ისტორია
ისტორიის მანძილზე თითოეულ საზოგადოებრივ ფორმაციას ახლავს თავისი გარკვეული მატერიალური კულტურაც. ნივთიერი კულტურის ძველი ნაშთებს ფშავშიც ვხვდებით, რომელიც ძირითადად ციხეებისა და სადგომების სახით არის შემორჩენილი. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ სათემო თუ საგვარეულო ციხე–კოშკები მთლიანად არ არის შემონახული. ისინი ერთეული ნანგრევების სახით არის შემორჩენილი ძირითადად უკანა ფშავის რეგიონში.
ამ ძველი ციხე–კოშკების ასეთ სიმცირეს ფშავში თავისი ისტორიული ახსნაც აქვს. უეჭველია, ნაწილი ამ ციხებისა უნდა დანგრეულიყო XII საუკუნეში ფხოელების (ფშავ–ხევსურების) ამბოხის დროს, როდესაც თამარ მეფის განკარგულებით ივანე მხარგრძელის ლაშქარმა ეს მხარე დაიპყრო და სიმაგრეებიც დაანგრია. შემდგომში მეფის განკარგულება ფშავლებს უკრძალავდა ციხე–კოშკების განახლებას, როგორც ჩანს ახალი ამბოხის მოწყობის თავიდან ასაცილებლად. ამასთანავე, ფშავს გარეშე და უცხო ტომები შედარებით ნაკლებად ეტანებოდა და მას გეოგრაფიულიც მდებარეობისა და ლანდშაფტის გვარობის გამო უციხოდაც შეეძლო თავის დაცვა.
თითოეულ თემს ფშავში თავისი ციხე ჰქონდა, რომელშიც მტრის შემოსევისას თემის მოსახლეობა იხიზნებოდა და თავდაცვით ბრძოლებს აწარმოებდნენ. ერთი ასეთი ციხე დღემდეა შემორჩენილი სოფ. შუაფხოსა და გოგოლაურთის მიჯნაზე „ციხე–გორის“ მაღალ გორაკზე. მას გვერდებზე ჩამოუდის მდ. არაგვი და ნაროულას ხევი, რომელიც არაგვს ერთვის. ამ ციხიდან შემორჩენილია მხოლოდ ციხის გალავანი, რომელის ფართობია 14x25 მ. გალავანი ქვისაა და მშრალად არის ნაგები. ციხე ისეთ მაღალ გორაკზეა აშენებული, რომ მასთან მისვლა მხოლოდ საცალფეხო ბილიკით არის შესაძლებელი. ციხის ჩრდილოეთით მაღალი კედელია ამოყვანილი, რომლის სიმაღლე ორი მერტია, სისქე კი 70 სმ. სამხრეთით ციხეს ბუნებრივი მაღალი და ციციაბო კლდე აკრავს, რომლის ხარვეზებიც ქვითაა ამოშენებული. ჩრდილო–დასავლეთის მხარეზე, კედლის ძირში და შუაში დატანებულია 50x76 სმ ზომის სათოფურები.
ამ ციხეში შუაფხოსა და გოგოლაურთის თემები ებრძოდნენ ქისტებისა და თუშების ბელადს თილისძეს, რომელიც ფშავლებს უბისთავის მთიდან ესხმოდა თავს.
ასეთივე ტიპის ციხე–გალავანია დაცული სიფ. მუქოში, რომელსაც საკმაოდ დიდი გალავანი აქვს (50x50 მ.). მისი გალავანი მაღალია და სათოფურებითაა გამართული. გალავანს დასავლეთის მხარეზე ორი კოშკი აქვს მიშენებული, რომლებიც სანახევროდ დანგრეულებია. ამ ციხეში თუშებთან ბრძოლაში თავი სუმელჯი წოწკურაულს გამოუჩენია.
საგვარეულო კოშკებს შორის ფშავში ცნობილია გოდერძის ციხე სოფ. ახადში. ეს ციხე დღეს დაქცეულია. დარჩენილია, მხოლოდ მისი საძირკველი. ამ ციხის მეპატრონე გოდერძი ძლიერი და შეძლებული პიროვნება იყო. გოდერძის ამ ციხეს თუშ–ქისტებთან ერთად არაგვის ერისთავებიც ემტერებოდნენ. ამის შესახებ მრავალი ლექსი და თქმულება დღემდეა შემონახული. ერთი მათგანია:
ახადს გოდერძის ციხეო
სამუქარო ხარ მტრისაო
მოგიდგეს ერისთვიანნი,
ლიბოს გითხიან ძირსიაო,
შიგნით ქალს გამაიყვანენ,
ყელი ჩამოაქვს მძივსაო, –
ნუ სტირი, გოდერძის ქალო,
ნდობა მოგყვება ქმრისაო,
ადგილ ვერა სჯობ ადგილსა,
ანანურ–ციხისძირსაო,
საქმარედ ჩვენც გვეშუება
მსახურნი ერისთვისაო.
გადმოცემით, გოდერძის ეს ციხე ლეკებთან და განსაკუთრებით ქისტებთან ბრძოლაში დაქცეულა. ახადის ციხის თავგადასავალი და გოდერძათ თინას ლეკების მიერ გატაცება გალექსილია ვაჯა–ფშაველას პოემა „გიგლიაში“.
იგივე სიუჟეტზე არაერთი ხალხური ლექსიც არის გამოთქმული:
შატილს ატირდა ხოხობი, ცრემლებ ჩამოსდის თვალზედა,
„შვიდი გავზარდე წიწილი არწივის ნაბუდარზედა,
შვიდთავ უყიდე თოფები, შვიდთავ დავკიდე მხარზედა,
შვიდთავ ფრანგულებ უყიდე, შვიდთავ შავაბი ტანზედა,
დავგზავნე საახადოდა ფშავლების მუქარაზედა,
გზა კარგა გამუასწავლე: „მშვიდობით შვილნო გზაზედა.
პირიქით რამწამს გადახვალთ, ჩაივლით მათურაზედა,
არაგვზე ჩახვალთ წყლის პირსა, მარჯვნივ გახდებით წყალზედა.
ბატარა ნოქვათ აივლით, შახდებით მოედანზედა.
იქ არის გოდერძის ციხე, ნაქები ქვეყანაზედა,
იქა რომ ერთი ქალია, ის აქ მაგვარეთ კარზედა,
რამწამს კი მიხვალთ ციხესთან, მაშინ შაცვივდით ბანზედა!“
ახადს გოდერძის ციხეო, ქვა ნუმც დებულხარ ქვაზედა,
მოდიან ქისტის შვილები, მოგიხტებიან კარზედა,
იქით ქალს გამაიყვანენ, ცრემლი ჩამოსდის თვალზედა.
– ნუ სტირი, ქალო ლამაზო, ცრემლებს ნუ აბნევ გზაზედა.
წამაიყვანეს რჯულძაღლთა, მისდევს ქისტები კვალზედა.
შამახვდა თხისტყავიანი მაღლა მათურის მთაზედა:
– ე ქალ საითღა მოგყავისთ, ცრემლებ რომ მასდის თვალზედა? –
ჯერ გამარჯვება დაასწვრა, ამბავსა ჰკითხავს წამზედა,–
– ე ქალ ახადით მოგვყავის, შატილს უნდ დავსვათ ჯარზედა.
– თუ ეგ ქალ წაგაყვანინოთ, წვერი ნურმც მსხმია ყბაზედა!
თხის ტყავან გადიყრეინნა, ჯაჭვი გადიცვა ტანზედა,
შვიდ ქისტმა, მერვე ფშაველმა ხელებ გაივლეს ხმალზედა.
გაუარ–გამოუარა სუ თავებ დასჭრა წამზედა,
აჰყარა იარაღები, მკვდარი მიაგდო მკვდარზედა.“
ქალ გზაზედ გამააბუნა: „დაო, მშვიდობით გზაზედა“,
თავის ხმალ წააღებინა: „შენ მამა იცნობს ფხაზედა,
ნუ იტყვი ჩემსა სახელსა, მოჯაბრე მიდგა გზაზედა,
ძნელია მტრის ხელში ყოფნა, ხო იცი თავის თავზედა“.
იმედი გქონდეს ხოხობო, მოგივლენ პირობაზედა.
ასევე საყურადღებოა სოფ. ჩარგალში სულა კურდღელათ ნაციხარი. ციხე დანგრეულია, დარჩენილია მხოლოდ მისი უკანა კედელი. იგი ნაგებია დიდი ლოდებისაგან და მნახველზე ციკლოპური ნაგებობის შთაბეჭდილებას ტოვებს. ციხის ფართობი 6x10მ მეტრია, დარჩენილი კედლის სიმაღლე 2.5 მ უდრის. ციხე აგებულია მკვიდრად და დიდი ოსტატობით. კედელში ქვები მჭიდროდ და კოხტად არის დაწყობილი.
