პუბლიცისტური წერილები

<<< უკან დაბრუნება

ვანო ბერიძიაშვილი

სიყალბე მეცნიერების მანტიაში

ავტორისაგან

წინამდებარე სტატიები 1981 წელს უნდა დაბეჭდილიყო ჟურნალ "ცისკარში", მაგრამ მოულოდნელად, მოწონებული და დასაბეჭდად გამზადებული, უცებ ამოიღეს ჟურნალიდან. რედაქტორმა ბოდიში მოიხადა, რომ მისგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო იძულებული გახდა ასე მოქცეულიყო, რადგან მითითება "ცეკადან" მოდიოდა, სადაც ანგარიში გაუწიეს დავით გოგოჭურის თხოვნას, რომ სტატია არ გამოქვეყნებულიყო.

ამგვარად, წერილი არსად არ დასტამბულა. სიმართლე ითქვას, მაშინ ვფიქრობდი, რომ წიგნის ავტორის ტენდენციური კვლევა ამ საკითხზე გამონაკლისი იქნებოდა, მაგრამ პირიქით კი მოხდა, დავით გოგოჭურის პასუხგაუცემელმა სიყალბემ იბარტყა: ზოგიერთმა ხევსურმა ავტორმა შემდეგში დროშასავით აიტაცა მისი "მეცნიერული აღმოჩენები", უკრიტიკოდ გაიზიარა, ფაქტებზე ძალდატანებით საკუთარი ვერსიებიც შეთხზა და სასურველი სინამდვილედ გაასაღა. არა და საქმე ძალიან საპასუხისმგებლოა, რადგან ის ვაჟა-ფშაველას წარმომავლობას, მისი ნაწარმოებების სიუჟეტებს და პერსონაჟების პროტოტიპებს ეხება.

დროა, ამ განუკითხაობას წერტილი დაესვას, -სიცრუე და ყალბისმქნელობა, - სიმართლემ შეცვალოს, რომ ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას. იმედია, ეს დღე არც ისე შორსაა. ეს საზოგადოებისათვის არის აუცილებელი, თორემ ავტორებისთვის სიმართლის შეხსენება ალბათ მგლისთავზე სახარების კითხვა იქნება. ამჯერად კი ამ საკითხთან დაკავშირეულ ორ წერილს, უცვლელად, იმ სახით გთავაზობთ, როგორც ის 1981 წელს უნდა გამოქვეყნებულიყო.

რაც შეეხება ამის შემდგომ გამოქვეყნებულ მასალებს, სადაც ეს საკითხები სხვადასხვა ინტერპრეტაციით სხვადასხვა ავტორებთან კვლავ ფიგურირებს., მათ მოკლე ხანში მიეცემა ობიექტური შეფასება.

ვანო ბერიძიაშვილი

2010წ ივლისი

* * *

გამომცემლობა "განათლებამ" 1977 წელს დასტამბა დავით გოგოჭურის წიგნი "ხევსურული საგმირო პოეზია და გმირები", ავტორს კეთილი საქმე განუზრახავს - მეცნიერულად შეესწავლა და დაესაბუთებინა ხევსურ სახალხო გმირთა ცხოვრება და ვინაობა, რაც ნაწილობრივ განუხორციელებია კიდეც, თავისთავად ცხადია, რომ ეს საქმე საჭირო და მისასალმებელია, ვინაიდან ქართულ ხალხურ ზეპირსიტყვიერებაში გაბნეული შესაბამისი მასალა ჯერ კიდევ მთლიანად შესწავლილი არ არის და მეცნიერულ გარჩევას, დალაგებას და დაკონკრეტებას მოითხოვს. მაგრამ ამ დარგის მკვლევარს დიდი ერუდიცია, მასალის ღრმა ცოდნა, უტყუარი მეცნიერული ალღო და ობიექტურობა უნდა ახასიათებდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კვლევა-ძიების დროს შეიძლება მიუტევებელი შეცდომები მოუვიდეს, რადგან სახალხო გმირებს და მათ შესახებ არსებულ ფოლკლორულ მასალას ხშირად რამდენიმე კუთხე იჩემებს. სწორედ აქ მართებს მკვლევარს მეცნიერული ობიექტურობა და კეთილსინდისიერება, რათა ყველას და ყველაფერს თავისი კუთვნილი ადგილი მიუჩინოს.

სამწუხაროდ, სარეცენზიო წიგნი ასეთი შეცდომებისაგან დაზღვეული არ არის, და რაც ყველაზე უფრო დამაფიქრებელია, ბევრი შეცდომა არა უცოდინარობის, არამედ ტენდენციურობის შედეგია. თავისთავად ეს განცხადება ბრალდებაა ავტორის მიმართ, რომელსაც დასაბუთება სჭირდება. ვეცდები ფაქტებზე დაყრდნობით დავამტკიცო ეს.

ჯერ წიგნის შესავლის შესახებ:

  1.  დ. გოგოჭური ზოგადად მიმოიხლავს არჩეულ თემას - მთიელთა საგმირო საქმეებს და მსჯელობს იბერიის მთიელების მიერ საქართველოს ბარის მოსახლეობისათვის ომებში გაწეული დახმარებისა და მონაწილეობის გამო: "იბერიის მთიელებს (და მათ შორის ალბათ ხევსურებსაც) იმთავითვე საგმირო საქმეებსა და ომებზე მოუწევდათ გული". (გვ. 9) იგი აქ ივ. ჯავახიშვილს იმოწმებს, სადაც ის იბერიის მთიელებს ახასიათებს როგორც დამხმარე სამხედრო ძალას იბერიისათვის გაჭივების ჟამს. პატივცემულ მეცნიერს უნდა შევახსენო, რომ ივ. ჯავახიშვილის ეს მსჯელობა ეხება ადრეულ საუკუნეებს (სტრაბონის მიერ აღწერილ ეპოქას), იმ დროს ომებში კი ხევსურები მონაწილეობას ვერ მიიღებდნენ იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ მაშინ ხევსურეთი, როგორც ცალკე ეთნიკური ერთეული, ჯერ კიდევ არ არსებობდა, იგი გვიან საუკუნეებში ჩამოყალიბდა. თვით ხევსურული გადმოცემების მიხედვით ხევსურების წინაპარი XV-XVI საუკუნეების მიჯნაზე მოსულა ბარიდან.
  2.  
  3. ავტორი მსჯელობს ქადაგის შესახებ და იმოწმებს ვახუშტი ბატონიშვილს: "გარნა აქუსთ სასოება ქადაგსა ზედა, - წერს ხევსურების შესახებ ვახუშტი. (გვ. 21) საქმე ის არის, რომ ვახუშტი ამას ხევსურებზე კი არ წერს, როგორც დ. გოგოჭური ასკვნის, არამედ ფშავლებზე. თუ რისთვის დასჭირდა მეცნიერს ისტორიული დოკუმენტის გაყალბება, გაუგებარია!

წიგნის შესავალში დაშვებულ ამ ორიოდე შეცდომისა და უზუსტობის გამო იქნება არც ღირდა ყურადღების გამახვილება, მაგრამ სასურველი იყო მკითხველს თავიდანვე გარკვეული წარმოდგენა ჰქონოდა სარეცენზიო წიგნის ავტორის მეცნიერულ და საკვლევი მასალის გაშუქების მისეულ ხელწერაზე.

დ. გოგოჭურს წიგნში სულ 10 ხევსური სახალხო გმირის ცხოვრება და ვინაობა აქვს განხილული. აქ სადავოა სახალხო გმირების-ძმების - სულა- კურდღელას და ხოშურაულის ხევსურ სახალხო გმრთა სიაში მოხვედრა. ვინ, ან სადაურები იყვნენ ძმები სულა და კურდღელა? ამ საკითხის გარკვევას ეძღვნება წიგნის 31 გვერდი (39-70). გოგოჭური ამ გმირებზე არსებულ ზეპირსიტყვიერ მასალას თავისებურ კომენტარს უკეთებს და მათ ხევსურ სახალხო გმირებად მიიჩნევს.

