კოპალა
კოპალა - ღვთისშვილია, ფშავში უძილაურთა თემის მთავარი სალოცავია. თავდაპირველად ხორციელი იყო. ბავშვობისას დევებმა მოიტაცეს, ძალიან ცუდ პირობებში ჰყავდათ, ბევრს ამუშავებდნენ. ისეთ საქმეს ავალებდნენ, რაც მის ძალას აღემატებოდა. ძილი არ ჰქონდა, მოსვენება და საჭმელი. პატარა იყო და ვერ გამოიქცა, რომ მოიზარდა, გაპარვა მოახეხა. თავი ბერებს შეაფარა, მათთან ერთად ლოცულობდა, თან დამბადებელს ძალასა სთხოვდა. თხოვნა შეუსრულდა. ისეთი ძალა მიიღო, დევებს რომ მორეოდა.
"კოპალის ხევისბერი იოსებ კოჭლიშვილი
კოპალა ძალიან ლამაზი ყოფილა. მხართეთრ გმირსაც ეძახდნენ, მას ასევე ბერ კოპალადაც მოიხსენიებენ. დევებისა და ქაჯების რისხვა იყო. მორიგე ღმერთისგან საბრძოლო იარაღად ლახტი ჰქონდა ნაბოძები. კოპალა ნადირობასა და თამაშშიც დიდად იყო განთქმული. ძალიან უყვარდა ჯილდაობა.
კოპალას ერთი ლოდი ჰქონია ამოჩემებული, იქ უყვარდა ჯდომა და დასვენება. ერთმა დევმა ეს ლოდი მოპარა. განრისხებული კოპალა დევს და დაედევნა. დევს შეეშინდა ლოდი დააგდო და თავს უშველა. კოპალა დევს დაეწია, ლახტი ესროლა და მოკლა. დღეს ამ ადგილას კოპალის ნიშია (სოფელ მაღაროსკართან).
ერთხელ კოპალა დევებისა და მათი ხელმწიფის საცხოვრებელ ადგილს მიადგა - ციხეგორს (სოფელ აკუშოს მახლობლად) და დევებს იქიდან წასვლა უბრძანა. თანაც, თავისი ძალა რომ ეგრძნობინებინა, რკინის კუნძს ცული დაკრა და შუაზე გააპო.
დევებმა შესთავაზეს - ირემთკალოდან (ადგილის სახელია უძილაურის თავზე) ციხეგორისკენ ქვები გავისროლოთ და ვინც აჯობებს, ციხეგორიც იმას დარჩესო. დანიშნეს შეხვედრის დღეც. დათქმულ დროს ყველამ ირემტკალოზე მოიყარა თავი, მარტო ხაშრელი (ადგილის სახელია ივრის ხეობაში) დევი ბეღელა არ მოვიდა. მას იახსარმა შეუკრა გზა საპარავის ყელში, დაჰკრა ლახტი (,,აიმაღლა საგმირო’’ - ხევისბერი ბიჭურის სიტყვებით) და იქვე მოკლა. ამ დროს, ირემთთკალოზე კოპალა და დევები თანაბარი წონის ქვებს არჩევენ და შეჯიბრისთვის ემზადებიან. ციხეგორს კვირია იყო მათი მსაჯული - თუ ვისი ნასროლი უფრო შორს დაეცემა. პირველად დევმა გაისროლა ქვა.
კოპალას ნასროლი შეიძლება დევის ნასროლამდე ვერ მისულიყო, მაგრამ კვირიამ წამოარტყა უხილავი მათრახის წვერი და ქვა უფრო შორს დაეცა.
ციხეგორი და დევთა ხელმწიფის საბრძანებელი კოპალას დარჩა, დევები კი აქედან მაღარისკაროს მახლობლად კართანაში გადავიდნენ (კართანის სამაროვანს, რომელიც 80-იან წლებში გათხარა ჟინვალის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ, ადგილობრივი მკვიდრნი დღესაც ,,დევების საფლავთ” უწოდებენ).