მიმოხილვა

მითოსი

მითოსი განსაკუთრებული ტიპია აზროვნებისა, რომელიც განსხვავდება სინამდვილის მხატვრული ასახვისგან, რამდენადაც მას სურს საგნებისა და მოვლენების იგივეობა დაინახოს და ხედავს კიდეც. მითოსისათვის მთვარე არა მხოლოდ ჰგავს ხარის რქას ან ნამგალს, არამედ თავად არის რქაც და ნამგალიც. ასევე, ირემი არათუ ჰგავს რაღაც ნიშნით მზეს, არამედ თავად არის მზე.

მითოსი შეიძლება არსებობდეს ერთი სიტყვის სახით, რომელიც ხშირად, განსაკუთრებით ძველ ენებში, გამჭვირვალე სემანტიკით არის და დაწნეხილად გადმოგვცემს საგნის შესახებ ამბავს ან მინიშნებას ამბავზე. უნდა ვიფიქროთ, რომ პირველ შერქმეული სახელი მოიცავს წარმოდგენას და ამბავს საგნის შესახებ. მაგალითად, გერმანული ღეგენბოგენ – "წვიმის რკალი", ფრანგული არც ენ ციელ – "ცის რკალი", ქართულად "ცისარტყელა" – ცის სარტყელი ... 

თუ ენა, როგორც ამბობენ, სამყაროს სიტყვიერი სურათია, მისი სიტყვები მითოლოგიურ სინამდვილეს უნდა გამოხატავდეს. მითოსი, როგორც მსოფლმხედველობითი ტექსტი, შეიცავს ფუნდამენტურ, არსებით წარმოდგენებს სამყაროზე, ადამიანზე, სამყაროში არსებულ საგნებზე თუ მოვლენებზე, მათ პირველწარმოშობაზე ან პირველშექმნასა და დანიშნულებაზე.

არსებითად, ყოველი მითოლოგიური ტექსტი კოსმოგონიური ხასიათისაა: იგი მოგვითხრობს ამბავს ან მთელი კოსმოსის, ან მისი რომელიმე ნაწილის პირველშექმნაზე.

მითოლოგემა

მითოლოგემა მითოლოგიური ტექსტის "საშენი მასალაა". ის განსხვავებული კუთხით წარმოადგენენ კოსმოსის სტრუქტურას. თითოეული მათგანის განშლით წარმოიქმნება მითოლოგიური ნარატივი. ამგვარად, მითოლოგემა მითოლოგიური ნარატივის ემბრიონია. აქ ჩამოთვლილი მითოლოგემები კოსმოგონიური მითოსის სხვადასხვა ასპექტებს გამოხატავენ. – ცისა და მიწის გამიჯვნის მითოლოგემა. ამ მითოლოგემით გამოხატულია კოსმოგონიის ელემენტარული აქტი, სამყაროს შექმნის პირველი ნაბიჯი – თავდაპირველი ერთიანობის განწვალება, იქნება ეს ცისა და მიწის თუ მლაშე და მტკნარი წყლების ერთიანობა... ან კოსმიური კვერცხის შიგთავსის ორ ნაწილად (ცილისა ცად და კვერცხისგულისა მიწად) განყოფა... – ცისა და მიწის კავშირის მითოლოგემა. ცისა და მიწის და- შორიშორების შემდეგ რჩება მათ შორის უხილავი კავშირი, ე. წ. სამყაროს დიდი ღერძი, რომელსაც მსოფლიო მითოლოგიაში სხვადასხვანაირი ხილული განსახება აქვს: მთა, ხე, კვერთხი, ტა- ძარი, კიბე, ჯაჭვი... ნებისმიერი ვერტიკალურად აღმართული საგანი. ქართული მითოლოგია იცნობს ამ მითოლოგემას, რომელიც უხვად არის წარმოდგენელი ერთ ფშაურ საწესო ლექსში:

წმიდა გიორგი მეც ვიყავ,
ცას ვები ოქროს შიბითა (ჯაჭვითა),
ხმელგორზე (მთაზე) მედგა ბერმუხა (ბებერი მუხა),
ზედ ავდიოდი კიბითა,
ჩემს საყმოთ შემონაძღვენი
ღმერთთან ამქონდა იქითა.


