მეურნეობა

 

მიწის დამუშავებას ფშავში მარტი გასვლისას იწყებენ. მიწას ხნავენდნენ ხის გუთნით, რომელშიც შებმული იყო ერთი უღელი ხარი. გუთანს წინ მიუძღვოდა მეხრე, გუთანს მართავდა გუთნისდედა. მოხნულ მიწაზე გაზაფხულზე ითესებოდა თეთრი და შავფხიანი დიკა (ხორბალი). დიკა ითესებოდა პირისპირ მიწაზე და დაბლობზე. დიკა გემრიელი პურია, მაგრამ ფშავში ძნელად მოდიოდა. ჩარგალში თესავდნენ აგრეთვე ასლს. ეს დაბალი და ბეჩავი პურია. ფშავში უმთავრესად ქერი ითესებოდა და მოსავალიც კარგი იცოდა. გაზაფხულზე ითესებოდა „ბაცაროგა“ – გაზაფხულის სვილა. ზაფხულში, ივლის–აგვისტოში ითესებოდა „სთვლის სვილა“, რომელიც მეთორმეტე თვეში მწიფდება და კარგად მოდის.

ბოსტანში და კარისპირის მიწაზე თესდნენ „სწრაფა სიმინდს“ და „ტრუპკას“ (კრუპა). სიმინდი აქ უფრო მაღაროს თემში ითესებოდა, სადაც შედარებით უფრო ზომიერი ჰავაა და სიმინდიც დამწიფებას ასწრებდა.

 
გუთანი

 

აგვისტო–სექტემბერში ფშვში ყანა მწიფდებოდა და ჭირნახულის აღებასაც შეუდგებოდნენ ხოლმე. მკიდნენ ნამგლით. თითებზე ხის სათითურებს იკეთებდნენ. მკაში ყველანი მუშაობენ, ქალებიც და კაცებიც. ნამგლის ერთ მოსმას ხელეური ჰქვია. ამ ხელეურისაგან ულოთი ძნები იკვროდა. ძნებს ანგარიშობდნენ და აწყობდნენ ხუთ–ხუთად. ერთ ხუთეულ ძნას უკანაფშავში „ხადურა“–ს უწოდებენ, ჩარგალში კი „წერა“–ს. ძნას აგებდნენ ხუთეულებად და ერთ ხუთულაში ორმოც წერად ანგარიშობდნენ. ერთ კალოში ჩვეულებრივად ერთი ხუთულა ძნა დადის. დიდად აგებულ ძნას კი „მუხლის ძნას“ უწოდებენ, რომელიც 5-10 კალოა. მკაში იცოდნენ სანაცვლოდ შველა, ქირით აყვანა და აგრეთვე მუშის შეყრა (მუშანი). მუშანს წინ უძღვის მესვეური და, როცა მკას მორჩებიან, მესვეური ასე დაილოცებდა: „მიუხვი–მოუხვი, არისა ბარისა, მთისა ბარისა: ხანზე მომკილო ხანზედამც გაილეწები, გორად ჩადი, ძველად გადი, მოხმარდი პატრონსა: ვაჟების ქორწილში, ქალების დათხოვებაში, ბებრების დამარხვაში. ნუ გამოულევ თონეში კუტებს და საპურეში პურსაო“. დაიძახებენ, გაუმარჯოს!

პური ილეწებოდა საფრის ან ველის კალოზე. მაგრამ რადგანაც მთიდან ძნების ჩამოზიდვა ძნელია, ზოგი ფშაველი კალოს სამ–ოთხ ალაგს გამართავდა და იქვე ადგილზე ლეწავდა. კალოზე ჭირნახული ხარების ფეხით ილეწებოდა. სვლისას კი სიპზე ხელით სცემდნენ და ისე ლეწავდნენ. სვილის ჩალას „ყარტი“ ეწოდება და სახლის სახურავად ხმარობდნენ.

გალეწილ პურს გაანიავებდნენ და შემდეგ არწყავდნენ. ფშაური სარწყაო კოდი და ლიტრაა. ფშავლები კოდში ათ ლიტრას ანგარიშობენ. 1 ლიტრაში კი დაახლოებით 5.4 კგ–ს იწონის. განიავებულ ჭირნახულს მოწნულ გოდრებში ინახავდნენ და ზედ საქონლის ნეხვით ლესავდნენ.

