სიახლეები და მოვლენები

14-01-2010

შეხვედრა მრავალშვილიან ფშაველ ოჯახებთან

მართლა უჩვეულოდ ლამაზი დღე გაუთენდა 2010 წლის 14 იანვარს კაცისა და ლამის ღმერთისგანაც მივიწყებულ ფშავს. ამ დღეს, ფშავში რომ აქამდე წელწადს ეძახიან, მრავალშვილიანი ფშაური ოჯახები დედაქალაქში, სამების საკათედრო ტაძარში მოქმედ საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრში მიიწვია “ფშავის აღორძინება-განვითარების” არასამთავრობო კავშირმა. უკვე მოსაწვევი იუწყებოდა, რომ ამ ოჯახების გასახარებლად და წელწადის მისალოც-დასალოცად კარგად გარჯილიყვნენ ორგანიზატორები.





“ფშავის აღორძინება-განვითარების” კავშირის გამგეობის გადაწყვეტილებით ბუდე ფშავიდან და ფშავლებით ლოკალურად დასახლებული რეგიონებიდან ამ შეხვედრაზე მოწვეული იყვნენ ხუთ და მეტშვილიანი ოჯახები. მორის პარკინაშვილისა და ზვიად კარატიელის ხუთშვილიანი ოჯახები თელავის რაიონის სოფელ ლაფანყურიდან, გივი მახაურის და ტარიელ მახაურის ასევე ხუთშვილიანი ოჯახები დუშეთის რაიონის სოფელ გომეწრიდან, ზაზა ჯაბანიშვილის ექვსშვილიანი ოჯახი დუშეთის რაიონის სოფელ შუაფხოდან, ვაჟა ზურაბაშვილის შვიდშვილიანი ოჯახი ჩარგლიდან, თამაზ წიკლაურის შვიდშვილიანი ოჯახი კაწალხევიდან და ლევან ხარანაულის შვიდშვილიანი ოჯახი თიანეთიდან.

შეხვედრის ორგანიზატორებმა შეძლეს რიგი მსხვილი ბიზნეს-კომპანიების ყურადღება მიემართათ აღნიშნული ოჯახესბისაკენ და გვერდით ამოიყენეს ეს კომპანიები შეხვედრის მოწყობაში. მათ შორის იყვნენ შპს “სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი” შპს “აი-სი-თი ჯორჯია შვეიცარიული სახლი”, შპს “თრეველშოპი”, საგამომცემლო სახლი “პეგასი”, ბიზნესის განვითრების ხელშემწყობი კომპანია “ბი დი ჯი ლიგალი”, საადვოკატო ფირმა “როინ მიგრიაული და პარტნიორები”, დეველოპერული კომპანია “ოლიმპიური ვარსკვლავი” და საქართველოს გაერთიანებუული პროფკავშირები, რომელთაც თავიანთი შესაძლებლობების ფარგლებში საახალწლო საჩუქრები მოუმზადეს ვინ ცალკეულ ოჯახებს და ვინ რვავე ოჯახს. განსაკუთრებული ღვაწლით გამოირჩეოდა ორი ბიზნესმენი, რომელთაც არ ინებეს სახელების გამხელა და საჩუქრად ფერადი ტელევიზორები გამოუგზავნეს ორ ოჯახს. ასევე განუზომლად მადლიერია ფშავის აღორძინება-განვითარების კავშირი იმ ფშაველი კაცის მიმართ, რომელმაც ასევე არ ისურვა სახელის გამხელა და სოლიდური თანხა გადაურიცხა კავშირს ამ და ასეთ სხვა ოჯახებზე შემდგომი ზრუნვისათვის.

შეკრებილთ შობა და ახალი წელი მიულოცეს თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის მთავარეპისკოპოსმა მეუფე თადეოზმა, პროფესორმა დავით წოწკოლაურმა, პოეტმა ტარიელ ხარხელაურმა, მომღერალ ბავშვთა ანსამბლმა “მზეშინა”მ, მომღერალმა თეონა ქუმსიაშვილმა, ანსამბლამა”ფშავმა” და თითქმის ყველა სპონსორული კომპანიების წარმომადგენლებმა.

შეხვედრის კულმინაცია იყო ამ ოჯახების და მათთან ერთად ფშავის დღევანდელობის და მომავლის დალოცვა უწმიდესისა და უნეტარესის საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის მიერ, რომელიც სიხარულის ცრემლს ვერ იკავებდა ამ ოჯახების შემხედვარე. უნეტარესმა კავშირს უძღვნა მაცხოვრის ხატი და ისურვა ამ ხატის დაბრძანება რიგრიგობით ყველა ამ მრავალშვილიან ოჯახში, რათა მთელ ფშავს მიეცეს ხატის მოლოცვის საშუალება. იმავე დღეს კათოლიკოს-პატრიარქმა “ფშავის აღორძიენა-განვითარების კავშირს” შესწირა 10000 დოლარი ყველაზე უმწეო ფშაური ოჯახებისათვის გასანაწილებლად.

დიდი ვაჟას შთამომავალმა, ვაჟა ფშაველას სახლ-მუზეუმის დირექტორმა ქ-ნმა ლელა რაზიკაშვილმა უნეტარესს დიდებული ნაბადი უძღვნა შიგ ჩათელილი ვაჟას ჩარგლული სახლის სურათით, ხოლო ერთ-ერთმა მრავალშვილიანმა დედამ, ქ-ნა ირმა ცქიფაშვილმა, რომელიც მალე მეშვიდე შვილს მოელის, ფშაურად დაშიბული წინდა მიართვა პატრიარქს.

ზემოთ უკვე მოგახსენეთ, რომ “ფშავის აღორძინება-განვითრების” კავშირმა ამჯერად ეს ღონისძება შიშველი ენთუზიაზმით წამოიწყო და მათთვისაც გასაკვირად, ბიზნეს-კომპანიების მხრიდან დიდი მხარდაჭერა მიიღო. კავშირის გამგეობას, რომელიც ძირითადად შემოწირულობებით არსებობს, მრავალი თავისი კუთხისა და მთლად ქვეყნისთვისაც გასახარი და სასახელო ღონისძიება აქვს წამოწყებულ-დაგეგმილი და კვლავაც იმედი ექნება ერთობლივ საქმიანობაში უკვე გამოცდილი და ჯერაც გამოუცდელი პარტნიორებისა, რომლებთან ერთადაც, ფშავისა და მთალად საქართველოს მთებს ჯვარი ეწეროთ და, მთების ტოლი საქმეების ადგილიდან დაძვრის იმედი აქვთ.

უფალი მოწყალეა და ყოვლისმხილველი, ხოლო ფშავლები საქართველოსა და მისი პატრიარქისათვის კარგი მლოცველები...

მარიამ ხუცურაული









  მთავარ გვერდზე დაბრუნება              სიახლეებში დაბრუნება