კაფია

ბღავანთ წისქვილი

ბღავანთ გამართეს წისქვილი,
კადაჩალს გადის წკრიალი,
ღამეში საპალნესა ჰფქვავს,
ურმებს გააქვის ჭრიალი.
- ორად სტეხს, სამად ვეღარა,
ეს მამაძაღლის ტიალი!
ცოცხალნივ გადმეეყარნენ
ყელში ჩაცვინულ ჭიანი!
-მანდ ჭავჭავაძენ არ დაქფქვენ,
ბღავანთ საფერი კი არი.

 

ჭიჩოვლებს

რა უთავბოლო ხალხნი ხართ,
ღრმად ვერ თუ ჩაზდედ ჩოხელი,
მიწა რად გეზოგებოდათ,
ეგ მამაძაღლის ოხერი!
ბერი უგებდა ანდერძსა:
-მეც ვიცი მღვდლების ოდენი,
რასაც მე ერთ დღეს ვიუბნებ,
სამ დღეს ვერ იტყვის ორ მღვდელი.
საკმლად ხიფხოლა ჩაყარეს,
შაკერეს ბალის ხოკერი...
ერთ მკვდარ ვერ დაგიმარხავისთ,
დავწვი თქვენ თემი-დ სოფელი!

 

 

წაწლობა, ლაშალერაო

ფშავლიშვილებში ნამყოფი,
არაყით დავითვერია,
თვითონაც ფშავის შვილი
ვარ, წინწრის არაყის მსმელია,
ძილ მამერია ჯეილსა,
მოთმენაც გამამელია,
ავდექი, გამოვიპარე,
უკუნეთია, ბნელია.
ვეხვეწე ლაშარელასა,
პირჯვარი დავიწერია:
წაწლობა, ლაშარელაო,
მოგონილია შენია.
ვიარე ხელის ანდითა,
სახლასაც მივაგენია,
კარებ დაკეტილ დამიხვდა,
ძლივს სადამ გადავხსენია.
ვიპოვე ქალის საწოლი,
დავჯე და დავისვენია.
ქალის დედასთან მოვსულვარ,
ეს მიწადასაყრელია.
ჯღარანი შამდგა შუბლშია,
“აქ რისად შამაზძვერია?”
წამოვხტი შაშინებული
სულ ჟამკარ გადამერია,
ხინკლის დამძღარი სტუმრები,
სულ ფეხით გადმოვთელია;
კარებში გადმოვყირავდი,
თავით ბოძს დავეძგერია.

 

ჯაბანის ციცა

ენაცვალოს თავის პატრონი
თავის თვალ ყვითელ ციცასა,
დავალის მეზობლებშია,
დამბალ ხაჭოსა ჰზიდავსა,
ხსნილ-მარხვა გამაგებინა,
ეგემც დამაყრის მიწასა!
დააბამს თავის პატრონი,
დააკაწვრინებს მიწასა.
ვინც მაგის წკეპლას დამიკრავს,
ეგ იყოს იმის მკვდრისადა.

 

ჭრელამ თქვა

ჭრელამ თქვა თავისთავზედა,
ბეჩავ კაცი ვარ ცოდვილი
დავბერდი, აღარ შემიძლავ,
ორაზედა ვარ მოხრილი.
ფეხთ ერთერთს ვეღარ ვაცილებ,
მიძე საწუთროს ბორკილი,
ეგრეღა ვღანტიელაობ
წისქვილ რო მაგრა მოშლილი.
ჩემი სიცოცხლის მანძილი,
ტანჯვით დავლიე ორწილი,
ერთი არ დამისვენებავ,
ამ დროთაი ვარ მოყრილი.
თვალზე ცრემლ არ შამშრობია
რაკი ერთ მიყვეს ქორწილი;
სახლიდან გამისტუმრებავ,
ერთი მანქანა ცოლ-შვილი.
სხვა საქმეს რაად ვაკეთებ,
გორო,შენ რად არ მოგივლი?
შენს მკერდზე მყავის, ოხერო,
ოთხ-ოთხ ვაჟ შემოწყობილი.
მეხუთე დედაც იქ არი,
იმათთვის ჩამოდნობილი.