ეს ციხე აუშენებიათ ორ ძმას სულასა და კურდღელას. ორივენი ძლიან მამაცნი და მკაცრნი ყოფილან და ციხის მიდამოში თურმე არავის აჭაჭანებდნენ. მათი შიშით მგზავრი ხევსურნი ჯორებს პირს აუჯრავდნენ, რომ მათ ფრუტუნზე გაჯავრებულ სულასა და კურდღელას არ დაეხოცათ. კურდღელას შიშით ჩარგლის არეში ლეკებიც ვერ დათარეშობდნენ. თათრებთან მათი შებრძოლება და სიკვდილი აღწერილი აქვს ვაჟა–ფშაველას პოემაში „სულა და კურდღელა“.
მათი სიკვდილის შესახებ არსებობს გადმოცემის რამდენიმე ვარიანტი. ერთის თანახმად ისინი აფხუშოელებმა დახოცეს ახალ წლის დღეს და ციხეც დაწვეს, რადგან მათი სიმკაცრით ძალიან შეწუხდნენ. მეორე თქმულების თანახმად, ლეკებთან თავდასხმის მსხვერპლი გამხდარან. ერტი ლეკი მისი ციხის სიახლოვეს დამალულა ტყეში და დაჭრილი ირემივით დაუბღავლია. სულას მართლა დაჭრილი ირემი ჰგონებია და ტყისკენ გაქცეულა. ამ დროს გზაში ჩასაფრებული ლეკები თავს დასხმიან და მოუკლავთ. შემდეგ, ლეკები თავს დასხმიან სათიბში მყოფ კურდღელას და ისიც მოუკლავთ.
დღეს ეს ნაციხარი ხატად არის ქცეული, რომლის მახლობლად კვირიას ნიშია აგებული.
საყურადღებოა აგრეთვე სოფ. გოგოლაურთის მახლობლად დარჩენილი თუშური ჩარდახიანი სახლის მაგვარი კოშკი. ეს კოშკი აგებულია მაღალი მთის ფერდობზე, გოგოლაურების სათემო ხატის „ქმოდის წმინდა გიორგის“ მახლობლად და გადასცქერის სოფ. მუქოს. ამ ციხეს გოგოლაურები მიაკუთვნებენ თავიანთ წინაპარ სამ ძმა ლომხუზარელთ, რომლებიც განთქმულნი ყოფილან ვაჟკაცობითა და ქისტებთან გმირული ბრძოლებით. ჯიგრაულები კი ციხეს თავის საკუთრებად თვლიან და მის აშენებას მიაწერენ გვარის წინაპარს ჯიგრაულს, რომელიც პირიქით თუშეთის სოფ. ჭონთოდან ყოფილა გადმოხიზნული და გოგოლაურებს ძმად გაფიცული.
ამ მოსაზრებას ადასტურებს იცის, რომ ნაგებობა ტიპიური თუშურია. ციხე დღეს ჩაქცეულია და მხოლოდ კედლებია დარჩენილი. ფართობი 6x5.5 მეტრია, სიმაღლე კი – 9მ. დღეს ეს ადგილი ხატს ეკუთვნის, ნიშია აგებული და ციხის წვერ–ანგელოზობით ლოცულობენ.
ფშაური სოფლების ტიპი ერთგვარი არ არის. წინათ, სავარაუდოდ, ერთი თემის მოსახლეობა თემის ციხის გარშემო უნდა სახლებულიყო, რათა საჭიროების შემთხვევაში თავი ციხისთვის მალე შეეფარებინა. ასეთი ტიპის დასახლება შემორჩენილია რამდენიმე სოფელშიღა, როგორიცაა მაგალითად, უძილაურთა, უკანაფშავი, ახადი. დანარჩენ სოფლებში მოსახლეობა შედარებით შორი–შორს არის დასახლებული.
წინათ ცალკე დასახლება საშიში იყო, რადგან ფშავში ხშირი იყო მტრების თავდასხმები. ლეკები, ქისტები, თუშები და სხვანი ხშირად აოხრებდნენ ფშავის სოფლებს. ამის ერთ–ერთი კარგი მაგალითია სოფელი აფხუშო, რომელიც ჩარგალთან ახლოს მდებარეობს.
აფხუშოს ჩამოუდის პატარა წყალი აფხუშურა და შემოზღუდულია მაღალი მთებით: სასოეთ თავი, საშავარდნე, ახუნი და საშუბი. კოშკებისა და სახლების ნანგრევებიდან აშკარაა, რომ აფხუშო დიდი და მჭიდროდ დასახლებული სოფელი ყოფილა. აქვეა შემორჩენილი ძველი სასაფლაო, სადაც მრავალი ჩაქცეული აკლდამაა. თავიანთი ფორმით აკლდამები მართკუთხა ფორმისაა და სიპი ქვებითაა ნაშენები.
აფხუშოდან ბილიკი „საპარავის ყელით“ ხევსურეთ–ქისტეთში გადადის, საიდანაც ქისტები აფხუშოელებს ეცემოდნენ და ძარცვავდნენ.
აფხუშო შეძლებული სოფელი ყოფილა და მას ქისტებთან ერთად ლეკებიც არ ასვენებდნენ – ხშირად ეცემოდნენ სოფელს და ტყვეებსაც იტაცებდნენ. ერთ–ერთი გადმოცემით, ახალწელიდ დღეს აფხუშოს ლეკები დასცემიან და სამოცი აფხუშოელი ქალ–ვაჟი გაუტაციათ. გატაცებულები ჟინვალში თავიანთი ბელადისათვის მიუყვანიათ, რომელსაც მათი ნახვის შემდეგ უთქვამს: „არც ერთი თვალმარჩხია და არც ერთი კოჭლიო“. გატაცებულ ტყვეებს ფშავლების დასდევნებიან ღაჭაურას მეთაურუბით და ტყვეები დაუხსნიათ.
„ვინა თქო ჩარგლელთადაო: „ჩარგალში ცუდი ყმანია . . .
აფხუშოთ ჭიჭახევამდე სამოც ლეკს მოსჭრეს თავიო,
აფხუშურაზე გამოჩნდა სისხლის ტბა ალაზანიო,
წინ მოაქვს ფარი და ხმალი, უკან ლეკების თავიო“.
მაგრამ აფხუშომ ბოლომდე ვერ შეძლო ლეკების გამკლავება და სოფელიც ამოწყვეტილა. დღეს აფხუშოს ეს ნასოფლარი იფნის დიდი ხეებითაა დაფარული და სალოცავ ადგილად ქცეულა. აქ ხატის ნიშია, რომელსაც ამაღლების მესამე დღეს ხალხი თამარ მეფობით ლოცულობს. ხატობაში პირველად ღაჭაურას შესანდობარი ისმის, რომელმაც აფხუშოელების ქალ–რძალი ლეკის ტყვეობიდან იხსნაო.
ფშაური სოფლები მცირერიცხოვანია. ამ მხრივ მაღაროს თემში უფრო მსხვილი სოფლებია, ვიდრე უკანაფშავის. აქაურ სოფლებში ყველაზე მრავალრიცხოვანი 50 კომლს არ აღემატება. ასეთია სოფელი ჩარგალი და გომეწარი.
ზოგიერთი ფშაური სოფელი მაღალი მთის წვერზეა მოქცეული, როგორც, მაგალითად: უძილაურთა, ცაბაურთა, წითელაურთა და ახადი. ასეთი სოფლები განცალკევებული კუნძულებივით მოჩანან, რომლებსაც არაგვის ხეობასთან აერთებს საცალფეხო დაკლაკნილი ბილიკები. ფშაური სოფლების დიდი ნაწილი არაგვის ხეობაშია მოქცეული და დავაკებული მთების ფერდობზეა მიმოფანტული. ამ სოფლებში მიმოსვლა შედარებით ადვილია და მოსახლეობაც არაგვის ხეობის დაკავებას უფრო ეტანება.
სოფელს თავისი საზღვარი აქვს და ამ საზღვარზე ჩასმულია მინჯის სამანი. ასეთი მინჯის სამანი დღემდე დაცულია სოფ. შუაფხოსა და გოგოლაურთას მიჯნაზე. აქაური სოფლები უმეტეს შემთხვევაში თავიანთი თემის სახელებს ატარებენ: ცაბაურთა (ცაბაურისაგან), გოგოლაურთა (გოგოლაური), უძილაურთა (უძილაური) და სხვა.
ჩარგალიც გადმოცემით ადამიანის სახელი ყოფილა, რომელიც ცაბაურთიდან გადმოსულა და ამ სოფელსაც ჩარგალი დარქმევია.
ფშავში სოფლებს ძნელგასასვლელი საცალფეხო ბილიკები უვლის. მეკომურებს ეზო–კარმიდამო შემოღობილი არ აქვთ. სახლები და სადგომები ერთგვარი არ არის, სჭარბობს ქალაქის ტიპის სახლები, განსაკუთრებით მაღაროს თემში, სადაც იშვიათად შეხვდებით ძველ, ფშაური ტიპის სახლებს. ასეთი სახლები უფრო უკანაფშავის სოფლებში მოიპოვება: შუაფხოში, უძილაურთაში, ცაბაურთაში, გოგოლაურთაში, ახადში, განსაკუთრებით ბევრია უკანაფშავში.