რამდენად სწორია მისი "მეცნიერული" აღმოჩენა?

როგორია ამ ძმების შესახებ არსებული მასალის საფუძველზე შემუშავებული თვალსაზრისი?

სულ პირველად მათ ვაჟა-ფშაველა და თედო რაზიკაშვილი შეეხნენ. მათ ცნობებში, არსად, არც ერთი სიტყვით არაა მინიშნებულიც კი, რომ ისინი სხვა კუთხისანი, არა ფშავლები იყვნენ. ყველა ფოლკლორული მასალის მიხედვით ისინი ფშავლები არიან!  დ. გოგოჭური საპირისპიროს ამტკიცებს. ისღა დაგვრჩენია, გავარკვიოთ ამ მტკიცებათა სისწორე. მაგრამ ავტორის ყველა შეცდომას და ყალბ ცნობას აქ ვერ შევეხები, რადგან ამისათვის მთელი თავის გადმოწერა, სათანადო გაანალიზება და განმარტება გახდებოდა აუცილებელი, რაც საჟურნალო წერილის საზღვრებში ვერ მოთავსდება.

დ. გოგოჭური ვერ უარყოფს, რომ სულა და კურდღელა ჩარგლის მკვიდრნი იყვნენ და იქვე დახოცეს. (ხოლო ჩარგალი, ვაჟას სამშობლო სოფელი, რომ ფშავში მდებარეობს და მის მოსახლეობას ფშავლები შეადგენენ, საქართველოში, ვგონებ, ბავშვმაც კი იცის). ვერ უარყოფს იმიტომ, რომ ეს შეუძლებელია, რადგან სულა-კურდღელაზე არსებული ყველა მასალა მათ სამშობლოდ ჩარგალს მიიჩნევს და ამასთან, არსებობს ციხის ნაშალიც, რომელიც ამ ძმებს ეკუთვნოდათ.

"ცნობილი ფაქტია, - წერს დ. გოგოჭური, რომ - ძველად ჩარგალი ფშაურ თემთა სათვალავში არ ითვლებოდა... ჩარგალი ერთიანი თემი (ერთი გვარის თემი, მაგ., როგორც ცაბაური, გოგოლაური და სხვ.) არასოდეს ყოფილა, რადგანაც იგი სხვადასხვა თემებიდან მოსულმა გვარებმა შექმნეს. მათ შორის თვით რაზიკაშვილების გვარიც, როგორც ვაჟა-ფშაველა და მისი მამა, პავლე რაზიკაშვილი გადმოგვცემენ, ჩარგალში სხვაგნიდან მოსულა" (გვ. 43)

დ. გოგოჭური მართალია, როცა წერს "ჩარგალი ცალკე თემი არ ყოფილაო". თუმცა რატომ უნდა ყოფილიყო ცალკე თემი, როცა მისი მოსახლეობა გოგოჭურების (ცაბაურების) თემს ეკუთვნოდა ყოველთვის? დ. გოგოჭურის მტკიცება, თითქოს ჩარგლის მოსახლეობა სხვადასხვა თემებიდან მოსულმა გვარებმა შექმნეს, დაუსაბუთებელია. გაურკვეველია ეს მტკიცება რა ფაქტობრივ მასალას ემყარება. დაინტერესებულ პირს შეუძლია დღესაც შეეკითხოს ნებისმიერ ჩარგლელს, თუ რომელ თემს ეკუთვნის აქაური მოსახლეობა, პასუხი მხოლოდ ერთი იქნება: ისინი გოგოჭურების, ანუ ცაბაურების თემს ეკუთვნიან. აქ ერთი პატარა ისტორიული ექსკურსი უნდა გავაკეთოთ, რომელიც სათანადო სამეცნიერო ლიტერატუაში ცნობილია, მაგრამ ფართო მკითხველისათვის მისი ცოდნა მაინც აუცილებელია, რათა შემდეგი მსჯელობა გარკვეული და ნათელი იყოს.

საქმე ეხება ფშავის თემებს. როგორც ცნობილია, ფშავლები პირდაპირი შთამომავლები არიან საქართველოს ისტორიაში კარგად ცნობილი ფხოველებისა. ფხოვი საქართველოს უძველეს კუთხეთაგანია. ჩვენს წელთა აღრიცხვამდე XIV საუკუნის მეორე ნახევრის ხეთურ დოკუმენტებში მოხსენებულია საქართვლოს ჩრდილო მთიანეთში არსებული ქვეყანა ფახუვა, რომელიც მთიელ ტომებს აერთიანებდა. მეცნიერები ვარაუდობენ რომ ფახუვა იგივე ფხოვი იყო, ე.ი. დღევანდელი ფშავი.

ჩვენს ეპოქამდე ფშავში თემურ-გვაროვნული წყობილება იყო, რადგან ფეოდალიზმმა აქ ფეხი ვერ მოიკიდა. საუკუნეთა განმავლობაში ჩამოყალიბდა ძირითადი გვარები, რომლებიც დამოუკიდებელ თემებად იქცნენ. ფშავში თორმეტი თემი იყო, რომელთა სახელწოდებაც ითვლებოდა თემის ყველა წევრის ძირითად დედა გვარებად, მაგ.: ქისტაური, გოგოლაური, გოგოჭური (ცაბაური), გაბიდაური და სხვ. ძირითადი გვარებიდან წარმოიშვა უამრავი მამიშვილობის გვარი, ხოლო ძველი საერთო გვარი კი მოსახლეობის ძალზე მცირე ნაწილმაღა შეინარჩუნა.

ყოველ თემს, გარდა საერთო საფშავლო სალოცავებისა (ლაშარის-ჯვარი, თამარის და კვირიას ხატი), თავისი საკუთარი სათემო სალოცავი ჰქონდა, მაგ.: ქისტაურების სათემო სალოცავი იყო იახსარი, გოგოლაურებისა - გოგოლაურთის წმინდა გიორგი, გაბიდაურებისა - ხოშარის სახუთმეტო ძელის ანგელოზი, უძილაურებისა - კოპალა, გოგოჭურებისა (ცაბაურების) - ცაბაურთის მთავარანგელოზი და ა.შ.

თემის წევრები ერთმანეთის ბიძაშვილებად ითვლებოდნენ, რადგან წარმოშობით ისინი ერთი გვარის წარმომადგენლები იყვნენ, თუმცა კი შემდეგ და შემდეგ ძველ საერთო გვარს მათი მცირე ნაწილიღა ატარებდა. თემის წევრთა შორის ქორწინება, როგორც ერთი გვარის ხალხისა, დაუშვებელი იყო. სისხლით ნათესაობას რელიგიური რწმენაც ემატებოდა რადგან მისი ყველა წევრი ერთი ხატის ყმად ითვლებოა და მათი შეუღლება რელიგიის მიხედვითაც შეუძლებელი იყო.

ამჟამად ჩვენთვის საინტერესოა გოგოჭურების თემის და, მაშასადამე, მათი დედაგვარის საკითხი.

