ხმით ნატირალი
დედის ნატირალი შვილზე
ღამეო, შენამც გენაცვლები,
შენამც ჩემ ნაღველ გაგიგავის,
ძალიან ბევრი გიტირებავ,
ვარსკვლავნი ცრემლად დაგიღვრავის.
გათენებაო, შენ გენაცვალე,
შენც ჩემი დარდი გაგიგავის,
მთის ყვავილებზე,ბალახებზე
ცვარ–ნამის ცრემლი დაგიღვრავის
ჩემ შვილს რად უნდა სამოსელი?
ჩოხა გახადეთ გადაუგდეთ,
მიწის სამოსელ შაუკერეთ,
სარჩულად მოთქმა დაუდევით,
ცრემლები ღილად დაუკერეთ,
სამარეს პირი გაუკერეთ
ჩემი ცრემლების ძაფებითა,
ხავერდოვანი ბალახითა,
სმარევ, პირი დაიბანე
მწუხარე დედის ცრემლებითა,
მიწაო, შვილი შემინახე
შენ შემოგჩივი ვედრებითა
ფშაური ნატირლები
მაჰკვდი, ბეჩავო–ირემო,
დასდევა სიღარიბის ჯოხი.
მიწანიმც დაილოდებიან –
შიშველნი მოგიმალნა ხორცნი.
* * *
ვაჟუნავ ,ხახათ ვაჟუნაო.
ვარსკვლავო ცაზე მოარულო,
ჩამოვარდნილო,დაკარგულო:
ბიჭო, რა იქენ, სადრა წახვედ,
ბეჭებ სად დახსენ ლომისანი,
კბილნ სად დაჰყრე ბროლისანი?
* * *
სიკვდილო, შვილი გაგიზარდე,
მე სხვა დედებს კი არ ვგავარ,
ძალიან დაღონებული ვარ,
სისხლის და ცრემლის ტბორში ვზივარ,
აქამდე ბედნიერი ვიყავ,
ეხლა კი მწუხარების მზე ვარ,
დაღონების მზე გადახრილი,
გორს იქით გადაფარებული.
ვაჰმე, სიკვდილო, რა ყოფილხარ,
ხანჯრებიტ ჩამიკაფე გული.
* * *
ხალხნო,რად გიკვირთ გიჟი რო ვარ,
ანდა რო ვარ დახელთილი?
შვილი დავკარგე ქვეყვის სწორი,
სახე ცრემლით მაქვს დასეტყვილი.
გმინვა ვარ გულის გამლეწავი,
შავ შუაღამე გადასული,
მე სულ უკუნეთ ღამეთ ვივლი,
გული მაქვ გული დაგლეჯილი.
სიკვდილო, თუკი ადვილი ხარ,
ერთხელ შენ თვითონ რად არ მოკვდი,
თოვლივით მზეზე რად არ დასდნი?
წეღან აქ დამაყვედრა,
სუყველა შენი ბრალი არი:
სიცოცხლე თავად გააჩინე,
სიკვდილიც შენივ შვილი არი.