ეს ფშაური სახლი ორსართულიანია, ნაგებია ქვითკირისაგან უტალახოდ, მშრალად. სახლის ქვემო სართულში ბოსელია გამართული, ზემო კი სადგომია. ბოსლის ჭერში გამოჭრილია ზემო სართულში ამოსასვლელი „საკომი“, ზომით 1x0.70 მ. საკომთან ხის მოძრავი კიბეა მიდგმული და ამ კიბით ბოსელში ჩადიან და სახლის ზემო სართულში ამოდიან.
ფშავი ისტორიულ წყაროებში
ფხოვლები პირველად მოიხსენიებულია „ მოქცევაი ქართლისაი“–ში, რომელთა შესახებ ნათქვამია, რომ, როდესაც წმ. ნინომ იბერიის სამეფო ქრისტიანობაზე მოაქცია (323წ.) შემდეგ: „ წარვიდა წმიდაი ნინო, და ეპისკოპოსი იოანე, და მათ წარატანა მეფემან ერისთავი ერთი. და მოვიდეს, და დადგეს წობანსა, და მოუწოდეს, მთიულთა, პირუტყვისა სახეთა–მათ კაცთა, ჭართალელთა, ფხოელთა, გუდამაყრელთა და უქადაგეს მათ ჯვარი ქრისტიანთა ჭეშმარიტი. ხოლო მათ არა ინებეს ნათლისღებაი, მაშინ ერისთავმან მეფისმან მცირედ წარმართა მახვილი მათზედა, და ძლევით შემუსრნა კერპნი მათნი.
გარდამოვიდეს მუნით და დადგეს ჟალეთსა, და უქადაგეს ერწოთიანელთა, ხოლო მათ შეიწყნარეს და ნათელ იღეს, ხოლო ფხოველთა დაუტევეს ქვეყანა მათი, და ამვიეს თუშეთს, და ხვნც მთიულნი უმრავლესნი არა მოიქცეს, არამედ დაუმძიმა მათ მეფემან ხარკი... რომელიმე მათგანი დარჩეს წარმართობასავე დღესამომდე“–ო.1
ამ საყურადღებო ცნობებიდან ირკვევა, რომ მეოთხე საუკუნეში ფხოვი (ფშავის ხევი) დასახლებული ყოფილა და ფხოელებს ქრისტიანობა ნებით არ მიუღიათ. ამის გამო წარმართ ფხოელებს ხელისუფლებისაგან დევნაც კი განუცდიათ და მათი ნაწილი მეზობელ თუშეთში გახიზნულა. აქედან უკვე აშკარაა, რომ ფშავის ხევში მოსახლეობა ადრე გაჩენილა, ყოველ შემთხვევაში, არა უგვიანეს პირველი საუკუნისა. ფხოვის ისტორიული ტერიტორია მემატიანეს ასე აქვს შემოფარგლული: „ გუდამაყრის ხეობის აღმოსავლეთით ფხოელთა მთებზე არის ფხოეთი, რომელსაც აღმოსავლეთით დიდოეთი, ხოლო სამხრეთ–აღმოსავლეთით თუშეთი საზღვრავსო“2. ფშავის ხევი (ფხოვი) დღესაც ამავე საზღვრებშია მოქცეული.
შემდეგ საუკუნეებში ფხოელნი მოხსენიებულია კახეთის ქორიკოზის კვირიკე II დიდის დროს (1014 წ. ), როდესაც მან კახეთი ხელმეორედ დაიპყრო და ახალი საერისთაოები განაწესა, ნათქვამია: „... მეორე (ერისთავი) დასვა კვეტერისა და მიეცა უჯარმის ზემოთი ორთა მთათა შორის, რომელ არიან კახეთისა და კუხეთისა ვიდრე კავკასამდე და გარდაღმად. ესე არს ერწო–თიანეთი, ფხოველნი, ძურძუკი და ღლიღვი“–ო3 .
ამ მოკლე ცნობიდან ირკვევა, რომ ფხოვი საშუალო საუკუნეებში შედიოდა კვეტერის საერისთაოში.
XIII საუკუნეში, თამარის მეფობის უკანასკნელ წლებში, დაახლოებით 1212 წელს, ფხოელები და დიდოელები გამდგარან და ამ ამბოხების მოსასპობად საჭირო გამხდარა იქ დამსჯელი ლაშქრის გაგაზავნა: „ მათ ჟამთა იწყეს კაცთა მთიულთა განდგომად, ფხოელთა და დიდოთა. დიდონი... უჩინარ რასმე ეშმაკს თაყვანის–სცემდნენ. ხოლო ფხოელნი ჯუარის მსახურნი არიან და ქრისტიანობასა იჩემებიან. ამათ იწყეს რბევად, ხოცად და ტყვეობად, ცხადად და ღამით, მაშინ მოუწოდა მეფეან თამარ ათაბაგსა ივანეს და ყოველთა მთეულთა, დვალთა, ცხრა–ზმელთა, მოხევეთა, ხადელთა, ჭართალთა და ერწო–თიანელთა, მისცნა ივანე ათაბაგსა, და წარავლინა მათ–ზედა. ხოლო ივანემ გონიერად ყო, აღვიდა მთასა ხადისასა, და წარვლო წვერი მთისა, და წარდგა მთასა ფხოელთა და დიდოთასა, რომელი ესე არავის ექმნა, არცა პირველ და არცა შემდგომად. ერთ–კერძო დაურჩა ძურძუკეთი, და ერთი–კერძო დიდოეთი და ფხოელი. ცნეს მისვლა ათაბაგისა, მოვიდეს ძღვნითა მეფენი ძურძუკთანი, მოსცეს ლაშქარი და დაუდგეს გვერდსა, და იწყეს ზეიდამ ბრძოლა, ტყვეობა და კვლა, და რბევა, და დაწვა, და მოწყვიდნეს ურიცხვი კაცი დიდო და ფხოელი. და დაუყუნედ სამნი თუენი. ივნისი, ივლისი და აგვისტოსი. მაშინ შეიწრებულთა ათაბაგისაგან მოსცეს მძევლები, და აღუთქვეს მსახურება და ხარაჯა, და მოსცეს პირი სიმტკიცისა, ქმნეს ზავნი, და წარმოასხნა მძევლები, და ესრეთ გამარჯვებულნი მოვიდეს წინაშე მეფისა, და იქმნა ბრძანება შენი, და მოვაოხრენ ურჩნი ბრძანებისა შენისანი, დიდოეთი და ფხოელნი“–ო (ქართლის ცხოვრება, გვ 484–485)
მემატიანის ამ ფრიად საყურადღებო ცნობაში, სამწუხაროდ, არ არის ნათქვამი, თუ რა პოლიტიკურ–ეკონომიკური ხასიათის მიზეზებით იყო გამოწვეული ფხოელების და დიდოელების (ლეკების) ეს ამბოხება. მხოლოდ ირკვევა, რომ ამბოხება ყოფილა ძლიერი და სამეფოსათვის საშიში. ამიტომ ხელისუფლება იძულებული გამხდარა მეამბოხეთა წინააღმდეგ გაეგზავნა ძლიერი სარდალი ათაბაგი ივანე მხარგრძელი. ათაბაგის ლაშქარი კავკასიონის ქედის გადალახვით მეამბოხეთა მხარეში შეჭრილა და სამი თვის ბრძოლის შემდეგ ეს ამბოხებაც ჩაუქია.
ძლეულ ფხოელებს მორჩილების ნიშნად მიუციათ მძევლები და ხარაჯა. ფხოვის ისტორიაში ამ ამბოხებას საბედისწერო მნიშვნელობა უნდა ჰქონოდა. მეფის ლაშქარმა ეს მხარე ცეცხლით და მახვილით შემუსრა და გაანადგურა. ამას მოწმობენ აქ დღესაც დარჩენილი ძველ ნასოფლართა ნანგრევები შუაფხოს მიდამოებში (ხოვლევი, სოფ. თხილიანასთან, ქანიშო და სხვ.)
ამ დროიდან ამ მხარეს სახელიც ეცვლება და ფხოვის ნაცვლად შემდეგ საუკუნეებში ის ფშავად იხსენიება. მისი ძველი ისტორიული სახელი ფხოვი დღეს მხოლოდ ერთ სოფელს შუაფხოს შერჩენია, რომელიც ფხოვის არსებობის უტყუარი მოწმეა. შესაძლებელია, ეს შუაფხო XII საუკუნეში თავისი პოლიტიკურ–ეკონომიკური მნიშვნელობით ფხოვის ცენტრი ყოფილიყო, სადაც დაცულია ფშავის ძლიერი სალოცავი იახსრის ხატი და ნასოფლართა ნანგრევები.
ფხოელების სახელწოდებაც ამ გეოგრაფიული ფხოვიდან უნდა ყოფილიყო წარმოშობილი, მაგრამ ამბოხების შემდეგ ფხოვის ხეობაშიც სახელი ფხოვი ეცვლება, რომლის ნაცვლად შემოდის „ ფშავი“.
რაც შეეხება სახელი ფშავის წარმოშობას, შესაძლებელია, ეს სიტყვა დაკავშირებული იყოს „ფშა“–სთან, რაც ნიშნავს ფშაურად მდინარის პირიდან გადმომდინარე წყაროს.4 (4. ამასთან ერთად, ჰ. იოსელიანს სხვა მოსაზრებებიც მოჰყავს. ასეთი ფშანი, წყაროები ბევრია უკანაფშავის თემში.
