პუბლიცისტური წერილები

<<< უკან დაბრუნება

დავით ფიცხელაური, გიორგი კოკოშაშვილი

ქართული ტრადიციული ფეხსაცმელი

ძველ საქართველოში მრავალი სახის ფეხსაცმელი ყოფილა გავრცელებული. ისინი ერთმანეთისაგან დანიშნულებითა და დამზადება-დამუშავების წესით გამოირჩეოდნენ. მრავალი მათგანი სრულიად ორიგინალური, მხოლოდ საქართველოს გარკვეული რეგიონებისათვის დამახასიათებელი ნიშანთვისებებით გამოირჩეოდა. ფეხსაცმლის რაობაზე გავლენას ახდენდა გარემოს რელიეფი, კლიმატური პირობები, დასამზადებლად საჭირო მასალის არსებობა, მოსახლეობის შეძლება და ა.შ.

საქართველოს ყველა მხარის მცხოვრების გარეგნობასა და ხასიათის თვისებებს, მხოლოდ იმ კუთხისათვის დამახასიათებელი ტანსაცმელი და ფეხსაცმელიც უსვამდა ხაზს.

სამწუხაროდ, გარკვეული ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო, დღეს ბევრი მათგანის ძირძველი ქართული სახელი და ხალხური წესით დამზადების მეთოდი თითქმის დავიწყებულია. იშვიათად თუ ვინმეს ახსოვს, რომ ქალამნის იმერულ სახესხვაობას ,,კოხუჯი", იგივე ,,კოხუნჯი" ერქვა. ხის ქერქისგან ამოსხმულ ქალამანს _ ,,ჩიჩლათანი". აღმოსავლეთ საქართველოს მთაში, სადაც ცხვრის მოშენებას მისდევდნენ, სხვასთან ერთად ბაწრით ნაქსოვი ფეხსაცმელიც იყო ხმარებაში. მას კუთხეების მიხედვით ერქვა ,,ჩითი", ,,ფერხნი", ,,თათი" ან ,,კარაჭინი". თითქმის დავიწყებასაა მიცემული ქართული ფეხსაცმლის სახელები _ ,,მაშია", ,,წუღა", ,,წაღა", ,,მოგვი", ,,ხუნჩა", ,,ბანდული" და ა.შ.

ფეხსაცმლის დასამზადებელ მასალად ტყავი, ბაწარი, შალის ძაფი, წნელი და ხის ქერქი გამოიყენებოდა. გ. ბოჭორიძის თუშური მასალების მიხედვით ,,ფეხსაცმელი არის: ტყავისა, წნელისა და ბაწრისა." ,,ფეხსაცმელი არის კაცისა და დიაცისა". [1].

საინტერესოა, რომ სულხან-საბა ორბელიანი ასხვავებს ,,ფერხსაცმელსა" და ,,ფერხსამოსს" (ფერხისამოსს).

,,ფერხსაცმელი" ტერფზე წამოსაცმელი, დაწნულ ან მთლიან ძირიანი, ანუ ლანჩიანი საცმელია: ,,ფერხსაცმელი _ მაშია, (+წუღა), ჩუსტი, ქალმანი, სანდალი, მოგვი და მისთანანი". მაშინ, როდესაც ,,ფერხსამოსი" წვივზე იცმევა და ფეხს კოჭიდან მუხლის სახსრამდე ფარავს. ,,ფერხსამოსი (ფერხისამოსი) _ ესე არს: პაიჭი, წინდა, კარაჭინი; წუღა, ფეთმაგი და მისთანანი". (ს.ს. ორბელიანი, ლექსიკონი ქართული). [2].

დღეს ქართული ფეხსაცმლის მხოლოდ რამდენიმე სახეობის დამზადების წესი თუღა შემოუნახავს ხალხის მეხსიერებას. წინამდებარე ნაშრომში ჩვენ შევეცადეთ გადმოგვეცა აღმოსავლეთ საქართველოს მთის ყოფაში თითქმის ბოლო დრომდე შემონახული ფეხსაცმლის ორი სახეობის _ ქალამანისა და ბანდულის, იგივე ,,ხუნჩის" ანუ ,,ჯღანის" დამზადების შედარებით უფრო გავრცელებული მეთოდები.