 ბერმუხა – ლაშარის მუხა დღესაც დგას ფშავში ხმელგორზე, სადაც დაარსებულია ლაშარის სალოცავი, ლაშარის ხატი წმიდა გიორგის სახელზე, რომელსაც თქვენ იცნობთ ვაჟა-ფშაველას ლექსებიდან და პოემებიდან. გავიხსენოთ "ბახტრიონი", განსაკუთრებით მისი ბოლო სტრიქონები:

“ეღირსებაო ლუხუმსა ლაშარის გორზე შადგომა”.

ეს ლექსი იმით არის შესანიშნავი, რომ მის ყოველ სტრიქონ ში ცისა და მიწის კავშირის მითოლოგემის რომელიმე ხილულ ნი შანს ვპოულობთ. ეს ხე, შეიძლება იქვას, ისეა დახუნძლული ამ ნიშან-სიმბოლოებით, როგორც საახალწლო ნაძვის ხე სამკაულებით და საჩუქრებით.

I. პირველი, ეს არის მთა, რომელიც როგორც ცისა და მიწის კავშირის ერთ-ერთი უნივერსალია, ყველა მითოლოგიაში არის წარმოდგენილი. ყველგან იგი, იმავდროულად, შუაგულის მითოლოგემის შინაარსსაც ითავსებს: ცისა და მიწის შემაერთებელი ღერძი სამყაროს შუაგულში გადის. თუმცა იგი ფშავის მიყრუებულ კუთხეშია აღმართული, მაგრამ მითოლოგიურად იგი კოსმიურ მთას განასახიერებს.

II. მეორე, ეს არის ჯაჭვი (შიბი), როგორც ცისა და მიწის დამაკავშირებელი საშუალება. რამდენადაც საკრალურია, მასზეა მიბმული წმიდა გიორგი, ამდენად ოქროსია. ამგვარი ოქროს უხილავი შიბები აკავშირებს ერთმანეთთან ფშავ-ხევსურეთის ღვთისშვილებს, მათი საშუალებით ისინი სტუმრობენ ერთმანეთს. შემონახულია ვაჟა-ფშაველას დედის ხილვა, რომელიც მას უხილავს ახალგაზრდობაში:

“მე და ჩემ ბიძაშვილს ქალს სხლოვანს (სოფელია თიანეთში, ზ. კ.) დერეფანში გვეძინა. შუაღამე იქნებოდა, დგანდგარი, ბრდგნიალი დადგა ისეთი, მეგონა მთა-ბარი თუ იქცევაო. შეშინებული წამოვჯე ლოგინში, გავიხედე და მთელი ცა განა- თებული იყო. ორი ოქროსფერი ჯაჭვი იყო წამოსული, ერთი ჭიაურის გორიდან, მეორე სხლოვანის გორითა, გადაბმულები, ზედ ცეცხლის ბალღები ადიოდნენ და ჩამოდიოდნენ და ისეთ წმინდა ხმაზე გალობდნენ, ისე ტკბილად, ღმერთო, იმაზე კარგს რას გაიგონებს კაცის ყურიო” [ყუბანეიშვილი: 55).

III. მესამე, ეს არის ხე, ფშაურ ლექსში ბერმუხის სახით წარმოდგენილი. ლაშარის ბერმუხა ტიპური კოსმიური ხეა, რომლის ტიპოლოგიური ანალოგები ყველა მითოლოგიურ ტრადიციაში გვხვდება. ყველგან ამგვარ ხეს სხვადასხვა განზომილებები აქვს: იგი არის სამყაროს ცენტრი, ცისა და მიწის მაკავშირებელი, ზეაღსავლელი, როგორც გზა ქვემო სფეროდან ზემო სფეროებისკენ. სწორედ ასეთი გამოყენება აქვს წმიდა გიორგის ხეს (“ხმელგორზე მედგა ბერმუხა, ზედ ავდიოდი...”).

IV. მეოთხე, ეს არის კიბე, ადამიანის ხელით შექმნილი, არა ბუნებრივი საგანი, რომლის პირდაპირი დანიშნულება ერთი სიბრტყიდან სხვა სიბრტყეში გადაყვანაა. შუამდინარული საფეხურებიანი ტაძარი ზიქურათი კიბის განსახიერებაა, რომლის შვიდი საფეხური ყოფიერების განსხვავებულ დონეებს შეესატყვისება. ვერტიკალურად აღმართული კიბე და მისი საფეხურები თანდათანობით, არა ნახტომისებურ, ზეაღსვლას გამოხატავს მიწიერი სფეროდან ზემო სფეროებამდე, ტრანსცენდენტური რეალობისკენ – კიბის ძირი მიწაზე დგას, მისი თავი ღვთის კარზეა მიბჯენილი.