მაგრამ მეამბოხე ფხოელების დასამორჩილებლად არ კმაროდა. მხოლოდ სამხედრო ძალაზე დამყარება, მძევლებისა და ხარაჯის აღება, საჭირო იყო ამასთანავე მათი სარწმუნოებრივ–იდეოლოგიური შემომტკიცება. მით უმეტეს, რომ ფხოელები, მართალია, ოფიციალურად ქრისტიანებად და ჯვარის მსახურად ითვლებოდნენ, მაგრამ სინამდვილეში ისევ წარმართები იყვნენ და მუხის ანგელოზს თაყვანსა სცემდნენ. ეს მუხა ხალხური გადმოცემით ლაშარის „ ხმელ გორზე“ მდგარა და თემის მთავარ სალოცავად ივლებოდა თურმე. თამარის ბრძანებით აქ ეკლესია აუშენებიათ, რომლისათვის თამარს თავისი ძის, ლაშა–გიორგის სახელზე ვერცხლის ჯვარი შეუწირავს და ამ გორსაც ლაშარის ჯვარი დაურქმევია.
ამასთანავე, ფხოელებში რომ ჩაენერგათ თამარის პიროვნების ღვთაებრივობის რწმენა, ლაშარის გაღმა გორზე, „ღელეში“, აუგიათ თამარის სამლოცველო თამარ ნეფედ წოდებული.
ამგვარად, მეამბოხე ფხოვის იდეოლოგიურ– პოლიტიკური შემომტკიცების მიზნით, აქ წარმოიშვა თამარ მეფისა და მისი ძის, გიორგი ლაშას სამლოცველო, შეიქმნა მათი თაყვანისცემის კულტი, რომელსაც ფშავი დღესაც თამარ–ლაშარობით ლოცულობს.
ამასთანავე, ისიც აღსანიშნავია , რომ ივანე მხარგრძელის შესახებ ფშავში ზოგიერთი ცნობა დღემდე შემონახულია. წინათ ლაშარობა–თამარობას ხევისბერები, დამწყალობების დროს, ივანე მხარგრძელსაც იხსენიებდნენ თურმე. თამარ მეფის საჯარეში, ღელეში, დღესაც დაცულია სავარძლისებურად მომრგვალებული ქვის დასაჯდომი, რომელსაც მხარგრძელის საჯდომს უწოდებდნენ. გადმოცემით, მხარგრძელი აქ ჯდებოდა თურმე და საჯარეში შეკრებილი ფხოელების ხევისბერების ბჭობა–თათბირს უსმენდაო.
XIII საუკუნის მეორე ნახევრიდან წყდება ფშავის შესახებ ისტორიული ცნობები და ჩვენ არ ვიცით, თუ რა ბედი ეწია მას შემდეგ სუკუნეებში. შესაძლებელია, ფხოელებმა ისარგებლეს მონღოლების შემოსევით, საქართველოს ფეოდალური მონარქიის დაშლა–დაცემით, ისევ განდგნენ და ეწეოდნენ დამოუკიდებელ თემურ ცხოვრებას. ამსა მოწმობს XV საუკუნის ერთი ისტორიული ცნობა.
როდესაც საქართველო სამ ა გაიყო და კახეთის მეფედ აჯა გიორგი I დავითის ძე (1471-1492 წწ.), მემატიანეს ცნობით, მას საერისთაოები გაუუქმებია და ამის ნაცვლად მოურაობა შემოუღია: „ გიორგიმ დაიპყრა სრულიად კახეთი; მაშინ მოსპო ერისთავნი ჰერ–კახთა შინა და დასხნა მოურავი დიდთა და მცირეთა ადგილთა... ამათ არა მორჩილებდნენ თუშნი და ფშავ–ხევსურნი, არამედ დიდოეთი ერთგულებისათვის დავითისა ერთგულობდნენ ამათ და მსახურობდნენ“–ო (ვახუშტი, საქართველოს ცხოვრება, გვ.158).
აქედან ირკვევა, რომ ფშავი ისევ გამდგარა და არ ემორჩილებოდა კახთა მეფეებს და მათ მოურავებს.
ამ გარემოებისათვის ყურადღება მიუქცევია კახეთის მეფეს ლევან II (1520-1574 წწ.) და განუზრახავს ფშავის შემომტკიცება, რომელსაც მისთვის პოლიტიკურ–ეკონომიკური მნიშვნელობა ჰქონდა.
ფშავის მხარე დარაჯობდა კახეთის სამეფოს აღმოსავლეთ–ჩრდილოეთის საზღვარს და წარმოადგენდა კახეთის ერთგვარ საფარს. ფშავის კავკასიონზე გადადიოდა ჩრდილოეთის ბილიკები, საიდანაც შემოდიოდნენ განსაკუთრებით ქისტ–ჩაჩნები. ამიტომ ფშავის ხევს კახეთის სამეფოს თავდაცვისთვის სერიოზული მნიშვნელობა ჰქონდა. ამას გარდა, ფშავლები კარგი მოლაშქრეები იყვნენ და ბეგარის გაღებაც შეეძლოთ. ამის გამო ლევანი შესდგომია ფშავის შემორიგების საქმეს: „ ამას წინათა კახთა მეფეთა არღარა მორჩილებდენ ფშავ–ხევსურნი და თუშნი და ამან ლევან დაიპყრნა არა ძალითა, არამედ აღუთქვა, რათა ცხოვარი მათნი უვნოდ მძოვარიყუნენ კახეთს და მისცა შეწირულობა ლაშას ჯუარსა თიანეთს შინა და მიერითგან მისცემენ ლაშქარსა და ბეგარასა“–ო (იხ. ქართლის ცხოვრება ნაწ. II, გვ 107; ვახუშტი, საქარ. ცხოვრება, გვ.163).
ამგვარად, ლევან მეფესა და ფშავს შორის მომხდარა შეთანხმება, რომლის ძალით ფშავლებს მეფისათვის უნდა ეძლიათ ლაშქარი და ბეგარა, სამაგიეროდ, მეფეს ფშავლების ცხვრისათვის უნდა დაეთმო კახეთში ზამთრის საძოვრები. ამ პირობის სიმტკიცის ნიშნად მეფეს ფშავლების მთავარ სალოცავ ლაშარისათვის შეწირულებაც მიურთმევია.
შემდგომში ადმინისტრაციულად ფშავი შედიოდა ჯერ კვეტერის საერისთაოში, მოგვიანებით კი ერწო–თიანეთის სამოურაოში.
საეკლესიო მმართველობის მხრივ ფშავი ეკუთვნოდა ხარჭაშოს საეპოსკოპოსოს (იხ. ვახუშტი, საქარ. გეოგრაფია, გვ. 137).
ერისთავ–მოურავები მეფის ბრძანებით ფშავის ხევში ჰკრებდნენ მოლაშქრეებს და ქარაჯსაც იღებდნენ. მაგრამ მათ უფლება არ ჰქონდათ ფშავის შინაურ საქმეებში ჩარეულიყვნენ, რომელსაც ფშაური ადათის მიხედვით ხევისბრები განაგებდნენ.
ბრძოლის ეპიზოდებით მდიდარია ფშაური ეპოსი, რომელშიაც გალექსილია მებრძოლთა თავდადება და ვაჟკაცობა.
ამ მხრივ საყურადღებოა ფშავლების ბრძოლა ზურაბ არაგვის ერისთავთან, ამ ბრძოლის შეასახებ ისტორიული ცნობები ქართულ მატიანეში არ მოიპოვება, მაგრამ მისი გალექსილი ეპიზოდები და გადმოცემანი ფშავში დღემდე შემონახულა.
ზურაბ არაგვის ერისთავმა (1619-1629) ისარგებლა ქართლ–კახეთის სამეფოს დასუსტებით და განიზრახა თავისუფალი მთიელები, რომლებიც უშუალოდ მეფეს ემორჩილებოდნენ, დაეპყრო და თავის ყმებად ექცია. მაშინ ის შეუდგა მთიელების დაპყრობის სამზადისს.
პირველად ზურაბმა მთიულეთ–ხევისკენ გაილაშქრა და ძლიერი ბრძოლის შემდეგ ეს მხარე დროებით დაიპყრო5. შემდეგ ფშავ–ხევსურეთისკენ გაილაშქრა და ორწყალში ჩავიდა.
ორწყალთან ზურაბს ფშავ–ხევსურები შეებრძოლებიან:
ფშავში ამოხვედ ზურაბო,
ღალას და კულუხს ელიო,
ფშავლებმა გამოგაქციეს,
დღე დაგაყენეს ცხელიო.
კართანას გადასავალში
მსახურთ გიკიდეს ხელიო
თვალივს რო ამოემართე
იქ მოგაგონდა ცხენიო.
ორწყალთან ფშავლებს ზურაბი დაუმარცხებიათ და გამარჯვებულ ხალხს ეს ამბავი ასე გაულექსია:
არ კი გითხარა, ზურაბო,
ფშავლების ხელი სენია,
შენ ეგ არ დაგიჯერებავ,
არცა რა მოგისმენია.