დღიურ სახნავზე რომელიც ექვს საბელს უდრის, ითესებოდა ერთი კოდი ქერი, რომელიც მოსავალს საშუალოდ სამჯერ მეტს იძლეოდა. მაგრამ ჭირნახული ფშავში ყველა თემში ერთგვარად არ მოდიოდა. უკანაფშავის თემში ჭირნახულის მოსავალი ნაკლები იყო, რადგანაც ვარგისი მიწა აქ მცირეა, ჰავაც ცივია და მოსახლეობის 20%–ს თავისი მოსავალი წლის ბოლომდე არ ყოფნის. უკანაფშავლები სიმინდს დუშეთიდან ეზიდებოდნენ. ქერს კი ხევსურეთში საკლავზე და მატყლზე ცვლიდნენ. რაც შეეხება მაღაროს თემს, აქ საყანე მიწა უკეთესია, ჰავაც ზომიერია და ჭირნახულიც შედარებით მეტი მოდის. ამასთანავე, ეს თემი ახლოს არის ერწო– თიანეთთან და დუშეთთან და პურეულის მომარაგების მხრივ უზრუნველყოფილია.

ჭირნახულის დაფქვასა ზამთრის სარჩოს მომარაგებას ფშავლები შემოდგომიდანვე უდგებოდნენ. საფქვავს ცხენებით და ვირებით წისქვილში ეზიდებოდნენ. წისქვილი კერძო იყო. და ჯერით იძლეოდნენ. ჯერი ერთი წლით ღირს ერთი ლიტრა კარაქი და, ვინც ამას გაიღებს, მას უფლება ეძლევა წლის განმავლობაში რამდენიც უნდა დაფქვას.

ბაღ–ბოსტანი ფშავში იშვიათი იყო, განსაკუთრებით კი უკანაფშავის თემში. მაღაროს თემში კი ზოგან პატარა ბაღჩები გვხვდება. აქაურ ბოსტანში ითესება მცირეოდენი კარტოფილი, ნიორი და ლობიო.

მიწათმოქმედებასთან ფშავლები მესაქონლეობასაც მისდევენ, განსაკუთრებით მეცხვარეობას. მეურნეობის ეს დარგი შემოსავლიანი იყო და ფშაველებს ამ მხრივ თუშების შემდეგ მეორე ადგილი ეჭირათ. წინათ ფშავში შეძლებული მეცხვარეებიც იყვნენ, რომელთა შორის აქ დღესაც ცნობილია შუაფხოელი პავლე ჩარბოდაშვილი, რომელსაც 5 000–ზე მეტი ცხვარი ჰყოლია.

თიბვას ფშავში მკათათვეში იწყებენ და პირველად შეუდგებიან „ყორუღი“–ს (ყორეშემოვლებული სათიბია) გათიბვას და შემდეგ გადადიან მთის სათიბებზე. თიბავენ ცელით ნაფთევად და, როცა ნათიბი გაშრება, აქუჩებენ ხაწირად. ამ ხაწირს სათარზე (კავიანი ჯოხია) ააგებენ, გადაუჭერენ საბელს და მთიდან ზურგით ჭალამდე ჩაიტანენ. აქედან მარხილზე უდებენ და სოფელში ჩააქვთ. ბოსლის მახლობლად ხაწირს სარუკად (ზვინია) აგებენ. ზამთარში ერთ სულ საქონელს აქ უნდება 7 სათარი თივა. ზამთარში თუ თივა შემოაკლდებოდათ, მაშინ ტყეში მიდიოდნენ, ნეკერს ამტვრევდნენ და საქონელს ამით კვებავდნენ.

თივის სახლში მოტანა ხდებოდა თოვლში. მთიდან ჭალამდე ჩამოათრევდნენ. შემდეგ კავით ან საბლით მაგრა შეკონილი თითო თივას გამოაბავდნენ ერთ ხარს და ისე მიათრევდნენ ხოლმე სახლში. თუ გზა გაფუჭებული იყო, მაშინ თივას უღელი ხარით – „ყალებით“ – მიართრებდნენ მარხილის მაგვარი შეკრული ფიცრებით ან ორტოტა „ მანჯიკა“ ჯოხით.

ზაფხულში საქონელი იალაღზეა გაშვებული. ხარებს ცალკე სახაროვნეზე აძოვებენ, ძროხებს კი საძროხეზე, სადაც „ სამხთო ქოხებია“ აგებული. ძროხებს აქ ქალები უდგანან, წველიან და კარაქს ამზადებენ. კარაქს დღვებავენ ხის ჩხუტში ან ვარიაში. ჩხუტში ნაღებს ნახევრამდე ჩაასხამენ, მდღვებავი დედაკაცი აიღებს ბარნელს, დადგება ჩხუტთან და ამ ბარნელით დღვებავს. ვარიას „კუჩხებით“ მაღლა ჩამოჰკიდებენ და ფეხით არწევენ. დღვებას უნდებიან თითქმის ნახევარი დღე. თუ რძე შეცივებულია, ორ–სამჯერ ცხელ წყალს ჩაასხამენ და ისე დღვებავენ. შედღვებილ კარაქს ხელით ამოკრეფავენ და მას გუნდებათ დააკეთებენ. კარაქს შემდეგ ადნობენ და ერბოდ ამზადებენ. ფშაური ერბო გემრიელია დ მასზეა ნათქვამი:

პური ქართლისა, ღვინო კახისა,
ყველი თუშისა, ერბო ფშავისა–ო.

