ფოთოლათ მერცხალა" (გამიხარდი მაჩხოშვილი)
დაზუსტებით უნდა ითქვას, რომ მერცხალა ცხოვრობდა მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში, ფშავის არაგვის ხეობაში მდებარე სოფელ მიგრიაულთაში, რომელსაც ადრე წინაკარსაც ეძახდნენ, რაც ალბათ, დაკავშირებულია ამ სოფლის ტერიტორიაზე შემორჩენილ უძველეს ციხე-სიმაგრესთან, რომელიც არაგვის ხეობაში ერთგვარ შესასვლელს ანუ კარს წარმოადგენდა. მერცხალა ამ სოფელში დაიბადა, აღიზარდა, დაოჯახდა და იქვე დაასრულა თავისი ხანმოკლე სიცოცხლე XX საუკუნის დასაწყისში. სოფელი მიგრიაულთა (წინაკარი) ვრცელ ტერიტორიას მოიცავს და რამდენიმე უბნად -პატარა სოფლად, იყოფოდა. ეს უბნებია: ხილიანა, ბურიანა, ვერხვიანა,ზენა სოფელი, ლომათ გორი, კოშკანი, საქარია, ჩდილნი, ჭალა.
მერცხალა ხილიანაში სახლობდა, ეს უბანი სოფლის მისასვლელში, მდინარე უკვენტბურას მარცხენა მხარეს მდებარეობდა. ხილიანაში ძირითადად მაჩხოშვილები სახლობდნენ, მათ შორის იყო მერცხალას ოჯახიც. მერცხალა რომ მაჩხოშვილების საგვარეულოს ეკუთვნოდა, ეს სადავო არ არის. დღემდე შემონახულია მისი ნასახლარი, რომელშიც შემდეგ ბალიაშვილების ოჯახი დასახლდა, ჯერ კიდევ დგას უზარმაზარი კაკალი, რომელსაც "ფოთოლათ კაკალს" ეძახიან..."
ირაკლი გოგოლაური. "ფოთოლათ მერცხალაი ვარ". 2004. თბილისი, "ლეგა"
მერცხალა - მამასახლისს
რად გინდა ჩემი გაგება,
ან ჩემი ამბის კითხვაო?
ფოთოლათ მერცხალაი ვარ,
ურძნის ჯოხივით ლიტაო.
კარზედა მაქვის მამული -
სახნავი ერთი თვისაო,
ას კოდიანში ქერ მიყრავ,
ორასიანში - წმინდაო;
კარზედ მიბრუნავს წისქვილი,
დავფქვავ, რომელიც მინდაო,
ბიჭი ვარ კაი ყელშია,
რაც მინდა, პირსა ვკითხაო.
კარიკურ ხილით სავსე მაქვ,
ვაშლითა, ხელის სხლითაო...
კარჩი მგელ ვერას შამიჭამს,
შინ შემოტანილს - ციცაო.
მერცხალას სოფლის, მიგრიაულთას მეზობლად არის სოფელი კაწალხევი. აქ ბლოდან ჩამოსახლებული ხევსურები ცხოვრობდნენ.
მთქმელმა, მარიამ ბუთხაშვილმა (”ნინიას ქალმა”), რომელიც თავის დროზე კარგი მოლექსე ყოფილა, ჩამაწერინა: "მერცხალასთან კაწალხეველი ქალები არავინა წვებოდნენ, მაგრამ ისე ალექსა, ხევსურებს აბრაზებდა. მოიგდებდნენ კაწალხეველები მერცხალას სადმე, მიბერტყავდნენ, მიამკვდარებდნენ, რატო გვილექსებ ქალებსაო, ის კიდევ უარესსა და უარესს იტყოდა. თავიც რომ მოეჭრათ, ლექსობას მაინც ვერ მოაშლევინებდნენო."
გიგი ხორნაული. ”ფშაური კაფია”
ნეტავი
ნეტავი, ფშაველ არა მქნა,
კაწალხევს მამცა აღწერა,
მანდაურ ჩოხამც ჩამაცვა,
ხევსურუთულად სამწვერა.
”კუდაის ხარის მივუდგე” -
გულად დავყარე სამჯერა.
სუმელჯათ ბანზედამც დამსვა,
ხან ზენ მეხედნა, ხან ქვენა,
თამარსამც კარზე ქსელნ ედგნეს,
ლელიკას მისცა ფარტენა.
------------------------
”კუდაის ხარით მივუდგე” - ესე იგი, კუდაი ხარი დავუკლა და მათი სოფლელი გავხდეო.
”გულად დავყარე სამჯერა” - სამჯერ გავიფიქრე გულშიო.
ფარტენა - მატყლის ფთილა.
კაწალხევს გადავიარე
კაწალხევს გადავიარე,
გომურ ავიღე ქირითა,
ხარი მყავ გასაკვებავი,
უნდა გავკვებო თივითა.
თამარისძის ქალ, ციკაი
არაყს მიზიდავს მინითა.
საბძელჩი შამამიჩნდება,
როგორც ცისკარი დილისა;
დედა დაუწყებს ძახილსა:
- ციკიავ, ქათმებ ყივისა!
- მერცხალის მკლავზედა ვწევარ,
დაძეხით ჩემის ჭირითა!.
აი, ამ ლექსებისთვის სცემდნენ ხოლმე მერცხალასა და მაინც არა ჩერდებოდა, ბედისწერა იყო იმისთვის ლექსების ამოთქმა და გინდაც თავი მოეჭრათ იმ დამტერებულებსა...
თემმა და ხევისბერმა ეს კარგად გაიგეს და იმიტომაც დაუდგინეს ”გაუგონარი ბეგარა და სირცხვილის დება” ყველას, ვინაც მერცხალას ხელს დააკარებდა ამ ლექსებისთვის.
ერთიც არის, რომ იმ კაწალხეველების მუშტებს მერცხალას მოლექსეობა უნდა გამოეცადა და როგორაც ჩვენი ძველები იტყოდნენ ხოლმე, კარგად დაიჭირა ეს გამოცდა მერცხალამა.
ირაკლი გოგოლაურს თავის დროზე ქართველ მწერალთა ერთმა ჯგუფმა გაუგზავნა წერილი, რომელიც ასე ბოლოვდება:
"ბატონო ირაკლი, ამჟამად თქვენზე უკეთ ამ საქმეს (იგულისხმება მერცხალას წიგნის გამოცემა) ვერავინ გაართმევს თავს. ხალხში ჯერ კიდევ ცოცხლობს მერცხალას სახელი. ფშავის ხეობის მოსახლეობამ ზეპირად იცის ბევრი მისი პოეტური შედევრი. იქნებ მოხერხდეს მისი ბიოგრაფიის ძირითადი მონაცემების დადგენაც.
მერცხალა ქართველი ფრანსუა ვიიონია და მას ისეთივე ადგილი უნდა ეკავოს ქართველ შემოქმედთა შორის, როგორიც ვიიონს - ფრანგულ ლიტერატურაში.
უღრმესი პატივისცემით: დავით მჭედლური, შოთა ქავთარაძე, ბაღათერ არაბული, ალექსანდრე დიდებაშვილი."
გიგი ხორნაული