ორწყალში შემოგივლია,
ხალიჩა მოგიფენია;
მანდ მოგივიდგენ ფშავლები,
დღე დაგაყეენეს ცხელია,
სირბილით ჩამოგავლიეს,
არაგვის ჭალა გრძელია,
კართანას გადასეესა,
მსახურთ გაკიდეს ხელია,
თვალივის ყელში რომ მიხველ,
იქ მოგაგონდა ცხენია.
მაგრამ ამ პირველ დამარცხებას შეუპოვარი ზურაბისთვის გული არ გაუტეხია და მას ფშავში ხელმეორედ გაულაშქრია. ფშავლები ზურაბს მათურის თავთან შებრძოლებიან და ის აქაც დაუმარცხებიათ:
ზურაბ, რა უყვენ ლაშქარნი,
ნაკრეფნი შვიდის თვისანი,
ჩაუშვენ მათურაშია,
თვალნი გაგიწყრეს ხთისანი,
დაგიხვდეს ფშავლიშვილები,
შემოგეწივნეს მთაზედა,
გაწითლებინეს ქვიშანი.
ბოლოს ზურაბს განუზრახავს იერიში მიეტანა ფშავლების ლაშარის ჯვარზე, რომლის ყმად მთელი ფშავის–ხევი ითვლებოდა.
ზურაბს ჯავრი ჰკლავს ორისა:
ზენა მთის ქვემოთ ბარისა:
ხევსურეთს ჭორმეშავისა,
ფშავში ლაშარის ჯვარისა.
ზურაბმა კარგად იცოდა, რომ ლაშარის ჯვრის ხელში ჩაგდებას გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნებოდა ფშავის ხევის დასაპყრობად, რადგანაც ეს ადგილი იყო ფშავის რელიგიური და პოლიტიკური ცენტრი. აქ ესვენა ლაშარის დროშა და აქვე წყდებოდა სათემო საქმეები, საიდანაც თავხევისბერი მოუწოდებდა ფშავლებს ზურაბის წინააღმდეგ თავდადებული ბრძოლისაკენ, რადგანაც „ლაშარის ყმათ სხვისი ყმობა არ მოუდისო“.
ზურაბს ლაშქარი გაუყრია და ლაშარის გორს მისდგომია. ფშავლები ლაშარში გამარგებულან და ზურაბს შებრძოლებიან:
ზურაბის ცხენი ტიალი
ქერსა არა სჭამს მთისასა,
წავა და ბარით მოუტანს,
ჯავრსა არა სჭამს მტრისასა,
„ეგებ ჯავრს ამოვიყრიდი
ფშავში ლაშარის ჯვარისა“.
ძლიერი ბრძოლის შემდეგ ზურაბს აქ გაუმარჯვია და ლაშარის ჯვარი აუღია.
შურისძიების მიზნით, ხალხური გადმოცემით, ზურაბი შესდგომია ლაშარში მდგარ „ბერმუხის“ მოჭრას. ზურაბის ამ საქციელს ხალხი სასოწარკვეთით თურმე შესცქეროდა, რადგან ფშავლების რწმენით ამ მუხაში სადგურებდა მუხის ანგელოზი, რომელიც მოლაშქრეთა მფარველი და წინამძღოლი იყო. ამიტომ მუხის მოჭრით ლაშარს მფარველი ანგელოზი განშორდებოდა და თემის ძლიერებაც გაქრებოდა. ეს კი თემისათვის დიდ უბედურებას მოასწავებდა.
მაგრამ, გადმოცემით, ზურაბმა ამ ბერმუხის მოჭრა ვერ შეძლო თურმე, რადგან, რამდენ ცულს დაჰკრავდნენ, ნაფოტი ისევ მუხის ტანს ეკვროდა და მაგრდებოდა, მაშინ ერთ უკანაფშაველს, გვარად აფციაურს, თემისათვის უღალატნია და ზუბარისათვის ურჩევია, მუხისათვის კატის სისხლი წაესვა. ესეც მოქცეულან. მუხა იმ წამსვე წაქცეულა და ანგელოზიც მოშორებია.
ბებერსა ლაშარის ჯვარსა,
ხმელს გორზედ ედგა ბერ–მუხა,
წვერს ება შიბი ოქროსა,
ზეცას ავიდის კიბითა.
სულძაღლმა ერისთვიშვილმა
ამაუბრუნა ძირითა;
მანამდე იმის ძე არის,
ის ამააგებს ჭირითა:
ზურაბის ამ საქციელს მთელი ფშავი აუმხედრებია, ხალხი ამდგარა და დამარცხებული ზურაბი გაქცეულა:
ოწყალში ჩავა ზურაბი,
ქალია ჩიქილიანი,
ჩაეუბნება მსახურთა:
„განა რა მექნა ტიალი?“
ამგვარად, ხანგრძლივი ბრძოლის მიუხედავად, ზურაბმა მაინც ვერ შეძლო თავისუფალი ფშავის დამორჩილება და თავის ყმად ქცევა.
დამარცხებული ზურაბი ბოლოს ფშავლებს შერიგებია, და ცოდვის მონანიების მიზნით, შებღალულ ლაშარისათვის ზარი მიურთმევია.
1629 წელს თეიმურაზ I ეს ზურაბ ერისთავი ღალატით მოაკვლევინა და ფშავ–ხევსურეთმაც დაისვენა:
გაგზავნეთ მახარობელი,
ფშა–ხევსურეთში ჩაფარი,
საფურცლეს მოკლეს ზურაბი,
ძილ დაიძინონ მაგარი.
ფშაველ–ხევსურთა უთხარით,
წელთით დაიხსნან აბჯარი,
მოუკლავთ ერისთვიშვილი
აღარ მოვალის ლაშქარი.
ზურაბის შემგედ ერთს ფუძნარელ ჭავჭავაძეს მოუნდომებია ყმად დაჭერა და ამ მიზნით მას კიდევაც გაულაშქრია ფშავში. მაგრამ ფშავლებს ეს მებატონეც დაუჭერიათ.
ბრალია შენი სიკვდილი,
ფუძნარში ჭავჭავაძეო,
თავში გჭირს სამი ნახმლევი
ზედ ერბო–კვერცხი გაძეო.
ასეთი მედგარი ბრძოლით ფშავლებმა თავი დააღწიეს ფეოდეალების ბატონყმურ უღელს და თავიანთი თემური თავისუფლებაც ბოლომდე შეინაჩუნეს. ხალხური გადმოცემით, როდესაც შაჰ–აბასმა ქართლ–კახეთი მოაოხრა, მას განუზრახავს ფშავის დაპყრობა და ლაშარის განძის ხელში ჩაგდება. შაჰს ერთ თავის ქვეშევრდომ ხანისთვის ჩაუბარებია დიდი ჯარი და ლაშარის დასარბევად გაუგზავინია. ფშავ–ხევსურეთს ეს გაუგია და სპარსელების ლაშქარს დახვედრიან არაგვის ვიწრო გასავალში, ეგრეთ წოდებულ ნაწვეთაში, შეუკრავთ გზა და იქვე ამოუხოციათ. დახოცილთა სისხლს, ხალხური თქმულებით, არაგვის წყალი წითლად შეუღებია და ის ორი კვირა არ დაილეოდაო.
ფშავის–ხევს თავდაცვა უხდებოდა აგრეთვე მეზობელი ტომებისაგან, რომლებიც ნადავლისა და ტყვეების გატაცების მიზნით მას თავს ესხმოდნენ და ამ კუთხეს იკლებდნენ.
ამ მხრივ, ხალხური თქმულებით, მძიმე იყო თუშების თარეში, რომლებსაც ფშავში მეკობრად და ჯარად თურმე უვლიათ. თუშ მეკობრეთა მეთაური დავით თილისძე ყოფილა, თუშური თქმულებით კი – გიორგი თილისძე სოფ. კვავლოდან. თილისძის ლაშარი თუშეთიდან უკანაფშავში გადადიოდა და იტაცებდა ფშავლების ცხვარ–საქონელს, იკლებდა სოფლებს და ნადავლით უკანვე ბრუნდებოდა. ამ მეგობარ თუშებს და ფშავლებს შორის გადამწყვეტი ბრძოლა სოფ. ხოშარაში მომხდარა:
თუშთა ქნეს საღმთო წოვათა,
საღმერთოდ დაკლეს ხარიო;
ღმერთო, შენ ჩაგვასწავლნოდი
ხოშარისანი გზანიო.
თუშ მეკობრენი ფშავლებს გაუფრთხილებიათ:
თუშნო, ხოშარის ნუ ჩახვალთ,
ხოშარა ეკლიანია,
შიგ სამნი მგელნი ბუდობენ,
სამივე ლეკვიანნია.
თუ ჩახვალთ, ვეღარ ამოხვალთ,
გიორგი ეტლიანია.