გოგოჭურთა თემი იყო ერთი თორმეტთაგანი ფშავისა, ძლიერი და ხალხმრავალი. "გოგოჭურების თემის ძირითადი ადგილსამყოფელი სოფ. ცაბაურთა იყო. აქედან წასული გოგოჭურები ბევრგან ცხოვრობენ - ფშავისხევის სოფლებს გარდა, ფშავის არაგვისა, მთიულეთის არაგვისა და ივრის ხეობებში" (ვ. ბარდაველიძე) აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ისე, როგორც ფშავის სხვა თემების მოსახლეობა, გოგოჭურების თემის წევრებიც ძირითადად ახალ გვარებს ატარებენ და ამჟამად ერთმენეთის ოდინდელ ნათესაობას-ბიძაშვილობას იშვიათად იხსენებენ. ამის მიზეზი რამდენიმეა:

  • თემის წევრები დიდი ხანია (ალბათ რამდენიმე საუკუნე მაინც) რაც ძირითად დედაგვარს გამოეყვნენ და სხვადასხვა გვარებს ატარებენ.
  • ტერიტორიულად შორი-შორს ცხოვრობენ და ხშირად არც იცნობენ ერთმანეთს.
  • დაკარგეს რელიგიური რწმენა რაც წარსულში მტკიცედ აკავშირებდა ერთმანეთთან. თემის წევრები ცხოვრობენ ფშავის სხვადასხვა სოფელში. "საგოგოჭუროს თემის წევრები, რომლებსაც თავიანთ წინაპრების თავდაპირველ ადგილსაცხოვრისად და სათემო ხატის სასუფეველად ცაბაურთა მიაჩნდათ, კომპაქტურად მოსახლეობენ ბეტისჩდილში, ქუთხში, აფშოში, ჩარგალსა და მიგრიაულთაში." (ვ. ბარდაველიძე) ე.ი. გოგოჭურების თემის ხალხი ცხოვრობდა და ცხოვრობს ფშავში და იწოდებიან გოგოჭურებად (ცაბაურებად). გადმოცემის მიხედვით გოგოჭურების გვარს სათავე დაუდო გოგოჭა ცაბაურმა.  მის შემდეგ ამ თემის ხალხი ხან გოგოჭურებად იწოდებიან, ხან კი ძველი სახელით - ცაბაურებად. ამ ორ სახელწოდებას შორის არავითარი განსხვავება არ არის. მათში მხოლოდ ერთი თემი იგულისხმება. ამ გვარს ეკუთვნოდნენ ძმები სულა და კურდღელა და ვაჟა-ფსაველას წინაპრები. ფშავში რაიმე გადმოცემა, მითუმეტეს, საბუთი არ არსებობს, რომ ამ თემის ხალხის წინაპარი საიდანმე მოსულიყოს ფშავში. ასე რომ, უეჭველ ფაქტად უნდა ჩაითვალოს ამ გვარის ფშაური წარმომავლობა. მკითხველს ვთხოვ, კარგად დაიმახსოვროს ეს განმარტება, რადგან დ. გოგოჭურის წიგნში ამ ჭეშმარიტების გაყალბებასთან გვაქვს საქმე.

უნდა აღინიშნოს, რომ ფშაური სათემო გვარის - გოგოჭურების პარალელურად და, დღეს, სრულიად დამოუკიდებლად, ხევსურეთში არსებობს გვარი გოგოჭური. ამ გვარის ხალხი დღესაც უმეტესად გოგოჭურებად იწერებიან. ისმება კითხვა: აქვთ თუ არა რაიმე კავშირი ფშაველ და ხევსურ გოგოჭურებს, თუ უბრალოდ, ეს გვარი ამ ორ კუთხეში ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად გაჩნდა? დღეს რაიმეს დაბეჯითებით დამტკიცება ალბათ გაჭირდება, მაგრამ ვარაუდი კი, ზეპირსიტყვიერებაზე დაყრდნობით, რა თქმა უნდა შეიძლება. ფშაური გადმოცემით, (სამწუხაროდ ეს მასალები აქამდე არსად გამოქვეყნებულა.) ხევსური გოგოჭურების წინაპრები ფშავიდან გადასახლებულან ხევსურეთში, სოფელ ჭორმეშავში და გახევსურებულან. მართლა ასე იყო თუ არა, ამას ცოტა ქვემოთ კვლავ დავუბრუნდებით, მაგრამ როგორც არ უნდა ყოფილიყო, ფაქტია: ეს გვარი ორივე კუთხეშია გავრცელებული და ამის უგულებელყოფა შეუძლებელია. ახლა კი კონკრეტულად იმ შეცდომებზე, რომლებიც ამ საკითხთან დაკავშირებით გვხვდება სარეცენზიო წიგნში.

დ. გოგოჭური დაჟინებით ამტკიცებს, რომ გოგოჭურებს ჩარგალში ოდითგანვე უცხოვრიათ, მაგრამ როგორც ვნახეთ ეს საკითხი დამტკიცებას არ საჭიროებს. ეს მართლაც ასე იყო. მაშ რატომ კარგავს მეცნიერი დროს ამ საკითხის ხელახლა დასამტკიცებლად? ეს ნათელი ხდება მხოლოდ შემდეგი მსჯელობიდან: მას სურს, რადაც არ უნდა დაუჯდეს, დაამტკიცოს, რომ გოგოჭურები ჩარგალში ხევსურეთიდან მოსულან და აქედან გამომდინარე არა პირდაპირი, მაგრამ უეჭველი დასკვნაც: რადგან სულა-კურდღელა და ვაჟა-ფშაველას წინაპრები გოგოჭურთა გვარს ეკუთვნოდნენ, წარმოშობით ხევსურებია. პატივცემული მეცნიერის მთელი ეს მსჯელობა სურვილს უფრო ჰგავს, ვიდრე მეცნიერულად დასაბუთებულ ფაქტს. ეს მცდარი დასკვნა მას ხალხური ტექსტების მცდარად წაკითხვამ და მასზე აგებულმა სუბიექტურმა ვარაუდებმა გამოატანინეს.

წიგნის ავტორი ვაჟა-ფშაველას ცნობილ გენეალოგიას ხელახლა ამტკიცებს, რომ იგი მამისიმედ გოგოჭურის შთამომავალია. (მამისიმედი ერეკლე მეორის თანამედროვე იყო). Dდა იმოწმებს ისტორიულ დოკუმენტს, რომელიც ერეკლე მეორის მიერ თუშეთში მოწყობილ ხალხურ სასამართლოს ეხება. (აქ მამისიმედი რჯულისკაცთა (მოსამართლეთა) შორისაა დასახელებული). გოგოჭურმა ამ დოკუმენტს იმისათვის მიმართა, რათა მკითხველისთვის შეეხსენებინა, რომ მამისიმედ გოგოჭური ნამდვილად ისტორიული პიროვნება იყო, მაგრამ აქ სხვა საკითხებიც იპყრობს ყურადღებას.

1. წიგნის ავტორი ამ ისტორიულ საბუთს არასწორ კომენტარს უკეთებს: "სამსჯავრო ფშაველ - ხევსურთა გმარჯვებით დამთავრებულა, თუმცა ამ სასამართლომდე მეფე თავის სახლთუხუცესის (ე.ი. გრიგოლ ჩოლოყაშვილის, ვ.ბ.) მხარეს იჭერდა და თავისი განაჩენის წიგნით 224 სული ("თოთხმეტჯერ თექვსმეტი") ხარის გადახდაც კი დაუკისრებია ფშავლებისათვის". (გვ. 47) პატივცემულ მეცნიერს ორი სხვადასხვა ისტორიული დოკუმენტი აურევია ერთმანეთში. (იგულისხმება 1747 და 1750 წლებით დათარიღებული ორი საბუთი). საქმე კი შემდეგნაირადაა: მეფე ერეკლემ 224 სული ხარის გადახდა ფშავლებს კი არ დააკისრა, როგორც დ. გოგოჭურს ჰგონია, არამედ ერთ ფშაველს - ვინმე გოგოლაურს, მეფის მოურავის გრიგოლ ჩოლოყაშვილის მოკვლის მცდელობისთვის. მეფის ეს განაჩენი 1747 წლითაა დათარიღებული და შემდეგ როგორ დამთავრდა საქმე ამის შესახებ დოკუმენტში აღარაფერია ცნობილი, ხოლო ის საბუთი, რომელიც ერეკლეს მიერ მოწყობილ ხალხურ სასამართლოს ეხება და დ. გოგოჭური იმოწმებს, დაწერილია 1750 წელს. სასამართლო შედგა არა ფშავლებისათვის ხარების გადახდის საქმეზე, როგორც დ. გოგოჭური ამტკიცებს, არამედ იმ საჩივრის გამო, რომ ფშაველ-ხევსურნი ერეკლეს მოურავს აბრალებდნენ მათი თვისტომის დემეტრე ასათაშვილის სიკვდილს. სასამართლოზე საქმე გარკვეულა და შერიგების წიგნიც დაუწერიათ. ფშაველ-ხევსურნი აღიარებენ, რომ "...დემეტრე ასათაშვილი თავის დღით მომკდარიყო, მტრის ენით იმის სიკვდილს მოწამლით თქვენ გედავებოდით". ხარების დაკისრებასა თუ გადახდაზე კი აქ სიტყვაც არაა ნათქვამი.