 

 

გაწურულ ხაჭოს მარილს მოაყრიან, გაზელავენ, გუნდებად იღებენ და აშრობენ. ეს ხმელა ხაჭო ფშაველის ჩვეულებრივი შეჭამანდია.

ღორს ფშავლები არ ჭამენ და ადრე არც აშენებდნენ.

ფშავში სატრანსპორტოდ ცხენები ყავთ. უცხენოდ ძნელია მთაში მიმოსვლა, განსაკუთრებით ტვირთის გაზიდვა და ცხენიც ფშავში თითქმის ყველას ყავს. ფშავლები ფუტკრის მოშენებასაც მისდევენ. ადრე ფუტკარი ხის გეჯაში ან ხოკერში იყო მოთავსებული, ხოლო საფუტკრე სვილის ყარტითა იყო დახურული. ხოკერი ბლისა და თელის ქერისაგან არის გაკეთებული. როცა თაფლის ამოღება უნდოდათ, ასეთ საშუალებას ხმარობენ: ღამე წაიღებენ მდინარეზე ფუტკრით სავსე ხოკერს, წყალში ჩაუშვებდნენ, გაჟუჟავდნენ და შოთებს ისე აცლიდნენ. ამიტომ თაფლი დაწურვას „დალევასაც“ უწოდებდნენ. ფუტკარი თუ გეჯაშია, მას „სწველენ“ და ზამთრისათვის ცოტა სარჩოს უტოვებდნენ. თაფლის შეგროვების ასეთი მეთოდი განპირობებული იყო იმით, რომ ამ პერიოდში ქართული ფუტკრის გამრავლება ფშავში პრობლემას არ წარმოადგენდა. აქაური კლიმატი იძლეოდა იმის საშუალებას, რომ თაფლის მოპოვების პროცესში ფუტკრის განადგურებას ხელი არ შეეშალა მომავალი წლის პროდუქტის დამზადებაში. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ აქაური თაფლი ერთ–ერთი საუკეთესო გემური და პროდუქტიული თვისებებით ხასიათდება. დღესაც ფშავში პრაქტიკულად ყველა ოჯახი მისდევს მეფუტკრეობას.

შინა მრეწველობა. ფშავლის ქალები მინდვრისა და საოჯახო მუშაობასთან შინა მრეწველობასაც ეწევიან, რომელსაც მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ფშავის ეკონომიკაში. აქაური შინა მრეწველობა მეცხვარეობასთან არის დაკავშირებული, რომელიც იძლევა მატყლის საკმაო მარაგს და ფშაველი ქალებიც ამ მატყლისაგან ამზადებენ ოჯახისათვის საჭირო ქსოვილებს. ფშაველი ქალები ხელსაქმეში დახელოვნებული არიან. აქ ყველანი ხელში ტარ–ფარტენითა და წინდა–ჩხირებით დადიან და მუშაობენ. ქსოვენ უმთავრესად: ტოლს (შალს), ფარდაგს და წინდებს.



 

 

სატოლე მატყლს არჩევენ ხარისხისა და ფერის მიხედვით, შემდეგ ის ირეცხება და შრება. სუფთა მატყლი საჩეჩელზე პირველად „ფოლად“ გაიჩეჩება, შემდეგ ფოლი მეორე პირად იჩეჩება და „ფარტენად“ იქცევა.

თუ ჭროღა ტოლი იქსოვება, მაშინ შავსა და თეთრ მატყლს ერთმანეთში გაურევენ და ისე გაიჩეჩება. ფარტენას ტარზე ართავენ.

ტარი საგრეხელში ტრიალებს. ძაფდართულ ტარებს ჯარაზე ძახავენ (გრეხენ) და თხორად ახვევენ (ნართი). შემდეგ ფერადი ტოლისათვის ამ თხორებს ხიფებად ამოახვევენ და ღებავენ. ამისათვის ხმარობენ ქიმიურსა და ბუნებრივ საღებრებს. ბუნებრივ ფერებს შინ ამზადებენ: ყვითელი ფერისათვის ხმარობენ ხაქოლს (ბალახია) და ლებს ( მოთეთრო მიწა), მუქი ყვითელი ფერი იღებება თრიმლის ხის გულის ნახარშში, შავ ფერისათვის ხმარობენ თავშავა ბალახს და რკინის წიდას, აგრეთვე მურყანის ქერსა და ძაღას. მწვანე ფერი ჯერ ყვითლად იღებება და შემდეგ ლილაში ამოავლებენ. ცისფერის მისაღებად ნაცრის ნადუღში ლილას გახსნიან და ეს იძლევა ცისფერს.

