სატრფიალო

 

დადექ, ქარო!

დადექ ქარო, და მიამბე,
სიტყვა მაქვს სახვეწარისა:
– როგორა მყვანან მთა-კლდენი,
დაბლა სიტურფე ბარისა.
წყარონი არა დიანა,
ან ყოვილ არა ჰყვავისა,
ან ჩემი დედა და მამა
ტანზე ჩამცმელნი შავისა,
ან სწორებ როგორა მყვანან,
სიმღერის მთქმელნი წყნარისა?
ტიალი, ძნელი ყოფილა
ქვეყნად სურვილი ქალისა,
ყოფილა გულის დამდნობი
მუხლში დამლევი ძალისა,
თავში თმის გამთეთრებელი,
დამთრობი ორივ თვალისა!

 

 


ვაჟიკა და ხმარამზე

ხვარამზე

ვინა ხარ? ვინ იარები,
ლაღო, მაგ ლაღოს ცხენითა,
თავს რადარ შამიბრინებ,
ყანას რად მამკეც ცრემლითა?

ვაჟიკა

ის გეგონაა, ქალაო,
გუშინ რო მედიდებოდი?
კაც- შუაკაცებ გიგზავნე,
თხა-წალებურად ხტებოდი,
შენს დედასა და მამასა
საკლავით ვეხვეწებოდი.
ისე გაგხდევ სურვილსა,
ნემსს ყუნწზე აეგებოდე,
ჩაჰქონდე დილის ნიავსა,
უსულოდ ჩაელღვეოდე,
პატარას, ნარისჩიტასა
თვალში ფხად ჩაეგდებოდე.

ხვარამზე

ვერცხლის თასადამც მაქცია,
რო ღვინით აგრვსებოდი,
დაფერილი მქმნა წილადა,
შამსვემდი, შაგერგებოდი,
ანა მქნა ვერცხლის სათითე,
რო ხელზე ჩაგედებოდი,
ანა მქნა ოქროს ბურთვაი,
კალთაში ჩაგეშლებოდი,
ან ვერცხლის ფულად მაქცია,
ჯიბეში ჩაგეყრებოდი.
ან შენი ნამგლის ყანა მქნა,
რო ეხზე შაგეჭრებოდი, ანა მქნა ვარდი ყოილი,
რო პირზე დაგეყრებოდი.
ანა მქნა მოის პერანგი,
რო გულზე დაგადნებოდი,
ან შენი ნანდაური მქნა,
გულს ჯავრად ცაგეჭრებოდი,
ძლიან დაწუხებული
გზაზედამც შგეყრებოდი,
ან შენი ძმა მქნა მოწილე,
არასდროს გაგეყრებოდი.