2. საინტერესო დასკვნის საშუალებას იძლევა ამ დოკუმენტის შინაარსის გაცნობა: შერიგების წიგნში სასამართლოს მონაწილე ხევსურების და თუშების გვარ-სახელს მიწერილი აქვს, რომ ეს და ეს კაცი ხევსურია, ან თუში. მაგ.: "ხევსურმა გაიდაურმა", "ხევსური ნათელიძე ამაშვილი", "ლიქოკელი იმედა", "კისტნელი ცისკარა"... "თუში საყურაიძე გორგი, ცისკარა, კახო" და სხვ. ფშავლების დასახელებისას კი განაჩენის შემდგენელს არცერთი მათგანის სადაურობა აღნიშნული არა აქვს. ჩანს საიმდროოდ ეს პიროვნებები იმდენად ცნობილები იყვნენ, რომ მათი სადაურობის აღნიშვნა საჭირო არ იყო. მათი სადაურობა გვარების მიხედვით არის საცნაური. აი ეს გვარები: ,,ამისი დამსწრე და გამრიგე ლაშარის ჯვრის დეკანოზი ჩოხელაშვილი ნადირა, ბედრაული პაპა,(უნდა იყოს ვედრაული. ვ. ბ.) გოგოჭური მამისიმედი, გოგოლაური გამიხარდი, ჯუთუ დავითისაშვილი, როსტევან წითელაური, კურდღელა მათურელი, თორღა ჭიჩოელი, კურდღელა გოდერძაული, ქავთარ თიანელი, მოსე განჯილაშვილი, ქამხაძე აბრამა, ივანეურის-შვილი გახუტელი. ამათ გაგვისამართლებია..." აქ მხოლოდ ქამხაძის ფშავლობა იწვევს ეჭვს, დანარჩენი გვარების წარმომადგენლები დღესაც ფშავლები არიან. ამ საბუთის მიხედვით ყველა მათგანი რჯულისკაცია, (მოსამართლე), თუშები და ხევსურები კი მოწმეები. ამ სასამართლოს "რჯულისკაცთა" (მოსამართლეთა) შორის სხვებთან ერთად მამისიმედ გოგოჭურიცაა დასახელებული. რამ განაპირობა მოსამართლეებად მხოლოდ ფშავლების არჩევა? შერიგების წიგნის შინაარსის მიხედვით მომჩივანები ხევსურები ჩანან, (ჩანს დემეტრე ასათაშვილი მათი ნათესავი იყო) და უნდა ვივარაუდოთ, რომ სასამართლოზე მომჩივანთა თვისტომების მოსამართლეებად დასმა მიზანშეწონილი ვერ იქნებოდა, რადგან ასეთ შემთხვევაში, მიკერძოების საშიშროება შეიქმნებოდა. მაშასადამე, მამისიმედ გოგოჭური ფშაველი რომ არ ყოფილიყო, მას რომ ტომობრივი ან ნათესაური კავშირი ჰქონოდა ხევსურებთან, ამ მოსამართლეთა შორის ვერ მოხვდებოდა, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ დაზარალებული მხარე მოსამართლე ვერ იქნება. ამ მსჯელობის შემდეგ მამისიმედ გოგოჭურის ფშავლობა ვფიქრობ ეჭვს არ უნდა იწვევდეს, მაგრამ დ. გოგოჭური სხვანაირად ფიქრობს. "ჩვენი პირდაპირი მიზანი სოფ. ჩარგალში გოგოჭურების გვარის არსებობის ფაქტის დადგენაა". (გვ. 48) - წერს ის და იმოწმებს მკვლევარ თ. ოჩიაურს, რომელსაც სულასა და კურდრელაზე ახალი მასალები მოუპოვებია სოფ. ჩარგალში 1952-57 წლებში, მაგრამ დ. გოგოჭური უნდობლობას უცხადებს ამ მასალას და მას "მთხრობლის ფანტაზიის ნაყოფად" მიიჩნევს, თანაც მასალის ჩაწერის თარიღს კითხვის ნიშანს უსვამს (გვ. 48), ხოლო თავის მოპოვებულ უფრო ახალ მასალას სრულ ნდობას უცხადებს. იგი განსაკუთრებით სანდოდ პოეტურ ტექსტებს მიიჩნევს, მაგრამ ცნობილია, რომ უტყუარი ყოველთვის არც პოეტური ტექსტებია, რადგან დროთა განმავლობაში ისინი უფრო ხშირად განიცდიან სახეცვლილებას, ვიდრე თქმულებები, პოეტურ ტექსტს ყოველი მთხრობელი ხომ რაღაცას აკლებს ან ამატებს. თუმცა, რა თქმა უნდა, ასეთი ცვლილებებისაგან არც თქმულებებია დაზღვეული. ყოველ შემთხვევაში, ორივე ამ ჟანრის შეჯერება და აქედან გამოტანილი დასკვნა თუ იქნება სიმართლესთან ახლოს, თორემ ერთ-ერთ მათგანზე დაყრდნობა ყოველთვის სასურველ შედეგს ვერ მოგვიტანს...

დ. გოგოჭური ვრცლად მსჯელობს სულასა და კურდღელას შესახებ არსებულ ზეპირსიტყვიერ მასალაზე. მან თავისი არგუმენტაციის საყრდენად ამ გმირების მამის ნატირალის სტრიქონები მიიჩნია: "იქნებ ფშავლებმა დამიხოცეს, ფშავლებმა ღალატიანებმა" - "ფშავლების დაპირისპირება სულასა და კურდღელასთან ხომ არ უნდა ნიშნავდეს იმას, რომ ისინი სხვა რომელიმე კუთხიდან მოსულები იყვნენ?" (გვ. 53) - კითხულობს ის. შემდეგ გვერდზე ეს ვარაუდი მტკიცების ხასიათს ღებულობს. "მოტანილი სტრიქონები და აგრეთვე მთელი რიგი ვარიანტები და ფრაგმენტები ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებენ, რომ სულასა და კურდღელას დაი და მამა თავის თავს გამოჰყოფენ ფშავლებისაგან, ფშავლებს ისინი უპირისპირდებიან როგორც არა ფშავლები. (გვ. 54) ამის დასამტკიცებლად იმოწმებს ნატირალის სხვადასხვა ვარიანტს, სადაც თითქმის ერთი და იგივეა განმეორებული ოდნავი ცვლილებებით.