შეღებილსა ა დამზდებულ თხორს საქსოვის ყდაზე გააბამენ. ყდა ხისაა და ხისაა და ყველას საკუთარი მოეპოვება, რომელიც დერეფანში ან ბოსელ– საბრძელშია გამართული.

მქსოველი ქალი ყდას მიუჯდება, იღებს ცხმელას, რომელზედაც საზედაო ბაწარია (ძაფი) დახვეული და ამას თხორში გაატარებს, ცრემლას თან კუდი მიჰყვება, რომ ბეჭვნის დროს საზედაო ძაფი არ გაწყდეს. შემდეგ იღებს ბეჭს და ორივე ხელით თხორზე საზედაოს ბეჭნის, რომ ამით ძაფი ძაფზე მივიდეს და ქსოვილი განმტკიცდეს. ქსოვის პროესში თხორას ასწორებენ „სახეხავით“ და გარას– საყვანელთი გარას ასწევ–დასწევენ. ერთ ყდაზე თხუთმეტამდე ტოლი იქსოვება. კარგი მქსოველი ქალი დღეში ერთ მეტრ ტოლს მოქსოვს. ფშავში ტოლზე დიდი მოთხოვნილება იყო, რაგდანაც მისგან იკერებოდა მამაკაცის სამოსი.

ფშავში ქსოვენ აგრეთვე ფარდაგებს. ფარდაგი იქსოვება იმავ საქსოვ ყდაზე ერთპირა ხვეულად და არა ნაჭვრეტად. ფარდაგს ფშავლები ხალიჩას უწოდებენ და ამზადებენ მსხვილ „საქსლე ბაწარი“–საგან, რომელსაც ფერებში ღებავენ და ამ ფერად ბაწრით იქსოვება ჭრელი ფშაური ფარდაგი. ფერებში სჭარბობს: ღვიძლისფერი (ყავისფერი), სოსანის ფერი, შავი, ალისფერი, ცისფერი, წენგოს ფერი და თეთრი. ფერადობით ნაჭრელ ფარდაგს ფშავლები „თათრულა“ ხალიჩას უწოდებენ, ფერადზოლიანს კი ფშაურს. ზოლიანი ფარდაგის ქსოვა იოლია და იაფადაც ფასობს, თათრულა კი რთული მოსაქსოვია და ძვირადაც ფასობს. თათრულა ხალიჩას ნაჭრელაში ტონალობა ფერისა შეხამებულია და ეს სასიამოვნო შეგრძნებისას იძლევა. მაგრამ ამ თათრულა ფარდაგების ფერადობა და სახეც იცვლება.

წინანდელ ფშაურ ფარდაგებს ნაქსოვის სიმტკიცესთან ერთად ახასითებს ნაჭრელის რთული გეომეტრიული ფიგურები, ჯვარკვერა და კავიანი არშიები. ახალ ფარდაგებზე კი ამ გეომეტრიულ ფიგულარობას ცვლიან ფოთლოვან–ბოჯოჯრატოტიანი მცენარის ხეები. მათი ფერდობაც შედარებით უხამოა, ნაქსოვი დაბალია და მოუხეშავი.

ფშავში გავრცელებულია ხურჯინის ქსოვა–დაკერვა. ფშაური ხურჯინი იქსოვება ხვეულად და არა ნაჭვრეტად. მისი ნაჭრელი და ფერადობა ფარდაგისაგან არ სხვავდება. ძველი ხურჯინები ნაჭრელია გეომეტრიულ და ჯვარ–კავა ფიგურებით, ახალი კი მცენარის სახეებით

 

.

საფენ–ხურჯინებზე აქ დიდი მოთხოვნილებაა და კარგ ფასებში იყიდება. ფშაურ ფარდაგებს უმეტესად ხევსურები ყიდულობენ ერბოზე და ქერზე და ესეც ფშავლის ოჯახს ერთგვარ შემოსავალს აძლევს.

რაც შეეხება წინდა–საფუხრის ქსოვას, ეს უფრო იოლი საქმეა და აქ თითქმია ყველანი ქსოვენ, დაწყებული ექვსი წლიდან– ღრმა მოხუცებამდის. ფშაველი ქალის თქმით, გზას ის წინდის ქსოვით იმოკლებს და მგზავრობისა თუ დასვენების დროს მას მკლავზე საწინდე კალთა (პარკი) ჰკიდია და გამალებით ქსოვს. წინდას ჩხირებით ქსოვენ და ფერად „ საწინდე ბაწრით“ აჭრელებენ.