მთავარანგელოზი და ქმოდის წმინდა გიორგი
ქმოდის თავის (ადგილის დასახელებაა) წმინდა გიორგის ხატი სოფ. გოგოლაურთიდან მოშორებით ერთ მაღალ მთის წვერზეა დაბრძანებული. ხატის ნიში, საზარე და მკვრივი პირამიდულსახურავიანია. საზარეს ყორის გალავანი აქვს შემოვლებული. დასავლეთით დაბრძანებულია ხეთანის მთავარმოწამე და კვირიას ნიში.
ხეთანის მთავარმოწამეს საკუთარი მამულებიც ჰქონია. ერთ-ერთი გადმოცემის თანახმად, შუაფხოელებს და გოგოლაურებს დავა მოსვლიათ ამ მამულზე. ამაზე ხეთანის მთავარმოწამე გაჯავრებულა, ამტყდარა დიდი ჭექა-ქუხილი, მოვარდნილა ნიაღვარი და ზარი არაგვამდის გამოუტანია.
გოგოლაურებს ზარი ამოუბრძანებით არაგვიდან და იქვე ჭალაში გაუბრძაბებიათ - გაუმართავთ საზარე. დღეს ამ ადგილს "ზარის ჭალა" ჰქვია და შუაფხოდან უკანაფშავის მიმართულებით 2 კმ-გზაზე მდებარეობას.
ხატობაზე ხევისბრები და დასტურები ხატის გალავანში იყრიან თავს. მამაკაცები მოდიან საწირ-საკლავით. საწირს შეადგენს ერთი დიდი ქადა და ერთი ხმიადი, რომელზეც სამი კვერი და კელაპტარი აწყვია. საწირთან ერთად მოაქვთ ერთი ხელადა ან ბოთლი სასმელი ღვინო ან არაყი.
მლოცავს ხევისბერი საწირს ჩამოართმევს, სანთლებს აანთებს, დასტური ზარებს დააჟღარუნებს და ხევისბერი მხვეწარს ასე დაამწყალობებს:
"ღმერთო, წინა ძალი და ბრძანება შენია, შენ გააჩინე და აკურთხე ცანი და ქვეყანანი;
დიდება შენდა, კვირაო კარავიანო, ღვთის და მეუფის კარზედ მდგომელო, სიმართლის პასუხის გამცემელო ღმერთთანა და წყალობის გამამტანელო ხმელზე ხორციელთათვის;
დიდება შენდა, დიდო თამარ ნეფეო, ზემდგომო ანგელოზო;
დიდება შენდა, კოპალავ შვენიერო;
დიდება შენდა მთაწმინდის მთავარ-ანგელოზო, დამასტეს წმინდავ გიორგიო, ხოშარის სათხუთმეტო მთავარ ანგელოზო;
დიდება შენდა, დედაო ღვთისშობელო, ჭიჩოს ბატონ-პატრონო, სვეტიცხოველო, კიდევ ღვთისშობელო, ყოველთა წმინდათა შუამდგომელო, ლაღო იახსარო, წმინა გიორგი მგზავრო ანგელოზო, ხახმატის ჯვარო, ლომისის მთავარ მოწამეო;
დიდება კიდევ შენ, დიდო ღვთისშობელო და ძეო იმისიავ და იმათთანა ყველა თანამართალნო, ყოველნო მოდე-მოძმენო და მოთანახმენო წმინდანო ანგელოზნო;
დიდო ღვთისშობელო, შენ გევედრებიან ყველანი ამ სამსახურის მომყვანი (მხვეწარს დაასახელებს). შენ შაიხვეწიენ შენნი მართალნი და წმინდის გულით მავედრებელნი. ყოველნივე შაინახენით წყალობითა თქვენითა. ღმერთსაც თქვენ შაავედრეთ და გამაითხოვეთ წყალობა თქვენი თქვენის ტკბილის ანგელოზებით; თქვენ ნუ მააკლებთ თქვენს ტკბილ მოწყალე წყალობას, ამყოფენით თქვენი ყოველნი მლოცველნი უჭირველად, ტანისა და გულის დაიჯიგრავად, მიანიჭე შენ იმათ შენი უხვი წყალობა, როგორც თქვენ იცით, თორო ჩვენ ხმელზეით ხორციელთაგან ვერა გესწავლებათ-რა, თქვენა ბრძანდებით ყურითა ჩქარონი, თვალითა ფართონი, რაცა რა გაჭირვება ეხედვებოდეს ლაღის მტრისაგან, მწარე სიკვდილისაგანა, ეშმაკისაგანა, მაცდურისაგანა, თქვენ დაიფარეთ თქვენის საფარველითა.
თქვენ გადააფარეთ თქვენი კაბის კალთაი, თაობით ღონე მაუმატე, კაცსა კაცრიელობა, თქვენ დაიფარეთ ლაღის მრტისგანა, მაცილისა და ყველა ბოროტისგანა, ყველა სევდა-საზიანო საქმე მააშორეთ, თქვენ გევედრებიან, ყოველნო წმინდანო და ანგელოზნო უფლისანო, თქვენ მიანიჭეთ შემოდგომა, ღალიან-ბარაქიანი, პურიან-წყლიანი, ზამთარი ნებისა, რგებისა, ზაფხული მშვიდობისა; რამდენიც ჩვენ ვერ დავლოცოთ ჩვენითა პირითა მთელი ამ ჩვენის სალოცავის მლოცველნი, თქვენ დალოცეთ თქვენისავე ტკბილის პირითა; თქვენ მოუმართეთ ხელი: მოლაშქრე–მონადირე იყოს შენი მხვეწნელი, ლაშქრობა–ნადირობაში გაუმარჯვე და ყველა მაანადირებინე, მწყემსი იყოს , თქვენივე წყალობა წინ წაუმძღვარეთ, მეგუთნე იყოს, ხარ–გუთანი გაუმართე, ნახნავ–ნათესს ბარაქა დაუდევნე; ობოლ–ქვრივი იყოს, საწყალ–საბრალო, მიე ნუგეში, ძალი ჭირთ დათმენისა და ყველაზედ წინ წააყენე; ტყვენი და ტუსაღნი იყვნენ თქვენი მოხვეწარნი, დაიხსენი ყოველ სისნეულისაგან.
წულს გთხოვდეთ, წული მიეცით გასაზრდო–გასახაროდა, რომ გული იმათი სჯერდეს და თქვენ გადიდებდთ. თქვენამც დიდებულნი იქნებით თქვენის გამჩენის ღვთისაგან, რომელმაც ცა–ქვეყანა გააჩინა და მოჰფინა მზექალის შუქითა, ჩვენ ხმელზედ ცოდვილ–ხორციელთ ჩაგვიდგა თავის უკვდავების სული“–ო.
მომზადებულის ს.მაკალათიას "ფშავის" მიხედვით