თილისძე თავისი ლაშქრით ფშავში გადმოსულა, სოფლები აუკლია და ხოშარისკენ წასულა. მას აქ ფშავლები დახვედრია და ხოშარაში მომხდარა გადამწყვეტი ბრძოლა. ფშავლებს თუშები დაუმარცხებიათ და დიდის ზარალით თილისზე გაქცეულა. ხალხური გადმოცემით, ხოშარაში მრავალი თუში დახოცილა და ფშავლებს მათი ჩითები (ნაქსოვი ჭრელი ფეხაცმელი), გოდრებით უზიდიათ.
სოფ. ხოშარაში დახოცილი თუშების საფლავებს აქ დრესაც უჩვენებენ, რომელსაც საკმაო დიდი ფართობი უჭირავს. ამ ბრძოლაში ფშავლებში გმირობა გამოუჩენია სუმელჯი წოწკულაურს.
ხორაშაში დამარცხებული თილისძე ამ ამბავს დედას ასე მოუთხრობს:
– მოხველა, თილის ობოლო, რა ამბავ მოგიტანია?
– ერთ მე მოგიველ, დედაო, სხვა ბევრი ვერ მოდიოდა,
წყურვილის შეწუხებული მხედარი ჩამოდიოდა
დაგვლია ხოშარის გორმა, იქ წყლის არ ჩამოდენამა,
ვიწრო–ვიწრომა ხევხუვმა, მოკლედ ფშავლების დენამა,
უწყალოდ გადმომდინარმა სანათურაის ენამა.
წოწკულაურის ისარი გველივით შამოწიოდა,
შიგ მოდიოდა ჯარშია ცხენებს მხედრები სცვიოდა,
შორს დავრჩი, ახლოს ვერ მიველ, ისევ ამასა სჩიოდა.
ჩაგვყარა არჭილოშია ავმა ნიავმა ქარმაო,
მაგის გამოკრულს ისარსა ვერ დაუფარა ფარმაო,
მაგის დახოცილ თუშები ანდაკს გარიყა ღვარმაო,
იმდენი ჩითა გახადეს, გოდრით გაიყვა ჯარმაო.
ხოშარაში დახოცილი თუშების ცოლების მოთქმა ფშავლებს ასე გაულექსიათ:
ატირდა თუშის ქალები, აღარ მოგვივა ქმარები,
რა ვუყოთ ამათ ცხენებსა, რით დაუჭიროთ თავები.
ზოგთა თქვეს: გომში შევრეკოთ, წელთით დავკეტოთ კარები.
ზოგთა თქვეს: ტყეში გავუშვათ, დაგალონ ნალ–ლურსმანები.
ზოგთა თქვეს: უკუღმ დავკაზმოთ, ზედა ჩვენ შევსხდეთ ქალები,
ზოგთა თქვეს: კახეთს ჩავიდეთ და იქ შავირთოთ ქმარები.
ამის შემდეგ თუშებს ფშავლებისათვის შერიგება უთხოვიათ. ამ მიზნით თილისძე ლაშარობას ფშავში მისულა და ლაშარის ჯვარისათვის თეთრი ქორა ხარი მიუყვანია:
ლაშარს თილისძე მოვიდა, დაჯდა დიდგულად ხარია.
შემოეხვიენ ფშავლები, როგროც ბატონსა ყმანია.
„შენ აქ არ მოგესვლებოდა, დიდი ჰქენ ცოდო–ბრალია.
დასწვი, დასდაგე ხოშარა, ცამდი აუშვი ალია,
შაჰყარე დიაც–ყმაწვილნი, კალოდ გალეწე მკვდარია,
ნაკვეთაურის ჭერხოსა შენ შახსენ რკინის კარია,
სალუდე დასჭერ ქონები, ღმერთს მისდიოდა ჩქამია“.
ამაზე თილისძეს უპასუხნია:
დაიცათ, ლაღნო ფშავლებო, მალოცეთ ჩვენი ჯვარია
სამხვეწრად მამიყვანია თეთრი ქორაი ხარია
მაშინის გავარიგოდეთ, როცა გამოვლენ მთანია,
გავიდეს იალაღზედა ჩვენი და თქვენი ცხვარია,
ვისაი ჭედეს თოფები, ვისიცა სჭირდეს ხმალია,
უბის–თავს დანათდებიან თილიძის ცხენის ნალია.
ბოლოს ორივე მხარე მაინც შერიგებულან და ფშავლები და თუშები იქვე ძმად გაფიცულან. ამის სიმტკიცის ნიშნად ლაშარში სამანი ჩაუსვიათ, თუშებს ლაშარში თავიანთი საჯარე გაუმართავთ და ლაშარის ყმად გამხდარან.
ამის შემდეგ ფშავლები და თუშები დამეგობრებულან და მტერსაც ძმურად თუმრე ებროდნენ:
„თუშნო ფშაველნო, ხევსურნო,
ლაშქარი დავაზიანოთ,
ჩვენ ერთურთს მხარი უჭიროთ,
მტერნი კი დავაზიანოთ“.
ასეთ კავშირს მოითხოვდა თუშ–ფშავ–ხევსურების საერთო პოლიტიკურ–ეკონომიკური ინტერესები, რომ მათ შეერთებული ძალით შესძლებოდათ თავდაცვა მოძალადე ფეოდალებისა და ქისტ–ლეკებ–თათრების თარეშისაგან, წინააღმდეგ შემთხვევაში საფრთხე მოელოდა მათ თემურ თავისუფლებას და ცხვარ–საქონელს.
ამას კარგად გრძნობდნენ თვით ეს მთიელებიც და სამივენი ერთად იბრძოდნენ ბახტრიონის აღებაში.
1658 წელს კახეთის გამგებელმა სელიმ–ხანმა ბახტრიონსა და ალავერდში თათრები დაასახლა. სელიმ–ხანი ხელს უწყობდა ალვანის (ალონის) ველზე ლეკების თავისუფალ თარეშს, სადაც ზამთრობით დგებოდა ფშავ–ხევსურეთის ცხვარი და მოთარაშე ლეკების ამ ცხვარ–საქონელს იტაცებდნენ.
ამიტომ თუშებმა ბახტრიონზე პირველად ფშავ–ხევსურებს მოუწოდეს:
„ჩვენამ ხ ჩვნი მანი ვართ
სისხლით, ხრცი და რჯულითა,
მტერმა დაგვჩაგრა, გვიშველეთ,
გაუტეხელნო გულითა“ (ვაჟა).
თუშების მოწოდებას ფშავლები გამოეხმაურნენ და სალაშქროდ ბახტრიონისაკენ დაიძრნენ. ამ ლაშქრობის ეპოპეა მხატვრულად მოცემულია ვაჟა–ფშაველას „ბახტრიონში“ და ჩვენ აქ მოვიყვანთ მის ზოგიერთ ნაწყვეტს.
ივსება ლაშარის გორი
ქორ–შავარდნების ფარითა:
დროშები გზას უკურთხებენ
ჯღერით, აწვდილის ტარითა.
ფშავ–ხევსურეთის ლაშარი შეყრილა ლაშარში და აქ წესისამებრ სამღვთო გადაუხდიათ:
სამღვთო ქნეს ფშაველ–ხევსურთა,
დაკლეს ხარი და ცხვარია.
ჩამოსხდნენ ბეღელს, საჯარეს
გარს შემოერტყა ჯარია.
ყველას თან უდგა საგზაო,
საჩქაროდ ნადუღარია.
ადიდეს ლაშარის ჯვარი
თამარის ნაჩუქარია;
ხევისბერობას ბერი ლეხუმი
ხმატკბილად მაუბარია.
გმირთა ქებით და დიდებით
გული ვერ მოუფხანია.
ლაშარიდან ხევისბრის ლუხუმის წინამძღვრობით ეს ლაშქარი ბახტრიონისაკენ დაძრულა და ზაალ ერისთავის ლაშქარს შეერთებია. 1659 წელს ბახტრიონი ქართველებმა აიღეს და დამარცხებული სელიმ–ხანი გაიქცა, რომლის შესახებ მატიანეში ნათქვამია: „ზაალ ერისთავმან შემოიფიცა საყმონი თვისნი და ფშავ–ხევსურ–თუშნი, წარუძღვნა ძე თვისნი და მიუხდეს პირველად ბახტრიონს, მოსრნეს თათარნი, მერმე ალავერდს და შემგდომ ყოველსა კახეთსა“–ო (ვახუშტი, საქარ. ცხოვრება, გვ,189).
ბახტრიონის აღებაში ფშავლებში გმირობა გამოუჩენია:
– ვის მოგილოცოთ სახელი,
ვინა ხართ სახელიანი?
– პირველ – ობოლი კვირია,
სახე აქვს ნათელიანი.
მორე – ლელა ბაჩლელი,
ქალი ხელფარტენიანი.
მესამე – ბერი ლუხუმი
კურთხეულგამდელიანი,
მეოთხე– ხოშარეული
არწივი მხარკვერიანი;
მეხუთე გივით ლუმელჯი,
მოგვყანის ნაჭრევიანი.
ამგვარად, ფშავლებს ბახტრიონის აღებაში თავი უსახელებიათ და გამარჯვებული დაბრუნებულან.
