაცვლად საბუდარებში დავიდეთ ბინა.

- რამდენადაც ვიცი, შენ თბილისში ცხოვრობ და საკუთარი მუსიკალური კარიერით ძალიან ხარ დაკავებული და სავარაუდოდ მთისთვის ვერ იცლი. ვიცი რომ პოპულარობითაც სარგებლობ ერში. მინდა მითხრა რას ნიშნავს შენთვის ის რომ ფშაველი ხარ.

- ყოველთვის ძალიან ვამაყობდი, ახლაც ძალიან ვამაყობ და მუდამ ვიმაყებ ჩემი წარმომავლობით. მართალი ხართ, თბილისში ვცხოვრობ და გადატვირთული რეჟიმის გამო ნაკლებად ვახერხებ ფშავის მონახულებას. თუმცა, ვცდილობ რაც შეიძლება მეტად ახლოს ვიყო ფშავთან, მეტად დავიცვა წინაპართა მიერ გადმოცემული ადათ-წესები, მაქსიმალურად მივსდიო ფშავურ ტრადიციებს და ვისურვებდი რომ კიდევ უკეთ ვახერხებდე. თითქმის ყოველ ძველით ახალ წელს ფშავში ვხვდები, სადაც ძალიან ლამაზი ტრადიცია აქვთ ღამის 12 საათზე სალოცავში სანთლების დანთების.

- მიხარია რომ არ ივიწყებ საკუთარ წარმომავლობას და დარწმუნებული ვარ ყველა ფშაველს ეამაყები. ივლისში ფშავში გოგოლაურთობას აღნიშნავენ და არც გამიკვირდება თუ მეტყვი რომ ეს დღესასწაული ყველაზე მეტად გიყვარს.

- მართალი ხართ, გოგოლაურთობა ჩემთვის განსაკუთრებულად საყვარელი დღესასწაულია. მთელი ღამის მანძილზე დაუღალავად მხიარულობს ყველა. ძირითადად, ღამეს კარვებში ვათენებთ. ერთი სახალისო ჩვეულებაც არის ამ დღესასწაულზე. დაღამებისას ერთმანეთს ფეხსაცმელს უმალავენ, დილით კი სასმელში უცვლიან. ამ დღეს განსაკუთრებულ სიამაყეს ვგრძნობ საკუთარი გვარის გამო. იქ ენით აღუწერელი სითბო და სიყვარული ტრიალებს. ასე რომ გასაკვირიც არ არის რომ გოგოლაურთობა ჩემი საყვარელი ფშავური დღესასწაულია.

- ბოლოს მინდა შენი სიმღერის „ფშავის ხეობის“ შესახებ მიამბო. პირადად ჩემთვის, ეგ სიმღერა შენი საუკეთესო ნამუშევარია და არ მეგულება ადამიანი, რომელსაც რაღაც აკავშირებდეს მთასთან და ეს სიმღერა გულს არ უჩქარებდეს.

- გმადლობთ. „ფშავის ხეობა“ (იხ. ბმული)  ძველით ახალ წელს ფშავში ყოფნისას შევქმენით. ახალი წლის ღამის შემდეგ გათენდა თუ არა ხევისბერს გამოვართვი კალამი და წავედი მთაზე და ლექსიც დაიწერა. მუსიკა კი ჩემს მეგობარს ლადო დონღვანს ეკუთვნის, რომელიც ჩემთან ერთად იყო და ჩემგან დამოუკიდებლად წერდა უკვე მელოდიას. ჩემი ტექსტით და ლადოს მუსიკით ასე შერწყმულად გამოგვივიდა ახალი სიმღერის შექმნა.

- დიდი მადლობა გიორგი. გილოცავ გოგოლაურთობას და წარმატებებს გისურვებ.

- გმადლობთ. თქვენც გილოცავთ და წარმატებებს გისურვებთ.

 

 

13-07-2015

 

 

ვებ დიზაინი: ე.ელიზბარაშვილი, მ. ელიზბარაშვილი – elizbarashvili@gtu.ge

ვიზიტები

wordpress visitor counter
      სტატისტიკა