ბიჭურ ბადრიშვილი

დადიდება

ღმერთო დიდებულო, წინა ძალი და ბრძანება შენია, შენ გააჩინე და აკურთხე ცანი და ქვეყანანი. დიდება შენდა, დიდო ლაშარის ჯვარო, დიდება შენდა კვირაო კარავიანო, ღვთის და მეუფის კარზედ მგდომელო, სიმართლის წყალობის გამომტანელო ხმელზე ხორციელთათვის.

დიდება შენდა, თამარ ნეფეო, ზემდგომო ანგელოზო;

დიდება შენდა, წმინდა გიორგიო, ხოშარის სათხუთმეტო მთაბარანგელოზო;

დიდება შენდა, დედა ხვთისშობელო, ლაღო იახსარო, ხახმატის ჯვარო, წყაროსთავის წმინდაო გიორგი!

თქვენ გადააფარეთ თქვენი კალთა ფშავის ხევსა, სრულიად საქართველოს, ბაგრატოვანთა, წილხვედრსა ღვთისშობლისასა, თავისეუფლების გზაზე შამდგარსა. თაობით ღონე მიუმატე. კაცსა კაცრიელობა, თქვენ დაიფარეთ მტრისგანა. მიეც ძალი და ერთობა ქართველთა განალტვე გულისაგან მათისა შური და ღვარძლი და შთააგონე სიკეთე და ერთგულება მოძმისა, ერისა.

თქვენ შეგთხოვთ, ყოველნო წმინდანნო და ანგელოზნო უფლისანო, მიანიჭეთ ქართველთა, თქვენთა მავედრებელთა, სემოდგომა ღალიან–ბარაქიანი, პურ–წყლიანი, ზამთარი ნებისა, რგებისა, ზაფხული მშვიდობისა.

თქვენ მოუმართეთ ხელი: მოლაშქრე–მონადირე იყოს, ლაშქრობა– ნადირობაში გაუმარჯვე. მწყემსი იყოს – ცხვარ–ძროხა გაუმრავლე, მეგუთნე იყოს – ხარ–გუთანი გაუმართე, ნახნავ–ნათესს ბარაქა დაუყენე. ქვრივ–ობოლი იყოს, საწყალ–საბრალო, მიეც ნუგეში, ძალი ჭირთა დათმენისა, შენ გაამრავლე ყმანი შენი...