ბახტრიონის აღებას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა თუშ–ფშავ–ხევსურეთის ეკონომიკისათვის. როგროც ჩვენ აღვნიშნეთ, ამ მთიელებს ალავანის ველზე კახთ მეფეებისაგან დათმობილი ჰქონდათ ზამთრის საძოვრები. თათრების ბახტრიონში გამაგრება საფრთხეს უმზადებდა ფშავ–თუშების მესაქონლეობას და განადგურებით ემუქრებოდა. ამას ფშავლები კარგად გრძნობდნენ და ბახტრიონის აღებისას თავდადებით იბრძოდნენ.
ფშავლები თუშ–ხევსურებტან მონაწილეობას იღებდნენ თეიმურაზ I და მოსკოვის მეფის ალექსი მიხეილის ძის შორის დიპლომატიურ მიმოწერაში და 1657 წელს თავიანთი სახელით მოსკოვში აგზავნიან ელჩებად ხევისბერებს და სთხოვენ მეფე ალექსის ქვეშევრდომობასა და მფარველობას.
ჩვენ აქ მოვიყვანეთ ამ 1657 წლის დოკუმენტის ტექსტს:
„აქ. დიდო და ყოვლის მპყრობელო ბატონო, დიდო მეფევ და ყოველთ ქრისტიანეთ ხელმწიფევ, ალექსი მიხაილის შვილო! ყოვლისა მპყრობელო! შენის ბრძანებითა ჩვენს დედოფალსა და ბატონის შვილსა კაცი ებოძა, და ჩვენი ქვეყნის კაცი დაებარებინა, რომ ჩვენს ამ დიდის ხელმწიფის ხელთა ვართო. აწე... ხელმწიფევ, ჩვენი ხელმწიფეც თქვენთან არის: და ჩვენც თუშეთის და ხევსურეთის და ფშავის ქვეყანათა, სამთავ ქრისტიანთ ქვეყანასა პირობა გვიქნია და ზურგი მოგვიბამს ერთმანეთისაგან და ელჩები გამოგვიგზავნია. ხევის ბერი სოზამე მაქსიმიჩ, და გრიგოლ სიდორიჩ და პავლე ივანიჩ, და შენი ყმანი შევქნილვართ და თავი დაგვიკრავს, როგორც თქვენი ბრძანება იქნება, ჩვენ იმისი მქნელნი ვართ: ჩვენა ერთი ღმერთი ვიცით და მეორე ხელმწიფე თეიმურაზ. ჩვენ მაგარს ალაგს ვართ და არას კაცს შევეპოვებით. ამდენი ხანი არის საქართველოს ყაენი ებრვის და ჩვენ არც შემოგვიშვია ყაენის კაცი, და სადაც მოგვიხელებია, მოგვიკლავს და მისი სარდარი გაგვიქცევია, და ლაშქარი გაგვიძყვეტია: აწე, დიდო ხელმწიფევ, ჩვენი ხელმწიფე ყაენმა წაახდინა, და ზურგი არარ საით გვქონდა, და მღთისაგან ველოდებოდით, რომ ერთი შენი ბრძანება და კაცი მოგვსლიყო: აწე მოგვივიდა შენი ბრძანებაცა და ჩვენის დედოფლის კაციცა, და ჩვენი ბრძანება გაგვიტავებია, და შენ შემოგხვეწნივართ, და შენთვის ტავი დაგვიკრავს, გვიმსახურე და გვალაშქრე, ამდღეისით შენი ყმანი შევქმნილვართ.“
ასეთივე დიპლომატიური ხასიათის წერილი გაუგზავნეს თუშ–ფშავ–ხევსურებმა 1658 წელს მოსკოვში მეფე ალექსი მიხეილის ძეს:
„დიდო და ყოვლის–მპყობელო ხელმწიფევ, ყოველ ქრისტიანეთ რჯულის დამამტკიცებელო, სრულებ საქრისტიანოს საჭედ–მპყრობელო და ყოველთ ურჯულოთ გამაქარვებელო, დიდის მოსკოვის ტახტზე მჯდომელო და სრულ საქრისტიანოს ზურგო და სიქადულო, დიდებულო ხელმწიფევ. მღვთივ გვირგვინოსანო მეფეთ მეფევ, დიდო მეფევ, ბატონო ალექსი მიხაილის შვილო: თქვენმა მონდობილმა ქვეყანამა თუშეთმა, ხევსურმა და ფშავმა სრულ ერთობითა თავი მოგვიკრავს, და თქვენს ნადგომს მიწას ვმთხევნივართ: აგრევე ამას წინათაც, დიდო ხელმწიფევ, ჩვენი ელჩები გაახელით და სრულად ერთობითა თავი დაგიკარით და ასრე მოგახსენეთ, რომე, ჩვენ ერთი ღმერთი ვიცით და მეორე, საქართველოს ხელმწიფე, მეფე თეიმურაზ და ჩვენ სხვას ურჯულოს კაცის ხელ–ქვეით არა ვყოფილვართ, თუ არ ქრისტიანის ხელმწიფის ყმანი ვყოფილვართ და გვიმსახურებია და ახლა, ჩვენ ხელმწიფესა ურჯულომ ყაენმა სძლივა და, რადგან ჩვენი ხელმწიფე თქვენ ხელთ ქვეშ არის, დიდო ხელმწიფევ, ჩვენც თქვენს ხელთ ქვეშ შევიქნებით და არც უსიკვდილოდ ურჯულოს კაცის ყმობა არ შეგვიძლიან, თუ არ ქრისტიანის ხელმწიფის, და ახლა, მაღალო ხელმწიფევ, ჩვენი ელჩები რომ გამობრუნებულ იყო, და ჩვენის ბატონის რძლის კაცი ივანე მაქსიმის შვილი და თერგზე რომ მოსული იყუნეს, ჩვენი ხელმწიფე წინ შემოჰყროდა და ერთი ჩვენი ელჩი წინ დაეჭირა და ორი კიდევ გამოუშო და ერთი თავისი კაცი ივანე მაქსიმის შვილი და ასრე ჩვენს ხელმწიფესა ჩვენთვის, რომე ერთი ღმერთი იცოდეთო, და მეორე, ეს დიდი ხელმწიფეო. როგორაც მისმა ბრძანებამ დაგარიგოსთ, ასრე ქენითო, და სხვას კაცისთვის არამც თავი მოგიდრეკიათო, და ან სხვა კაცი ჩვენს ქვეყანაში შემოგიშვიათო“. მოვიდა ჩვენი ელჩებიც და ჩვენის ხელმწიფის გამოგზავნილი კაციცა, და ჩვენთვის მრავალი წყალობა გებრძანებინა და მათი ბედნიერი ხელი გაუღებია, ასრე ბეგრძანა, „ჩემი ყმანი შეიქენითო და მემსახურეთო და ვისაც ვემეტერო, უმტერეთო. თუ რამ დაგჭირდეს, შემატყობინეთო, და ლაშქარს მოგაშველებთო, და თუ ჩემი ლაშქარი გამოუძახო, ან ლეკზედა ან სხვაგნით, ჩვენ მზას იყვენითო, რა ხან ჩემი ბრძანება მოგივიდეს, შეიყარენით და ჩემს ლაშქარში გაერივნეთო და მილაშქრეთო“. და სხვა მრავალი წყალობა გებრძანა ჩვენთვინა. ღმერთმან ბედნიერის ხელმწიფის ჭირის სანაცვალონი გვამყოფოს, და მაგათი დღე ერთ ათასად ქნას: ჩვენ არა ღირს ვიყვენით, რომ ბედნიარს ხელმწიფეს ჩვენთვის წყალობა ექნა: ახლა კიდევ ელჩები ვაახელით დიდს ხელმწიფესა რვა კაცი. ნაუმ ივანეს შვილი, პეტრო ნაუმოს შვილი, ალექსანდრე აბრაამის შვილი, მიხაილ გრიგოლის შვილი, გრიგოლ მიხაილის შვილი, ივანე იანს ვილ, სვმნ ზაქარიას შვილი, კუმა სვიმონის შვილი მოგვიგზავნია და შევიტყეთ , რომ ჩვენი ხელმწიფე ჩვენთან წამოსულა და როგროც ჩვენი ბრძანება მამივა, ისრე ვიქთ. და ისრე გმსახურებთ“
ორივე ეს წერილი შედგენილი იყო თეიმურაზ I კარნახით, რომელიც შაჰ–აბასისაგან დევნილი ფშავ–ხევსურეთში იმალებოდა და აქედან ცდილობდა მოსკოვის მეფის დახმარებით კახეთიდან სპარსელების განდევნას და თავის ტახტის აღდგენას. ამ მიზნისათვის საჭირო გამხდარა ფშავ–ხევსურეთის დიპლომატიური ენით ამეტყველება.