Uუპირველეს ყოვლისა, უნდა გაირკვეს, რას ნიშნავს ნატირალის სტრიქონები - "იქნებ ფშავლებმა დამიხოცეს, ფშავლებმა ღალატიანებმა". ფშაურ (და არა მარტო ფშაურ) ლექსებში და ხმით ნატირალებში, ხშირად ჭირისუფალი გმობს და წყევლის თავის სოფელს, თემს, კუთხეს იმის გამო, რომ თავისიანის დაღუპვის მიზეზად მათ მიიჩნევს. მას იმ წუთს "სძულს" ის ადგილი, სადაც მისი ახლობელი მოკვდა. ყოველივე ამას ის დამწუხრებული, ცხელ გულზე ამბობს და ამით ერთგვარად კიდევაც უპირისპირდება თავის თემსა და კუთხეს. ჭირისუფლის ეს განწყობილება, რა თქმა უნდა, პირადული, ცოტა ტენდენციური, მაგრამ მაინც გასაგებია. რომ სულასა და კურდღელას მამის ნატირალის ზემოთმოყვანილი სტრიქონები ერთადერთი გამონაკლისი არ არის ხალხურ პოეზიაში და იგი გავრცელებული პოეტური ხერხია, საილუსტრაციოდ ბევრი მაგალითის დასახელება შეიძლება. მოვიყვან ორიოდე ნიმუშს:

ვაჟა-ფშაველას ერთ-ერთ წერილში მოჰყავს ფშაველი ქალის ლექსი. ქალი ტყეში ყაჩაღად გასულ თავის ნაძმობს სწერს:

..."თუ სამართალი ვერ გიყონ
ამასწყდეს ფშავის ხევია,
ძირითამც ამოვარდება
მგონია თორმეტ თემია..."

ქალს მიაჩნია, რომ მის ნაძმობს უსამართლოდ სდევნიან და ამით გამწარებული მთელ კუთხეს სწყევლის. გოგოჭურის კვლევის მეთოდს რომ მივყვეთ, ეს მოლექსე ქალი და მისი ნაძმობი არაფშავლებად უნდა ჩავთვალოთ, რადგან ისინი მთელ ფშავს უპირისპირდებიან. თუმცა რაღა შორს მივდივართ. თვით დ. გოგოჭურს სარეცენზიო წიგნში მოჰყავს სხვა ამბებთან დაკავშირებით ერთი ხევსურული ხალხური ლექსი: (გვ. 182)

"ხევსურებს მამაძაღლებსა
უსომ ერთურცის ნაბანი...
მამუკას გამოსდგომიან,
ბევრმა დალახნა მთა-გზანი...…"

თუ კვლავ დ. გოგოჭურის კვლევის მეთოდს მოვიშველიებთ, ლექსის ავტორი არახევსურად უნდა მივიჩნიოთ, რადგან დაურიდებლად ლანძღავს და ამით უპირისპირდება ხევსურებს. ამავე ლექსში მოხსენებული მამუკაც ხევსურებს უპირისპირდება, როგორ არა ხევსური. ახლა ვიკითხოთ იქნება კი ასეთი მტკიცება სწორი? რა თქმა უნდა, არა! რადგან ლექსის ავტორიც და მამუკაც ორივენი ხევსურები არიან. ისინი იმიტომ კი არ უპირისპირდებიან ხევსურებს, რომ არა ხევსურებია, არამედ ლექსის ავტორის რწმენით, გმირი (მამუკა) მართალია მტრულად განწყობილ თვისტომ ხევსურთა წინაშე და მისთვის (მოლექსისათვის) იმ დროს უფრო მნიშვნელოვანი მამუკას სიმართლეა. დაახლოებით ასეთივე ვითარებაა სულასა და კურდღელაზე ხმით ნატირალ ტექსტებშიც. ისინი ფშავლებს მხოლოდ პირობითად უპირისპირდებიან როგორც არა ფშავლები. დ. გოგოჭურს მოჰყავს მამის ნატირალის სტრიქონები:

"ბარევ გაგწირავ, ჩარგლის გორო, -
მე აქა ვერა ვისარგებლეო"

და დაასკვნის: რომ "მამა-პაპურ სამკვიდროზე ასე არ ამბობენ. ნათლად იგულისხმება, რომ ეს კაცი აქ, ჩარგალში საიდანღაც მოვიდა. დიდი ზარალი განიცადა და ახლა უკანვე უნდა წავიდეს, ჩარგალი უნდა "გაწიროს". (გვ. 56).

ამ შემთხვევაშიც ზემოთ ნახსენებ პოეტურ ხერხთან გვაქვს საქმე და არა რეალურად შესასრულებელ ფაქტთან. ჭირისუფლის მიერ თავის სამკვიდრო ადგილის დაგმობა ხშირად დასტურდება ფშაურ ხმით ნატირალებში:

1 "აჩაქველთ (ადგილია) იჯდა ბოლონაი,
ჩიოდა ხორხის (სოფელია) ოხრობასა, -
-"ხორხო, ძირითამც ამოგაგდო,
ხორხო, სიკვდილის საბუდარო"

2 "ცეცხლიმც მოგიდვა, სათიბთ გორო,
პირშიით ლუკმა გამამართვი..."

პირველ ნატირალში სოფლის წყევლა და გმობა გამოწვეულია იმის გამო, რომ ხორხში შავი ჭირი გაჩენილა და ხალხი დაუხოცია, მეორე ნატირალი ვინმე მოხუც ქალს ეკუთვნის. თოვლის ზვავს მისი თივები წაუღია და მარტოხელა მოხუცს მარჩენალი ძროხები შიმშილით ეხოცება. მარტო დიდი ტრაგედია კი არა, ხშირად უბრალო მიზეზიც იყო საკმარისი სამკვიდრო ადგილის "დასაგმობად" და "გასაწირად!", ამიტომ უჩვეულო აღარ უნდა იყოს, რომ შვილებდაღუპული მამა "სამკვიდრო ადგილის გაწირვას" აპირებს: ვიმეორებ, რომ ეს პოეტური ხერხია დამწუხრებული გულის მოსაოხად ნახმარი. მაშასადამე, დ. გოგოჭურის არც ეს საბუთი გამოდგება სულა-კურდღელას არაფშავლობის დასამტკიცებლად. მაგრამ თუნდაც პირდაპირ გავიგოთ მამის სიტყვები "ჩარგლის გაწირვაზე". მაშინ იგი თუ წავიდოდა, ალბათ, წინაპრების ადგილს სოფელ ცაბაურთას დაუბრუნდებოდა. ვიმეორებ: ჩარგლელები სოფელ ცაბაურთიდან არიან ჩამოსახლებულნი. ამაზე გარკვევით მიუთითებენ ვაჟა-ფშაველას მამა პავლე რაზიკაშვილი, ნიკო ქუმსიაშვილი, ვ. ბარდაველიძე, ს. მაკალათია, ალ. ოჩიაური თავიანთ ნაშრომებში.

ახლა ერთი მნიშვნელოვანი საკითხიც: ,,ეს კაცი (სულა-კურდღელას მამა, ვ.ბ.) აქ, საიდანღაც მოვიდა, დიდი ზარალი განიცადა და ახლა უკანვე უნდა წავიდეს, ჩარგალი უნდა "გაწიროს". წერს დ. გოგოჭური. დავუშვათ რომ ეს ასეა. მაშინ გამოდის, რომ მისი ვარაუდით "ეს კაცი" ხევსურეთიდან მოვიდა ჩარგალში და ახლა უკანვე, - ხევსურეთშივე უნდა დაბრუნდეს. ე.ი. ის ხევსურია. წიგნის ავტორი ხომ სწორედ ამას ამტკიცებს. გავიხსენოთ, რომ სულასა და კურდღელაზე არსებული ხმით ნატირალები ძირითადად მათ მამას ეკუთვნის. მაშასადამე, ხევსურმა მამამ შვილები ხმით დაიტირა?! მკითხველს ვთხოვ ამას განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს, რადგან ხევსურეთში ჩვენს დრომდე ტრადიციულად მშობლები შვილს ხმით არ ტიროდნენ. შვილს დედაც კი არ ტიროდა, მამის ხმით ტირილი ხომ საერთოდ წარმოუდგენელი იყო, ხოლო ხევსურები თავიანთ ადათ-წესებს ყოველთვის მტკიცედ იცავდნენ.

ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში, როდესაც ხევსურების ადათ-წესებს ახასიათებდა, ნ. ხიზანიშვილი წერდა: "როგორც შევნიშნეთ, კაცებმა ტირილი არ იციან და ეს ტირილი დიდად სასირცხვილო საქციელიც არის; გარდა ამისა ჩვეულება სასტიკად უკრძალავს ცოლ-ქმარს შვილები და ერთი-ერთმანეთი იტირონ სიკვდილის დროს. ხევსურის აზრით, ცოლ-შვილის დატირება სულის სიმდაბლეა და სისუსტე."

როგორ მოხდა, რომ ხევსურმა კაცმა, რომელსაც ჩვეულება სასტიკად უკრძალავდა ხმით ტირილს, შვილები ხმით დაიტირა? წესის თანახმად ხევსურ კაცს შეუძლებელი იყო ასეთი რამ ჩაედინა. მაშ რა მოხდა? Mმოხდა ის, რომ ამ ძმების მამა ხევსური ვერ იქნებოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში შვილებს ხმით ვერ დაიტირებდა. ე.ი. დ. გოგოჭურის მტკიცება არასწორია. ნუ დავივიწყებთ, რომ თავად დ. გოგოჭური ხევსურია და ამ წესის არსებობა მან ყვლაზე კარგად იცის, მაგრამ აქ მისი გახსენება ბუნებრივია, ხელს არ აძლევდა, მაშინ ხომ ვეღარ დაიწყებდა მტკიცებას სულა და კურდღელა ხევსურები იყვნენო. აქ უნდა გავიხსენოთ ფშაური ხმით დატირების ტრადიციაც, რომლის თანახმად მიცვალებულს, უპირველეს ყოვლისა, მშობლები ტირიან. პირველ მოტირლად ყოველთვის დედა ითვლება. ტირის მამაც, მაგრამ ფშაველი მამაკაცი მარტო შვილს კი არ ტირის, არამედ სხვასაც: დაღუპული შვილის ტოლს, დედას, ნათესავს, მეგობარს. ასე, რომ წესის თანახმად, ფშაველი მამაკაცი მოვალეცაა იტიროს ახლობელი ადამიანი. Eეს წესი ფშავში დღესაც მოქმედებს. ე.ი. აშკარაა, რომ სულა და კურდღელაც ფშავლები იყვნენ და მამამ დაიტირა კიდევაც შვილები, როგორც ეს ფშაველ მამას მოეთხოვებოდა.

დ. გოგოჭურს ახალ-ახალი მასალა მოაქვს, რათა როგორმე ძმების ხევსურობა დაამტკიცოს და იმოწმებს თ. რაზიკაშვილის მიერ ჩაწერილ ფშაურ ლექსს

"- მამკლავმა მამკლა მეორედა,
ჟამი უკუღმა მამიბრუნდა"...

იგი ამ ლექსს ასეთ კომენტარს ურთავს: "-სიმღერის ტექსტი გვეუბნება, რომ კურდღელას კაცი მოუკლავს, იგი "მამკლავია", მაგრამ იმის მაგიერ, რომ თავი დამნაშავედ ეცნო და ჩარგლიდან გადაკარგულიყო, გაუგონარი ამბავი ჩაუდენია - მოსისხლეებიდან მეორე კაციც მოუკლავს.

მოსისხლეობა ქრისტიან მთიელთა შორისაც ხშირად ჩამოვარდებოდა, იგი ერთი თემის ან ერთი სოფლის მცხოვრებთაც შეიძლებოდა შემთხვეოდათ,

მაგრამ მკვლელს რომ სოფელი არ დაეტოვებინოს და ამის შემდეგ მეორეც მოეკლას, ქართველ მთიელთა ურთიერთობაში ასეთი რამ არ შეიძლება მომხდარიყო." მეცნიერის ეს მსჯელობა ხევსურული სისხლის აღების წესიდან მომდინარეობს და მისი მიხედვით სწორია, ოღონდ წინააღმდეგობაში ვარდება ავტორი. თუკი სულა და კურდრელა ხევსურები იყვნენ, როგორც იგი ამტკიცებს, მაშინ გაუგებარია რატომ არ გაერიდნენ მოსისხლეებს? ამ ფაქტის ჭეშმარიტი ახსნა სულ სხვა სურათს იძლევა.

დ. გოგოჭურს, რომელიც ასე დაინტერესბულია ვაჟას გენეალოგიით, შეუძლებელია წაკითხული არ ჰქონდეს მისი წერილი "ფშავლების ძველი სამართალი და საოჯახო წესები". აი რას წერს ვაჟა სისხლის აღების ფშაური წესის შესახებ გვარეულობის (თემის) წრეში: "სისხლის აღებას გვარეულობის წრეში ალაგი არა ჰქონდა; კაცი, მკვლელი თავისი ნათესავისა, განთავისუფლებული იყო სისხლის ზღვევიდამა და ალმანიიდამაც. საგვარეულოში სისხლის აღება წესად არ იყო".

როგორც ვხედავთ, ვაჟას მიერ აღწერილი წესი დ. გოგოჭურის მტკიცების სრულიად საპირისპიროს ამტკიცებს. Aახლა ყველაფერი თავის ადგილას დადგა. ვაჟას მიერ აღწერილი წესის თანახმად კურდღელა ფშაველია და სწორედ თავისიანებში ჩაუდენია მკვლელობა, ამიტომაც გადარჩენილა იგი დაუსჯელად. იგი რომ სხვა გვარისა და თემის კაცი ყოფილიყო, მკვლელობას მართლაც არავინ აპატიებდა. ასეთი მცდარი მსჯელობითაა სარეცენზიო წიგნის ეს თავი სავსე.

"სულასა და კურდღელას დროს ჩარგალი ჩამოყალიბებული ერთიანი თემი არ არის, - წერს დ. გოგოჭური, - აქ სხვადასხვა კუთხეებიდან თუ ტომებიდან მოსული ხალხი ეცილება ერთი-მეორეს სანადიროებსა და სახნავ-სათიბებს" (გვ. 57), თუ წიგნის ავტორს დავუჯერებთ, მაშინ გაუგებარია, რატომ თავიდანვე ცალკე თემად არ ჩამოყალიბდა ამ სოფლის მოსახლეობა? რატომ მიეკედლნენ "სხვადასხვა" კუთხეებიდან და ტომებიდან მოსული ხალხისგან შემდგარი ჩარგლელები ოცდაათი კილომეტრით დაშორებულ სხვა სოფლის ცაბურთის (გოგოჭურების) თემს, დაკარგეს საკუთარი გვარები, სლოცავები, მიიღეს გოგოჭურების დედა გვარი და თავის მთავარ სათემო სალოცავადაც ცაბაურთის მთავარანგელოზის ხატი გაიხადეს? პასუხი მხოლოდ ერთია, რომელიც ზევითაც მოგახსენეთ. ჩარგლელები ცაბურთიდან ჩამოსახლდნენ და ამ ხალხს ადრეც და ახლაც სათემო სალოცავად ცაბურთის მთავარანგელოზი მიაჩნია. რა თქმა უნდა, გამორიცხული არ არი, რომ რამდენიმე ოჯახი სხვა თემიდანაც მოსულიყო, მაგრამ დღეს ამის მტკიცება, უბრალოდ უსაფუძვლოა და არც რაიმე მნიშვნელობა აქვს ჩვენი საკითხის გადასაწყვეტად.

დ. გოგოჭურს მოჰყავს მის მიერ ხევსურეთში მოპოვებული თქმულების ახალი ვარიანტი და იქ მოხსენებულ მისრიას იმ ლეგენდარულ მჭედლად მიიჩნევს, რომელმაც ფშაურ გვარს მისრიაშვილს დაუდო სათავე, მაგრამ რა შუაშია ჩარგალი? მჭედელი მისრია და მისი შთამომავლობა ჩარგლიდან შორს, უკანაფშავში - სოფელ მისრიანთკარში ცხოვრობდა.