ქალამანი, ანუ როგორც თუშები ამბობენ, ,,ქალბანი", ფეხსაცმლის ხალხური სახეობებიდან ყველაზე გავრცელებული და ხმარებაში დღემდე შემონახული სახეა. მისი დამზადების წესი საუკეთესოდა აქვს აღწერილი გ. ბოჭორიძეს თუშეთის ეთნოგრაფიულ მასალებში, ამიტომ მისი ნაშრომის ამ მონაკვეთს მთლიანად შემოგთავაზებთ:

,,ქალბანი არის: ხარისა, ღორისა, ფურისა, კამეჩისა, ვირის ტყავისა. ტყავს ,,დაშოლტავენ", ე.ი. დასჭრიან საქალბნე ნაჭრებად. ამ ნაჭერს ჰქვიან შოლტი. შოლტიდან რამდენიმე ნაჭერი გამოიჭრება.

საქალბნეს გამოსჭრიან უკალაპოტოდ, თავის ან სხვის ფეხის ზომაზე. ნაპირებზე ბალანს გაუფხეკავენ დანით, გადმოაბრუნებენ, ორად მოჰკეცავენ სიგრძეზე და ,,მოსწვრეთავენ" (პირებს დაასწორებენ), მერმე მოსჭვრეთავენ (პირებს გარშემო დასჭვრეთავენ). ტყავისავე კოპს დახევენ წმინდად. კოპს ზომაზე მოსჭრიან, რაც ქალბანს ეყოფა. ნაპირებს დაუმწვეტებენ. გამოსჭრიან ,,ჩხირს" და დაიწყებენ ,,ამოსხმას" წვერიდან, მერმე ცალი მხრიდან ან გვერდიდან მოხყვებიან. შუაში ,,სათვალა"-ს გაუკეთებენ, მერმე მეორე სათვალას კოჭთან გაუკეთებენ. კოჭსაც მორჩებიან და ახლა მეორე მხარესაც ისევ ისე ამოასხამენ. ამაზე იტყვიან ,,ქალბნის ამოსხმას". როცა ამოსხმას დაასრულებენ, წვერთან კოპს მოაბამენ და კოპზე კიდევ ქალბნის თასმას მოაბამენ (უწინ ბაწარს აბამდნენ). ასევე ამოასხამენ მეორე ქალბანსაც." ქართლში თათრულ ქალამანს ეძახდნენ, თუ ქალამნის სათასმე კოპი ცალპირად იყო დაგრეხილი.

ქალამანს იცვამდნენ იმ შემთხვევაში, როდესაც სახლის ახლომახლოს უხდებოდათ ტრიალი. ე.ი. ქალამანი სახელდახელო ფეხსაცმელად ითვლებოდა. გარდა ამისა ქალამნის სწორი, გლუვი ძირი პირს ვერ იკიდებდა სველ, ბალახიან ან თოვლით დაფარულ დაღმართზე და ამის გამო მთაში სასიარულოდ არ გამოდგებოდა.

ჯღანი, ანუ ბანდული კი მთიელი კაცის და ქალის საუკეთესო ფეხსაცმელი იყო. ამ ფეხსაცმელს ხევსურულად ,,ჯღნები", მთიულურად ,,ბანდულები", გუდამაყრულად და თუშურად კი _ ,,ხუნჩები" ერქვა. ,,ხუნჩაი, იგივე ჯღანი აქვთ თუშებს, ხევსურებს, ქისტებს, ლეკებს. თუშური ხუნჩაი ადგილობრივი ნამუშევარია, ის საზამთრო ფეხსაცმელია, ხმარობენ იშვიათად, ჰკერავენ ხარის ტყავისაგან." (გ. ბოჭორიძე). ,,ყველა თავმომწონე მთიელი, კაცი თუ ქალი, სტუმრობის, მგზავრობისა და ნადირობის დროს ჯღანს იცვამდა".

სულხან-საბა ორბელიანის მიხედვით ,,ბანდული ლანჩადაწნული ფერხ(თ)საცმელია". ფეხსაცმლის დაწნული ძირი კი კარგად ეჭიდება მოლიპულ ზედაპირს და ამიტომ ის საუკეთესოა მთაში ზამთრის დროს ჩასცმელად. გარდა ამისა ბანდულებში ჩაფენილი ჩალა ფეხს მშრალად ინახავდა და სიცივისგანაც კარგად იცავდა. ამ თვისებების გამო ჯღნებში ნებისმიერი კაცი და ქალი თავს კომფორტულად გრძნობდა, რაც ხევსურულ ლექსებშიც არის ასახული:

,,სასანეოდ წამოვედი ნანა ჭინჭარაულთ ქალი,
სანეს გორზე რომ შემოვხედ
ვაჟებს ჩემკე ჰქონდა თვალი,
ჩემსა თავსა რომ ჩავხენე
მიხდებოდეს თათნი, ჯღანნი."

