ფშავლები


ბაბალე ციგროშვილი - მისრიაშვილი  (1898-1971)


დაიბადა ფშავის სოფელ არახიჯაში (დუშეთის რაიონი). 1898 წელს. 1928 წელს გათხოვდა კოჭბანში.
გარდაიცვალა 1971 წელს.
მისი ლექსები შეტანილია ქართულლი ხალხური პოეზიის XII ტომში.
 
 

 

 

 

 

არჩილ დიდებაშვილი
 
არჩილი დიდებაშვილი
ჩონგურს რო დააწკრიალებს,
დასძახებს კოხტა ლექსებსა,
სიმღერას აახმიანებს,
თან ატანს თავის ობლობას,
კაცს თვალებს მაუწყლიანებს.
მაგისი ტკბილი აზრები
უჭკოსაც დააჭკვიანებს.
ნეტავი იმ ქალს, რომელსაც
სიყვარულს გაუზიარებს.

 

 

                         * * *
ნეტავინ ქვის გული მომცა, არვინ არ შემაბრალაო,
ან ამდენ ქვეყანაზედა ობოლ წინ არ შემყარაო,
შავად ჩაცმული დედების გლოვა მასმინა არაო,
ოცდაერთის წლის ქვრივისა ცრემლი მანახა არაო.
გამიგონია ბევრჯელა, უმწყემსოდ დარჩა ფარაო,
უძეოდ გვარი ამოწყდა, დამმარხავ დარჩა არაო,
ხან საქორწინო სუფრასა სუდარა გადეფარაო,
იტყვი, თუ სადმე ღმერთია, რად არ ის დაიფარაო.
შორეულ ნათესავთ დარდსა თავისა გადეფარაო,
ბუნების კანონს ვემდურით, უსამართლობა კმარაო,
დრომოჭმულთ სიკვდილ წესია, ახალუხლების არაო,
მაგრამ ცხოვრებავ, ტიალო, გულს გავიტეხავთ არაო.
ობლებიც დაიზრდებიან, ცოცხალნ ვიყვირებთ: არაო!
ლხინშიაც გამოვერევით, პურს მოვიმშიებთ არაო,
ეს ცხოვრება ხო ესეა, ბრუნავს, როგორაც ჯარაო,
წინ წასულ ცხოვრების ტალღას არ ჩამოვრჩებით, არაო,
გაჭირვების დროს გვახსოვდეს, ერთურთ დავწიროთ არაო,
ღმერთის იმედი სულ გვქონდეს, რწმენა დავკარგოთ არაო.

 

 

 

 

მომზადებულია საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ვებ–გვერდის მიხედვით.
დამატებითი ინფორმაცია >>>