ამ ამბავთან დაკავშირებით დ. გოგოჭურს მოჰყავს ხალხური ლექსი და მის ბოლო ტაეპს "დაგკრავს ისარსა მისრიაო, გამახვეწილსა მშავლისასაო" - ასეთ კომენტარს ურთავს: "ისრის გამოხვეწა" ან "ისრის დაწებვა" ხატოვანი თქმაა და საბრძოლველად წაქეზებას ნიშნავს"(გვ. 65) ავტორის ეს განმარტება მცდარია. ამ კონტექსტში "ისრის გამოხვეწა" ხატოვანი თქმა არაა. Gგამოხვეწა - გამოთლას, გამოჩარხვას ნიშნავს ფშაურ დიალექტზე. ხვეწა - ხისგან რაიმეს გამოთლა, გამოჩარხვა ხელობა იყო ფშავში, ხვეწდნენ - (თლიდნენ) ჯამებს, ისრებს დას ხვ. ეს პროცესი ზეპირსიტყვიერებაშიც აისახა:

"ფშავლებო, ხვეწეთ ისარი,
აღარას გარგებსთ ხვეული..."

ან:

"ცხენებს დასწყვიტეთ წელები
კახეთს ნახვეწის ზიდვითა...
თასურეების პარვასა -
ხვეწა სჯობს ჩემის ფიქრითა."

დ. გოგოჭური თავად აღიარებს, რომ სულასა და კურდღელას "დედა გვარი გოგოჭური და მისი განშტოებები... აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის თითქმის ყველა კუთხეში გვხვდება. ამჟამად ამ ძველ გვარზე მხოლოდ ხევსურები ეწერებიან და ისიც ნაწილიღა. აგრეთვე გოგოჭურის გვარს ატარებს ერწოში და კახეთში ადრევე ჩამოსახლებული ფშაველი ცაბაურ-გოგნელაშვილების რამდენიმე ოჯახი." (გვ. 58) მაშასადამე, ამ გვარს (გოგოჭურს) ორივე კუთხის წარმომადგენლები ატარებენ. მაშინ რა უფლებით მოათავსა დ. გოგოჭურმა სულა და კურდღელა, რომლებიც ფშაველი გოგოჭურები იყვნენ, ხევსურ სახალხო გმირთა სიაში? განა უფრო სამართლიანი არ იქნებოდა, რომ ისინი, ასევე ფშავლებად დარჩენილიყვნენ, როგორც მის "მეცნიერულ" კვლევამდე იყვნენ? რატომ უნდა შეეწიროს სიმართლე მსხვერპლად სიყალბეს, წინასწარ აკვიატებულ სურვილს, რომელიც ყოველგვარ ობიექტურობასაა მოკლებული?

დ. გოგოჭური წერს: "გოგოჭურთა გვარის არცერთ განშტოებას არ მოეპოვება გადმოცემა იმის შესახებ, თუ რომელ კუთხეში გაჩნდა პირველად ეს გვარი... ვფიქრობთ, ეს გვარი ჯერ კიდევ მანამ არსებობდა, ვიდრე ფშავისა და ხევსურეთის ცალ-ცალკე ეთნიკურ ერთეულებად ფორმირება მოხდებოდა, ვიდრე ამ კუთხეს საერთო სახელი, ფხოვი ერქვა" (გვ. 58)

ჯერ ციტატის პირველი ნაწილის შესახებ: დ. გოგოჭური სიმართლეს გვიმალავს. მან იცის ფშაური გადმოცემა იმის შესახებ, რომ ხევსური გოგოჭურების წინაპრები ფშავლები ყოფილან. ისინი საგოგოჭუროს (ცაბაურთის) თემს ეკუთვნოდნენ. ერთხელ თემის რამდენიმე წევრს სათემო ხატის საგანძურიდან ვერცხლის თასი მოუპარავს. ქურდობა გამჟღავნებულა. თემს მოუკვეთია ისინი და სამუდამო გაყრის ნიშნად ძაღლი გაუჭრიათ შუაზე. მოკვეთილები ხევსურეთში სოფელ ჭორმეშავში დასახლებულან, მაგრამ საქმე ამით არ დამთავრებულა. მოკვეთილებს ნაპარავი თასი ხატში ჩუმად მიუტანიათ, მეორე თასში ჩაუდგამთ და შერიგება უთხოვიათ, რომ მათ ქურდობა ტყუილად დააბრალეს. "თასი მეორე თასში ყოფილა დ ვერ გინახავთო". თემი ეშმაკობას მიუხვდა და აღარ შეირიგა. მის შემდეგ დარჩენილან ისინი ხევსურეთში, გახევსურებულან, მაგრამ ძველი გვარი კი შეუნარჩუნებიათ. იმ ძველი დავის ამსახველი კაფიაცაა დარჩენილი. ერთი ფშაველი მეორეს ეუბნება:

- "ჭორმეშიონ (ჭორმეშავის მცხოვრები) მოგვივიდა
სიტყვა უთხრათ დაზაული. (შესარიგებელი, დასაზავებელი)
- მოვიდა-დ, ისივაც წავა,
ვერ იქნება ცაბაური (ე.ი. ცაბაურად ვეღარ მივიღებთო)

პასუხობს მეორე მეკაფიავე. "ვფიქრობთ, ეს გვარი (გოგოჭური ვ.ბ.) ჯერ კიდევ მანამ არსებობდა, ვიდრე ფშავისა და ხევსურეთის ცალ-ცალკე ეთნიკურ ერთეულებად ფორმირება მოხდებოდა, ვიდრე ამ კუთხეს საერთო სახელი, ფხოვი ერქვა" (გვ.58). წერს დ. გოგოჭური. უეჭველია ეს მართლაც ასე იყო, მაგრამ იგი აუცილებლად ფშაური (ფხოური) იქნებოდა, რადგან თვით ხევსურული გადმოცემით ხევსურები დღევანდელი ხევსურეთის აბორიგენები არ არიან- მათი წინაპარი ბარიდან გვიან საუკუნეებშია მოსული.

დ. გოგოჭური ეხება სულასა და კურდღელას სოციალურ ყოფას და არ ეთანხმება ფშაურ-გადმოცემებს. "რადგან ისინი არ მიეკუთვნებიან ზეპირსიტყიერების რომელიმე ჟანრს". (გვ. 68) უცნაურია მეცნიერის ასეთი დასკვნა. ვთქვათ თანამედროვე მთქმელთა ცნობები "ზეპირსიტყვიერების რომელიმე ჟანრს არ მიეკუთვნებიან", მაგრამ რა ვუყოთ თ. რაზიკაშვილის ცნობას მათ შესახებ? ნუთუ არც ის მიეკუთვნება "ზეპირსიტყვიერების რომელიმე ჟანრს?

პატივცემული მეცნიერის ეს მსჯელობა იმდენად ულოგიკო და მცდარია, რომ მის შესახებ კამათი ვგონებ არ ღირს.

"ის მტრული ნაწილი, - წერს დ. გოგოჭური, - რომელიც შემდეგ ჩარგალში დარჩა, სულასა და კურდღელას შესახებ კარგ გადმოცემებს როდი დაუტოვებდა შთამომავლობას".(გვ. 68) აშკარა წინააღმდეგობაა! მტრულმა ნაწილმა თუ კი მოწინააღმდეგეები, ე.ი. სხვაგნიდან მოსული ძმები დახოცა, როგორღა გაიხადა ისინი სალოცავად? სხვაგნიდან მოსულებს და თანაც მოსისხლეებს რომ სალოცავად არავინ გაიხდიდა, განა ამასაც მტკიცება უნდა? სულა-კურდღელას სალოცავი ხომ დღესაც არსებობს ჩარგალში და მას ისევ ლოცულობენ აქაურები.