ან კიდევ:

,,წყლისწვერთით შამოჩნდების
ჩემ წიღლა გამოსრეული.
ძედ იჯდეს ბექაურაი
ფეხ-ჯღანში გამოწყობილი."

კონსტანტინე გამსახურდია აღნიშნავს, რომ ^,,თვითონ მეფენი და მისი ყმანი ნადირობისას მთიულურ ბანდულებს იყენებდნენ"-ო.

,,ჯღანთან" და მის მოხმარებასთან არის დაკავშირებული ხევსურული ,,კაცის-კაცობის სამოცდასამი წესის" რამოდენიმე მუხლიც. მაგალითად: ,,ხევსურეთში მთვარის გორისფხაზე გამოჩენიდან, სანამ ის მთლიანად ამობრძანდებოდა, ახალგაზრდას უნდა მოესწრო ტანსაცმელ-ფეხსაცმლის (ჯღანების) ჩაცმა და საბრძოლო აბჯრის ასხმა. ხოლო თუ ლაშქრობის დროს რომელიმე მეომარს ჯღნის საბანდი გაუწყდებოდა, რომელიც წვერიდან ბოლომდე ერთწვერა თასმით იყო გამობანდული (მისი სიგრძე დაახლოებით ოთხ მეტრამდე აღწევდა), მეომარს უნდა დაეშალა ჯღანი და მისი საბანდე გადაება გაწყვეტილ ადგილას. ჯღანი თავიდან უნდა გამოებანდა, ფეხზე მოერგო და საომრად მზადმყოფი თავის რაზმს მანამ დასწეოდა, ვიდრე ლაშქარი მეორე გორს გადაივლიდა და თვალს მიეფარებოდა."

ჯღანი გამოტენილი უნდა ყოფილიყო ან ჩალით, ან მთის ქუჩის ბალახით, რომელიც ძალიან გამძლეა, არ იყინება, არ იძენძება და თუ დასველდა ის მაინც თბილია და ჩქარა შრება.

ჯღანი ხარის ტყავისაგან მზადდებოდა. ნედლ ტყავს გარკვეული დროის განმავლობაში მარილითა და ჭვავის მჟავე, თხელი ცომით ამუშავებდნენ, ხოლო შემდეგ კი იწყებოდა მთლიანი ტყავის უხეში დამუშავება.

ტყავის დასამუშავებელ მოწყობილობას ,,ხუმური" ერქვა. ხუმური მძიმე ხე იყო, რომელსაც მთელ სიგრძეზე ღარი ჰქონდა ამოღებული. ამ ხეში, ღარის გასწვრივ, გრძელი ძელი იყო ჩამაგრებული, რომლის ზევით და ქვევით მოძრაობით ორი-სამი კაცი ხესა და ძელს შორის მოთავსებულ უხეშ ტყავს ზელდა დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში.

სურ.1 ტყავის საზელი მოწყობილობა  - ,,ხუმური" შატილის საფიხვნოში.

 

ხუმური საფიხვნოში იყო დადგმული და მთელი სოფელი იღებდა ტყავის ზელვაში მონაწილეობას.

თუშეთში ძირდაბანდულ ფეხსაცმელს ,,ხუნჩა" ერქვა. გ. ბოჭორიძის ჩაწერილი მასალების მიხედვით: ,,ხუნჩაის საზელი" _ გეჯა არის. მას ხე აქვს ჩატანებული და ცხემლი აქვს გატარებული ხის დასაჭერად: ცალი ხელით ხე უნდა ამუშაონ გეჯაში და ცალი ხელით ტყავი უნდა აბრუნონ. ხე სჭყლეტავს და ზელავს ტყავს." (გ. ბოჭორიძე, თუშეთი, ეთნოგრაფიულ-ფოლკლორული მასალები, თბილისი, 1993 წ. გვ. 152) [1].

თუ ვინმეს ტყავი არ ჰქონდა, ჯღანები კი გაუცვდებოდა და ახლის ამოსხმა დასჭირდებოდა, მოურიგდებოდა ტყავის პატრონს, ხარის მთელ ტყავს მოუზელდა, ერთ საჯღნეს თავისთვის გამოიჭრიდა, დანარჩენს კი პატრონს დაუბრუნებდა. ისეც ხდებოდა, რომ ხანდახან პატრონი და მომზელი ტყავს შუაზე გაიყოფდნენ.