XVIII საუკუნეში, თეიმურაზ II (1744 -1760 წწ.) და ერეკლე II (1760-1798 წწ.) დროს, თუშ–ფშავ–ხევსურეთს, როგროც ჩრდილოეთის მოსაზღვრე კუთხეებს, მეტი პოლიტიკური მნიშვნელობა ეძლევათ. აქედან შემოდიოდნენ ქისტ–ჩეჩნები, განსაკუთრებით ლეკები, რომლებიც ქართლ–კახეთში დათარეშობდნენ და მოსახლეობას იკლებდნენ. ამიტომ როდესაც, ერეკლე II ლეკების თარეშის ასალაგმავად მორიგი ლაშქრობა დააწესა(მორიგი ლაშქრის განჩინება (კრებული I, ტფილისი, 1871 წ, გვ 141.), მან ამ ბეგარისაგან თუშ–ფშავ–ხევსურები გაათავისუფლა. რადგანაც ისინი ლეკების საზღვარს ისედაც იცავდნენ.
ამასთანავე, თეიმურაზ II და ერეკლე II თუშ–ფშავ–ხევსურეთში ხშირად იხიზნებოდნენ და ამ მთიელებისგან ადგენენ პირად მცველთა საიმედო რაზმებს.
XIX საუკუნის დასაწყისში საქართველოში რუსეთის თვითმპყრობელური რეჟიმის დამყარებამ ჩვენს მთიელებშიც დიდი მღელვარება გამოიწვია, რასაც მოჰყვა ხევ–მთიულეთის ამბოხება (ა.ფრონელი, მიულეთი, 1804 წ. ტფილისი, 1896 წ. სერ. მაკალათია, მთიულეთი, ტფილისი, 1930 წ. გვ. 34-38)
მეამბოხეებმა ფშავ–ხევსურეთს მოუწოდეს და შეიარაღებული ძალით დახმარება სთხოვეს. ამ მოწოდებას პირველად ფშავლები გამოეხმაურნენ და ლაშქრობის სამზადისსაც შეუდგნენ. ეს შეიტყო ფშავ–ხევსურეთის ბოქაულმა დურმიშხან ჩოლოყაშვილმა და იმ წამსვე მთავარმართებლის მოადგილეს ვოლკონსკის აცნობა, ფშავლები და ხევსურები ამბოხებას აპირებენ და როგორ მოვიქცეო. ვოლკონსკიმ ფშავლების დასაწყნარებლად გაგზავნა ალექსანდრე მაყაშვილი და დავით ქობულაშვილი, გაატანა მათ ფშავლების დასასაჩუქრებლად ასი თუმანი ფული იმ პირობით, რომ ფშავ–ხევსურებს მთიულეთის ამბოხებაში მონაწილეობა არ მიეღოთ.
ამასთანავე, ფშავლები თხოვდნენ ვოლკონსკის, რომ ფშავისათვის ცალკე მოურავი დაენიშნა და ფიცსა სდებდნენ, ამბოხებაში მონაწილეობას არ მივიღებთო.
ამგვარად, ფშავლებმა თავი შეიკავეს და მთიულეთის ამბოხებაში მონაწილეობა არ მიიღეს.
შემდეგ, როდესაც ტახტის მაძიებელი ბატონიშვილები იულონი და ფარნაოზი მთიულეთში გადმოვიდნენ და მეამბოხეთა მესვეურობა იკისრეს, მაშინ ფარნაოზმა სიყვარულით და ნდობით სავსე წერილი გაუგზავნა ფშავლებს, რომელშიც ის ფშავლებს სთოვდა რუსეთზე გალაშქრებას და ამბოხებაში მონაწილეობის მიღებას
მაგრამ არც ფარნაოზის ამ წერილმა გასჭრა და ფშავ–ხევსურებმა ფარნაოზს უარი შეუთვალეს.
ამასთანავე ფშავლებმა მიიღეს სპარსეთის გახიზნული ალექსანდრე ბატონიშვილის ფირმანიც. ჩვენ აქ მოვიყვანთ ალექსანდეს ამ წერტილის ტექსტს:
„ქ. საქართველოს მეფისძე ალექსანდრე სიყვარულით მოგიკითხავ ერთობლივ ჩვენს უნჯთ ყმათ ფშავთ. მერე თუ ჩვენს ამბავს იკითხავთ, იქ ფამბაკში მოვედით თორმეტი ათასის ყიზილბაშის კაცით და ყაჯარი ფარყულიხან სარდალი ჩვენთან არის. ამას გარდა ქართლიდამაც და კახეთიდამაც თავადნი აზნაურნი და გლეხნით მრავალნი არიან ჩვენთან, და კიდევ ყაზახისა შამშადინისა და სხვა ჩვენის თათრების და ელების ჯარებიც აქ ჩვენთან არიან: ყეენის ამბავს იკითხავთ, ერევანს ბრძანდება, ას ორმოცი ათასის კაცით, და ერევანს რომ რუსის ჯარი არის, იმას შემოადგა და მეჩითში შეამყვდია, ჯერ სამი ათასი რუსი მეტი მოუკლავთ, ამასგარდა არც შინიდამ კარში უშვებენ რუსსა და არც არვის გარედამ უშვებენ რუსებთან კაცსა, შიმშილი და ავადმყოფობა ხომ სულ ასე ეპყრობა, დღეში ოცდა ათი და ორმოცი მეტი კვდება რუსი. ამას გარდა აქ ფამბაკში ყარა ქილისიასაც დგას ცოტა რამ რუსი ესეც ასე შემოვსაფრეთ ღთით რომ ან დღეს და ან ხვალ თუნდაც ხმაც არ გავცეთ, მარტო შიმშილი ამოსწყვეტს, ნახევარი მეტი ჩვენს გვსწყვიტეთ: ხუთასი რუსი წამოსულიყო აქეთ ფამბაკისაკენ პურის წასაღებად, ჩვენც ამბავი მოგვივიდა. მაშინვე წამოვედით აქ ფამბაკში ერთ სოფელ არის სარალი ქვიან, აქ დავხვდით ოცდა ერთს ამ თვეს ღვთის მოწყალებიტა და შეწევნიტა ასე დავამარცხეთ, გავწყვიტეთ და დავბრუნდით თვისას ზარბაზნებით, რომ ერთი ცოცხალი არსად გადარჩოილა. ახლა ჩვენ და ჩვენ დიაღ დიდის ნის ბატონ–ყმნი ვართ; თქვენც კარგად იცით: ჩვენს მამას და პაპას თქვენის გულისათვის მრავალჯერ სისხლი დაუქცევიათ და ყოველთვის მამაშვილურად ყვარებიხართ და ეგრეთვე თქვენც ყოველთვის ჩვენის ოჯახისათვის მრავალჯერ სისხლი დაგიქცევიათ.
ათას სამასი წელიწადი არის, რომ ჩვენი ერთგულნი უჯნი ყმაი ხართ და ახლაც თქვენი დიდი ერთგულობა და დიდი სამსახური გვესმის, და როგორც ერთგულად ირჯებით, ვიდრე მაგ საქმეზე ბეჯითად იყავიტ და უყვარდით და გწყალობდათ, უმეტესად ჩვენგან წყალობაცა და იყვარული გექნებათ: ახლა ჩვენს ძმას ფარნავაზს გამოვისტუმრებთ ღვთით მანდეთ ჯარით და როგორც ჩვენი სიტყვა და ჰაზრი არის, ის გამოგიცხადებსთ და გაცნობებთ“.
მარიამობისთვის. კბ. (22), ქრონიკონს „უჟბ“ (490)–1802 წ.
აზის ბეჭედი: ალექსანდრე.
ფშავლებმა ამ შემთხვევაშიც თავი შეიკავეს, განზე გადგნენ და იმდროინდელ გართულებულ პოლიტიკურ ბრძოლაში მონაწილეობას არ იღებდნენ. ეს გარემოება იმით თუ აიხსნებოდა, რომ ფშავი თავისი გეოგრაფიული მდებარეობით დაშორებული იყო პოლიტიკური ბრძოლის ცენტრებს: ერთი მხრით, დარიალის ხეობასა და სამხედრო გზას, სადაც იმპერიალისტურ რუსეთს მთიულ–მოხევეები ებრძოდნენ, მეორეს მხრით ფშავს ქისტ–ლეკებიც შედარებით ნაკლებად აწუხებდნენ, რადგანაც ამ მხრივ მის საფარს ხევსურეთ–თუშეთში, წარმოადგენდა, განსაკუთრებით თუშეთი, რომელიც ხანგრძლივ იგერიებდა ლეკების გამანადგურებელ თარეშს.
ამასთანავე, ფშავი ყველა ამ პოლიტიკურ ამბებს თავისი ინტერესით ზომავდა, რომელსაც ჯერ არ ეგემა მონარქიული რუსეთის ჯარისა და მოურავ– ჩაფრების მწარე მათრახები.
_____________________
- ქართლის ცხოვრება, ტ,1 ზ.ჭიჭინაძის გამოცემა, ტფილისი, 1897 წ.
- ივ. ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია, წ. 11, გვ.301
- ვახუშტი საქართველოს ცხოვრება, ზ. ჭიჭინაძის გამოცემა, ტფილისი, 1913 წ. გვ 151.
- ნ. ურბნელი, ისტორიული კვალი სახალხო პოეზიისა, არაგვის ერისთავი, გაზ. ივერია 1888 წ, N 238, 241; სერ. მაკალათია, მთიულეთი, ტფილისი, 1930 წ. გვ, 28
მომზადებულია ს. მაკალათიას "ფშავის" მიხედვით