V. თუმცა მსხვერპლი (“შემონაძღვენი”), რომელიც ამ ლექსში ყველაზე ბოლოს არის მოხსენიებული, მითოლოგემებს არ ეკუთვნის, მაგრამ, თუ რელიგიის კუთხით განვიხილავთ ტექსტს, იგი მიწისა და ცის კომუნიკაციის არა მხოლოდ საშუალება, არამედ იზანი აღმოჩნდება. ხილული მსხვერპლი (საკლავი, ქადები, საკულტო ნამცხვრები და სხვა), რომელიც მლოცველის მიერ არის მიტანილი სალოცავში, უხილავად ადის ღმერთამდე, ამყარებს რა კავშირს ადამიანსა და ღმერთს შორის. მსხვერპლთან ერთად მაღლა ადის ლოცვა-ვედრება და ქებადიდება, რომელთაც მუხის ძირში მყოფნი აღავლენენ. მაგრამ მსხვერპლი (საკლავი), როგორც ნივთიერი, ისე სიტყვიერ- სულიერი (ლოცვა), გულისხმობს პასუხს, რომელსაც მლოცველნი წყალობის სახით გამოელიან ღვთისგან.

VI. და, ბოლოს, ყველა ჩამოთვლილი მითოლოგემის შემკრები და შემაჯამებელი და თავის თავში მომცველი, სხვაგვარად რომ ვთქვათ, მათი ამამოძრავებელი ფიგურა წმიდა გიორგია, რომელიც თითოეულ მათგან იყენებს ინსტრუმენტად ღვთის კარამდე ასასვლელად. მაგრამ თავადაც იგი, დურანქის დინამიკური გამომხატველი, თავისი ასვლით აღავლენს ადამიანთაგან შეწირულ მსხვერპლს და სიტყვას ლოცვა-ვედრების სახით, რათა გამოსთხოვოს შემწირველთათვის მადლი უზენაესს.

 

კაფია

...თითქმის ყველა ხალხის ფოკლორში არის ჟანრი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ იმპროვიზაციის ძალით არსებობს, შეიძლება ითქვას, იმპროვიზაციის შედეგია. ეს არის გაშაირება, რომელიც კაფიის სახელწოდებით ფართოდ არის გავრცელებული აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში, განსაკუთრებით კი ფშავში, სადაც ამ ჟანრს მკაცრად ჩამოყალიბებული კანონები აქვს. სხვა მოთხოვნებთან ერთად (მაგ., რითმის შეუცვლელობა), იმპროვიზაცია აქ გადამწყვეტია. ადრე ნათქვამის განმეორება, თუკი ასეთი რამ მოხდა, ჩავარდნაა, მარცხია კაფიობის პროცესში და იგი უნდა შეწყდეს. გადამწყვეტია ასევე იმპროვიზაცია ხმით ნატირლებში, რომლებიც თუმცა იყენებენ ტრადიციულ სახეებს, მაგრამ, ძირითადად, იმპროვიზაციის ეფექტს ემყარებიან. მოულოდნელობა, შეიძლება ითქვას, აუდიტორიის დაკვეთაა, რომელიც განუხრელად სრულდება.

ამ მხრივ, შესაძლოა, საკულტო სიტყვიერება იყოს გამონაკლისი, თუმცა იმპროვიზაციის შესაძლებლობა არც აქ უნდა იყოს გამორიცხული. მართალია, საკულტო პოეზიისთვის არ არის დამახასიათებელი პიროვნული ჩარევა ტექსტის შეგნებული შეცვლის მიზნით, არ არსებობს რაიმე იმპულსი ან მოტივი ამ ჩარევისთვის – ტექსტის საკრალიზმი და მისი ასევე საკრალური წარმოშობა ამას არ უწყობს ხელს, მაინც სპორადულად დასტურდება იმპროვიზაციის შემთხვევები. ეს მაშინ ხდება, როცა სუსტდება საკრალური ტექსტისადმი მოწიწება და შემსრულებელი თავს თავისუფლების ნებას აძლევს...

 

მომზადებულია ზურაბ კიკნაძის   "ქართული ფოლკლორის" მიხედვით