ფლორა

 

მურყანი

მურყანი, თხმელა (Alnus), მცენარეთა გვარი არყისებრთა ოჯახისა. ერთსახლიანი ზაფხულმწვანე ხეებია, იშვიათად ბუჩქები (საქართველოში მხოლოდ ხეები). 30-მდე სახეობა გავრცელებულია ევროპაში, აზიაში, სამხრეთ ამერიკასა და ჩრდილოეთ აფრიკაში - ალჟირში.

საქართველოში 2 სახეობაა: შავი მურყანის ანუ თხმელას (Alnus barbata) სიმაღლეა 30-38 მ. მუქი რუხი დაშაშრული ქერქი, სუსტად შებუსვილი ან შიშველი ფოთლები აქვს. გავრცელებულია ყველგან, გარდა ჯავახეთისა. იზრდება დაბლობებში, მთაში ზღვის დონიდან 1800 მ აღწევს და ტერასების გაყოლებით შერეულფოთლოვან ტყეებში გვხვდება. ჭაობიან, ალუვიურ, ეწერ ნიადაგზე ქმნის ტყეს - მურყნარს, სინათლის, ტენისა და ნაწილობრივ სითბოს მოყვარულია. იზრდება სწრაფად. რბილი, ღია მოწითალო, მყიფე მერქანი აქვს. იყენებენ სადურგლო და სახარატო საქმეში; ნაცარა მურყნის (Alnus incana) სიმაღლეა 15-18 მ. გლუვი ქერქი აქვს, ფოთლები ქვედა მხრიდან რუხია, ხავერდისებრი. საქართველოში ყველგანაა გავრცელებული. იზრდება წიფლნარში, შერეულფოთლოვან ტყეში, ძირითადად მთის ხეობების გაყოლებით ზღვის დონიდან 1500-1900 მ-ზე. იშვიათად ეშვება ქვევით. გვხვდება მდინარისპირი ტერასებზე და მცირე ფართობებზე წმინდა მურყნარს ქმნის. ყინვაგამძლე და სინათლის მოყვარულია. ცოცხლობს 50-60 წელს (იშვიათად 100 წლამდე). მურყანი მრავლდება თესლით და ვეგეტატიურად. გირჩების ნაყენს კუჭ-ნაწლავის დაავადებათა დროს და ნაწილობრივ სისხლის შემაჩერებელ საშუალებად ხმარობენ. ადრე გაზაფხულზე შაქართან შერეულ მურყნის მტვერს ფუტკრის საკვებად იყენებენ.

გაგნიძე რ., ქსე, ტ. 7, გვ. 202, თბ., 1984

 

 

მუხა

მუხა (Quercus), მცენარეთა გვარი წიფლისებრთა ოჯახისა.  ფშავში  გავრცელებულია  მაღალმთის ანუ აღმოსავლური მუხა (Quercus macranthera) .

იგი 20–28 მეტრი სიმაღლის ხეა. აქვს სქელი მუქი ქერქით დაფარული მოკლე და მსხვილი ღერო, ტყავისებრი, ზემოდან მუქი მწვანე, ქვემოდან მოყვითალო–მონაცრისფრო ან მურა ბუსუსით მოფენილი ფოთლები. იზრდება 1700–2400 მეტრ სიმაღლეზე და სამხრეთით მშრალ ფერდობებზე ქმნის მეჩხერ ტყეებს. ხარობს ტენიან ფერდობებზეც. ცოცხლობს 450 წლამდე.

მუხა ძალიან ნელა იზრდება, 80–100 წლისა კიდევ იმატებს სიმაღლეში, შემდეგ კი სისქეში, ღრმა ფესვთა სისტემა აქვს და ქარგამძლეა. სინათლისა და სითბოს მოყვარულია, მაგრამ საკმაოდ ყინვაგამძლეცაა. მრავლდება თესლით და ძირკვის ამონაყარით. ზოგჯერ გადაწვენით. მუხის მერქანი მაგარი და გამძლეა, მაღალი ღირსების. იყენებენ მშენებლობაში, საავეჯე და სადურგლო წარმოებაში. ქერქი და მერქანი შეიცავს მთრიმლავ ნივთიერებებს.

 

 

 

არყი, არყის ხე (Betula).
არყი ფოთოლმცვივანი ხეებისა და ბუჩქების გვარის არყისებრთა ოჯახისა, რომელიც 20 მ სიმაღლემდე იზრდება. ქერქი თეთრია ან ყომრალი. მორიგეობით განლაგებული მომრგვალო მარტივი ფოთლები კიდემთლიანია. ყვავილები შეკრებილია მჭადა ყვავილებად. ნაყოფი ბრტყელი კაკალია, რომელსაც ორი აპკისებრი ფრთა აქვს. მრავლდება თესლითა და ძირკვის ამონაყარით.

არყი სინათლის მოყვარული და ტენის მომთხოვნია. ზოგი სახეობა შედარებით მშრალ პირობებს ეგუება, სიცივისა და ყინვის ამტანია. ცოცხლობს 150 წელზე მეტს. ქმნის წმინდა კორომებს (არყნარებს) ან შერეულია სხვა მერქნიან მცენარეებთან. მერქანს იყენებენ საფანერო და საავეჯო წარმოებაში, მანქანათმშენებლობაში ზოგიერთი დეტალისათვის. არყის წვენი შეიცავს შაქარს და იყენებენ ბურახისა და სიროფის დასამზადებლად. კვირტები და ფოთლები იხმარება მედიცინაში. არყის ფოთლები შეიცავს ეთერზეთს, საპონინებს, C-ვიტამინს. კვირტები შეიცავს ეთეროვან ზეთებს, რომელიც წარმოადგენს ყვითელ სითხეს სასიამოვნო ბალზამური სუნით.  

 

ჭალის ვარდი
ჭალის ვარდი
ჩადუნა (გვივრა)
ჩადუნა (გვიმრა)
კლდის ვარდი
ჭალის ყვავილი
სუბალპური ზონის ყვავილები
ყვავილები. სუბალპური ზონა
ჭალის ყვავილი
ყვავილები, არაგვის ჭალა