თუ ქალამნის ფეხზე ჩაცმის წინ აუცილებელი იყო მისი წყალში დალბობა, ბანდული ხელში უნდა მოზელილიყო და მომდგარიყო. ჯღანის წყლით დალბობა არ შეიძლებოდა, რადგან ის მოზელილი ტყავისაგან იყო შეკერილი და გამობანდული.

დიდი მნიშვნელობა ჰქონდა თუ ტყავის რომელი ნაწილისგან იყო ,,ჩამოხეული" ჯღანის საბანდი. (საბანდის ჩამოჭრას ჩამოხევას ეძახდნენ. საბანდი წარმოადგენდა ერთი სანტიმეტრი სიგანის ტყავის ზოლს, რომელიც ,,ქალბნის საკოპეზე", ანუ ქალამნის ამოსასხმელ თასმაზე ორჯერ გრძელი უნდა ყოფილიყო.).

ჯღანის საბანდად იყენებდნენ ხარის გავის ან შუბლის ტყავს, რადგან ამ ადგილიდან აჭრილი ტყავი უფრო მაგარია. თუშურად მას ,,სიმაგრის კოპს" ეძახდნენ. ჩამოხეული ტყავის ზოლს, ოთხკეცად გაღოლებულს, დამჯდარი კაცი ფეხის ტერფზე ამოიდებდა და მუხლის თავზე გადაიტარებდა. მუხლის თავზე შეკრებილი ოთხივე ღოლი კიდევ სამ მუშტში უნდა ჩატეულიყო. ასე დაადგენდნენ საბანდი თასმის სიგრძეს.

ჯღანის გამოსაჭრელად საჭირო იყო კალაპოტი, რომელიც ფიცრისაგან იყო გაკეთებული. მისი მეშვეობით გამოჭრილ ტყავს ბანდულის ფორმაზე გადაკეცავდნენ და შეერთების ადგილას, გვერდზე, ე.წ. ,,საძვრენაში" ამოყვანილი ციკნის ტყავით ამოჰკერავდნენ ,,ერთ ციდაზე".

საძვრენა სპეციალური ხელსაწყო იყო, რომელიც ხარის ბეჭისაგან მზადდებოდა.

ციკნის ტყავს დაჭრიდნენ დაახლოებით ორი სანტიმეტრის სიგანის ზოლებად და საძვრენაში გაკეთებულ ხვრელში გააძვრენდნენ _ ,,ამოიყვანდნენ". ასეთნაირად ამოყვანილი თასმა ძალიან გამძლე და მაგარი იყო. რაც მთავარია ის აღარ იწელებოდა და საუკეთესო იყო ტყავის ნაკეთობათა გასაკერად. დამუშავებული ციკნის ტყავით გაკეთებული ნაკერი განსაკუთრებით დიდხანს სძლებდა. საძვრენათი ტყავის დამუშავებას ორი კაცი სჭირდებოდა, ამიტომ ამასაც სანახევროდ იღებდნენ.

ციკნის ტყავის თასმით გაკერილ ბანდულს ენას ჩაუჭრიდნენ და უკან გვერდებზე და წინ სათასმეებს, ანუ შესაკრავი თასმების გასაყრელ ნახვრეტს გაუჭრიდნენ. თუშეთში ენის გაჭრა ორნაირად სცოდნიათ _ ,,დაბანდვის შემდეგ ხუნჩას გასჭრიან წინა მხარეს ან ჩეჩნურად (ქისტურად), ან ლეკურად (თუშურად არ იციან). ჩეჩნურად ორპირად სჭრიან და შუაში ენა რჩება ციკნის ყურივით. ლეკურად კი მარტო შუაზე ჩაიჭრება ტერფამდე. მერმე ასეთ ჩაჭრილს (ერთნაირად არის ის, თუ მეორენაირად) თასმა ისევ ერთმანეთზე მიიტანს შეკვრის დროს."[1].

ამის შემდეგ იწყებოდა გალესილი საჭრელით ჯღანის ძირის პირზე საბანდის გასაყრელი ჭრილის შემოტარება. ჭრილი კეთდებოდა საჭრელის პირის სიფართისა, ჭრილებს შორის დაშორება ასევე საჭრელი დანის პირის ერთი ზომის ტოლი იყო.

