სიახლეები და მოვლენები

02-04-2011

სემინარი თემაზე: "კაფიის ჟანრის რაობისათვის (ძველი და თანამედროვე კაფიების მაგალითების მოხმობით)"

ხალხური სიტყვიერება მისი შემქმნელი ხალხის განვლილი ცხოვრების მემატიანეა მხატვრულ სიტყვაში გაცხადებული, ხოლო პოეზია ამ სიტყვიერების უმაღლესი გამოხატულება! ის თავისთავში მოიცავს იმ ხილულისა და უხილავის, შეუცნობლისა თუ შეცნობილის, მატერიალუირისა თუ მისტიკურის მხატვრულად დასრულებულ, ჩამოყალიბებულ ფორმასა და აზრს, რომელსაც ადამიანის გონება, წარმოსახვა და სული სწვდება.

ხალხური პოეზია ერის კულტურის, გონებრივი და სულიერი განვითარების დონის მაჩვენებელია. ის საუკეთესოდ წარმოაჩენს ეთნოსის ხასიათს, ზნეობას, სულიერებასა თუ მრწამსს.

საქართველო უაღრესად მდიდარი და შინაარსობრივად მრავალფეროვანი ფოლკლორული ტრადიციების ქვეყანაა. მრავალფეროვნება, ზოგადად, ქართული კულტურის მახასიათებელი ნიშან-თვისებაა; ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ მან ზეპირსიტყვიერებაშიც ჰპოვა ასახვა. ხალხური პოეზია ქართველთა პოეტური ნააზრევის ერთობლიობაა, მაგრამ, უნდა აღინიშნოს, რომ ამა თუ იმ კუთხის პოეტური შემოქმედება მაინც ინარჩუნებს მხოლოდ მისთვის დამახასიათებელ ნიშან-თვისებებს, რაც მას თავისთავადობის ელფერს სძენს. ამ მხრივ ერთნაირად საინტერესოა საქართველოს აღმოსავლეთ-დასავლეთის მთა და ბარი. თუმცა, უმართებულო იქნებოდა არ გვეთქვა, რომ მათ შორის გამორჩეული კუთხეა ფშავი, სადაც დღემდე ცოცხლადაა შემონახული ხალხური შემოქმედების უძველესი ტრადიციები და უაღრესად დახვეწილი პოეტური ქმნილებები.

 

სწორედ ამ ქმნილებებს მიუძღვნა "ლიტერატურული სემინარების" მორიგი შეხვედრა კავშირ - პოეტურ ორდენმა "მარადახალი ქნარი", რომელიც ჩატარდა 2011 წლის 1 აპრილს 18:00 სთ-ზე ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზი. სემინარზე მოხსენება თემაზე: "კაფიის ჟანრის რაობისათვის (ძველი და თანამედროვე კაფიების მაგალითების მოხმობით)" წაიკითხა თსუ პროფესორმა, ფოლკლორისტმა ტრისტან მახაურმა. სემინარის შემდეგ გაიმართა გაიმართა ცოცხალი დისკუსია.

 

პროფესორ ტრისტან მახაურის პუბლიცისტურ წერილი "კაფიის ჟანრის რაობისათვის (ძველი და თანამედროვე კაფიების მაგალითების მოხმობით)" უახლოეს ხანში გამოვაქვეყნდება.

 

საღამოს ამსახველი ფოტო მასალა:

 





  მთავარ გვერდზე დაბრუნება              სიახლეებში დაბრუნება