სინამდვილეში ეს ასე აიხსნება: სულა და კურდღელა ძლიერი პიროვნებანი, უებრო ვაჟკაცები იყვნენ, ამიტომ აპატია ხალხმა გვარში ჩადენილი დანაშაული (თუ კი მართლაც ჩაიდინეს) და ადრე გაწეული გმირობისათვის სალოცავად გაიხადა ისინი. (შესაძლოა გმირობის გარდა , დღეისათვის დავიწყებული, რაიმე სხვა ფაქტორიც მოქმედებდა.) ძლიერ კაცს, თუნდაც მას დანაშაულიც ჰქონოდა, ძალიან ხშირად მოწიწებით ეპყრობოდა ხალხი, რადგან მას ყოველთვის ხიბლავს ძლიერი პიროვნებანი. ამის მაგალითები უფრო გვიანდელ ზეპირსიტყვიერებაშიც უამრავია. სულა-კურდღელას შესახებ საინტერესო ცნობას გვაწვდის თ. რაზიკაშვილი: "სულასა და კურდღელას ისე ჰყავდათ ხალხი შეშინებული, რომ, როცა ხევსურები ჯორებით არაგვის პირზე ჩამოივლიდნენ, ჯორებს თურმე პირში ქორაკებს ამოსდებდნენ, არ დაიყროყინონ, სულამა და კურდღელამ არ გაიგონ, წამოვლენ და დაგვცარცვავენო"

აქედან დასკვნა: სულა და კურდღელა რომ ხევსურები ყოფილიყვნენ, ცხადია, თანამოძმეებს არ დაძარცვავდნენ თავის სოფელთან, პირიქით, სხვა მძარცველებისაგან დაიფარავდნენ მათ.

ახლა რაც შეეხება ვაჟა-ფშაველას გენეალოგიას. როგორც ზევითაც დავინახეთ, სულა-კურდღელა და ვაჟას წინაპარი მამისიმედი ერთი გვარის და თემის წევრები იყვნენ და ცხოვრობდნენ ფშავში სოფელ ჩარგალში. მათი წინაპრებიც, როგორც დანარჩენი ჩარგლელები ცაბაურთიდან ჩამოსახლებულან. როდის მოხდა ეს, გაურკვეველია. მართალია, ვაჟა-ფშაველას მამა პავლე რაზიკაშვილი გადმოგვცემს სხვისი ნათქვამის მიხედვით თითქოს მათი წინაპარი ხევიდან მოსულა, მაგრამ როგორც მისი ავტობიოგრაფიის შინაარსიდან ვგებულობთ, თავადაც არ არის დარწმუნებული ამაში. ვ. ითონიშვილი, რომელიც ვაჟას გენეალოგიას განიხილავს (დ. გოგოჭური თავის წიგნში ამ საკითხსაც ეხება) საკითხს ტენდენციურად მიუდგა. ვაჟას გენეალოგიის მისეული ვერსია მოკლებულია ობიექტურ მეცნიერულ არგუმენტაციას. როცა ვ. ითონიშვილის წერილს ეხება დ. გოგოჭურს საკმაოდ თამამი დასკვნები გამოაქვს: "იქ, როგორც ძველისძველ საგვარო ხატში, (ხახმატში ვ.ბ.) საკლავს კლავდნენ და სანთელს ანთებდნენ ღუდუშაურები და რაზიკაშვილებიც. (გვ. 61) სადაა ამის დამამტკიცებელი საბუთი?.. სინამდვილეში კი ასე იყო. ხახმატის ხატში საკლავს მართლაც კლავდნენ არა მარტო რაზიკაშვილები, სხვა გვარის ფშავლებიც. ისინი ამ ხატს ლოცულობდნენ არა როგორც "საგვარო ხატს", არამედ საქონლის მფარველ ღვთაებას, ხოლო ვაჟას ორიოდეჯერ სტუმრობის მიზეზი ხევსურეთს თითქოს "საგვარო ხატის" მოლოცვა იყო, რბილად რომ ვთქვათ, გულუბრყვილობაა. არც ვაჟას მამის მოღვაწეობა ხევსურეთში გამოდგება იმის საბუთად, რომ იგი წარმოშობით აქედან იყო. (გვ. 61), ეს ისეთი საკითხია, რომლის შესახებ სერიოზული მეცნიერული საუბარიც კი დემაგოგიად ჩაითვლება.

და ბოლოს ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, თავად ვაჟა-ფშაველას ცნობას ხომ უნდა გავუწიოთ ანგარიში მისი წარმოშობის შესახებ? იგი კი თავის ავტობიოგრაფიაში - "ჩემი წუთისოფელი" წერს: "თუ ვისმე გეპრიანებათ ჩემი ვინაობის გაგება და გაცნობა, არ დავიზარებ, მოგახსენებთ: მე ვარ წმინდა ფშაველი ჩამომავლობით, როგორც დედით, ისე მამით". განა მეცნიერს, რომელიც ვაჟას გენეალოგიაზე წერს, უფლება აქვს უარყოს ვაჟასავე ცნობა თავის წარმოშობაზე? ერთი რამ ისევ უნდა შევახსენო მკითხველებს: ის რაც სულა-კურდღელას წარმოშობაზე ითქვა, თავისთავად ვრცელდება ვაჟას წინაპრებზეც, როგორც ერთი გვარის ხალხზე. ამიტომაც მკითხველს თავს აღარ შევაწყენ ფაქტების გამეორებით. ისედაც იძულებით მრავალჯერ მომიხდა ერთი და იგივეს მტკიცება. მხოლოდ დასკვნას შემოგთავაზებთ:

1. ფშაველი სახალხო გმირები სულა და კურდღელა დ. გოგოჭურმა სრულიად უსაფუძვლოდ მოაქცია ხევსურ სახალხო გმირთა სიაში. სინამდვილეში ისინი ცხოვრობდნენ ფშავში, სოფელ ჩარგალში და როგორც ამ სოფლის სხვა მცხოვრებლები, ეკუთვნოდნენ ფშავის ერთ-ერთი თემის გოგოჭურების (ცაბაურების) დედა გვარს.

2. სულა-კურდღელას მამა და ვაჟას წინაპრები ფშაველი გოგოჭურები იყვნენ სოფელ ცაბაურთიდან ჩამოსახლებულნი ჩარგალში.

3. გვარი გოგოჭური წარმოსდგა გოგოჭა ცაბაურისაგან და მის არაფშაურ წარმოშობაზე არავითარი ისტორიული და ფოლკლორული მასალა არ არსებობს.

4. დავით გოგოჭურის შესახებ უნდა შევნიშნო, რომ იგი ფაქტებისადმი ტენდენციურმა მიდგომამ, სიმართლის გზას ააცდინა და მეცნიერული კვლევის ნაცვლად მისი ყალბი მოდელი შემოგვთავაზა.

5. დ. გოგოჭური შეეხო ვაჟას გენეალოგიას და არ წაიკითხა, ან დაუმალა მკითხველს თვით ვაჟას მიერ მოწოდებული ცნობები, რომლებიც მისი მტკიცების საპირისპიროს მეტყველებენ.

სასურველია და აუცილებელიცაა ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდეს ვაჟას გენეალოგიის შესახებ ამდენი ცრუ მეცნიერული დავიდარაბა. გვსურს თუ არა, უნდა დავუჯეროთ თვით ვაჟას ცნობას მისი წარმოშობის შესახებ.

ვაჟას მემკვიდრეობის თუ გენეალოგიის მკვლევართ უნდა ახსოვდეთ, რომ იგი უპირველეს ყოვლისა ქართველია სისხლით, სულით, ფსიქოგენეზისით და პროვინციული გაწამაწია მის წარმოშობაზე არაფერს შემატებს მას და, მითუმეტეს, ქართულ კულტურას.

სტატია მომზადებულია 1981 წელს

 

12.08.2010

 

 

ვებ დიზაინი: ე.ელიზბარაშვილი, მ. ელიზბარაშვილი – elizbarashvili@gtu.ge

ვიზიტები

wordpress visitor counter
      სტატისტიკა