ჯღანის გამობანდვა შემდეგნაირად ხდებოდა:

საბანდი თასმის ერთ ბოლოს შუაში გაჭრიდნენ, ჯღნის წვერს გამოუყრიდნენ და გამოშტავდნენ. გაბანდვა იწყებოდა საბანდი თასმის თავისუფალი პირის უკნიდან წინ გამოტარებით. თასმას მორიგეობით ხან მარჯვნივ და ხან მარცხნივ გამოუყრიდნენ და ასე გამობანდავდნენ ჯღანს ბოლომდე.

თუშური მასალების მიხედვით ,,ხუნჩაის" ძირის დაბანდვა ორნაირად იცოდნენ _ ,,მწკალაით" ან ორპირად:

,,მწკალაით თხლად იწვნება. ჯერ გარდიგარდმო სწნავენ ერთი გვერდიდან მეორეზე გადასვლით; იწყება წვერიდან და ათავებენ კოჭთან. მერმე მიჰყვებიან კოჭიდან და წვერისაკენ სიგრძეზე გასწნავენ ,,გადაცვლით", ე.ი. კოპს მაღლა დასტოვებენ და მეორეს _ ძირს და ასე დაასრულებენ.

ორპირად ასე იწვნება: დაიწყებენ წვერიდან, ჯერ წამოიყვანენ ირიბად ერთ მხრეს და მერმე შეუხვევენ წვერისაკენ დამაგრებული კოჭის მახლობლად. შემდეგ აქედანვე ირიბად გადავლენ მეორე მხარეს, იქიდან _ ისევ წვერისაკენ წამოვლენ, ისევ კოპის ახლოს თავისივე მხარეს და ასე ხან ერთ მხარეს გადადიან, ხან _ მეორე მხარეს, სანამ სულ არ დასწნავენ ამგვარად:" [1].

ჯღანის შესაკრავად წინასწარ გამზადებულ ნახვრეტებში გაეყრებოდა ერთი სანტიმეტრი სიგანის, გრძელი თასმა, რომლის ბოლოები სპილენძის რგოლებით იყო შემკული. შეკვრის დროს თასმას ჯერ ერთ წყებად შემოიკრავდნენ ჯღანის ყელზე, კოჭის ქვემოთ, ისე, რომ ენა თასმის ზემოთ დარჩენილიყო, მეორე წყებას უკვე ენაზეც გადაატარებდნენ და თასმის ბოლოებს შეიკრავდნენ.

როგორც ზემოთ ავღნიშნეთ ბანდული (იგივე ,,ხუნჩი" ან ,,ჯღანი") მსუბუქი და ფეხზე კარგად მორგებული ფეხსაცმელია. მასში ჩაფენილი ჩალა ან ქუჩი ფეხს სიმშრალესა და სითბოს უნარჩუნებს და რბილად დაბიჯებასაც უწყობს ხელს. თანაც ტერფი ხანგრძლივი მგზავრობის დროსაც არ ოფლიანდება და არ იღლება, რადგან ნატურალური, ქიმიურად დაუმუშავებელი ტყავი და დაწნული ძირი მას სუნთქვის საშუალებას აძლევს. დაწნული ძირი მოლიპულ ზედაპირზეც კარგად ეჭიდება და თოვლიანი მთის პირობებში უსაფრთხო გადაადგილების საშუალებას იძლევა. ამ თვისებების გამო ბანდული საუკეთესოა ნადირობისა და ლაშქრობის დროს. რაც მთავარია ის სახლის პირობებშიც ადვილი დასამზადებელია და არ მოითხოვს დიდ ძალისხმევას. ეს კი იმის იმედს გვიტოვებს, რომ დაწნულძირიანი ქართული ფეხსაცმლის, საუკუნეების განმავლობაში გამოცდილი - ბანდულის (ხუნჩის, ჯღანის) დამზადების ხალხური ტექნოლოგია დავიწყებას არ მიეცემა.

სურ. 2 ქართული ლანჩადაწნული ფეხსაცმელი - "ჯღანი, "ხუნჩა", "ბანდული".

 

გამოყენებული ლიტერატურა:

1. გ.ბოჭორიძე, თუშეთი, ეთნოგრაფიულ ფოლკლორული მასალები, თბილისი, 1993 წ.

2. სულხან-საბა ორბელიანი, ლექსიკონი ქართული, გამომცემლობა ,,მერანი", თბილისი 1991 წ.

 

26-02-2011

 

 

ვებ დიზაინი: ე.ელიზბარაშვილი, მ. ელიზბარაშვილი – elizbarashvili@gtu.ge

ვიზიტები

wordpress visitor counter
      სტატისტიკა