ფშავლები
იოსებ მიხეილის ძე ბაიაშვილი (1908-1983)
მთქმელი (ხალხური მელექსე).
დაიბადა თიანეთის რაიონის სოფელ ზემო შარახევში, ბუჭყინტის ტერიტორიაზე, სახელდობრ "ქვისკარებში". იოსებ ბაიაშვილი პირველად მთელი საქართველოსთვის ახლობელი 1979 წლის 14 აპრილს გახდა. ხალხური პოეზიის საღამოზე, რომელსაც უძღვებოდა ვახუშტი კოტეტიშვილი. მისივე წყალობით გამოიცა "ფოლკლორული რვეულების" სერიის ერთ-ერთ პირველ კრებულად, იოსებ ბაიაშვილის ლექსების მცირე ნაწილი. 1991 წელს გამომცემლობა "მარიხმა" გამოსცა ვახუშტი კოტეტიშვილის ფოლკლორული რვეულების პირველი კრებული, რომელიც იოსებ ბაიაშვილის პოეზიას ეძღვნება...
იოსებ ბაიაშვილი გარდაიცვალა 1983 წლის 19 ივნისს. უცნაური იყო ამ კაცის ცხოვრება და... უცნაური იყო მისი სიკვდილიც. თითქოს გული უგრძნობდა. მთელ თავის სანათესაოს მოუყარა თავი, ხატში ავიდეთ, ვილოცოთო. თავის ლექსებშიც ხომ ყოველთვის მიტოვებულ მთას მისტიროდა, იქ დარჩენილ ხატ-სალოცავებსა და წინაპართა საძვალეებს. იქ სიკვდილს ნატრობდა. სწორედ ხატის გზაზე უეცრად ჩაჩოქილმა შვილიშვილის კალთაში დალია სული. ცოცხალი ვერ ეღირსა თავისი სანუკვარი ოცნების ასრულებას, ვერ იხილა ცალკე წიგნად გამოცემული თავისი ლექსები" დაკრძალულია დედოფლისწყაროს რაიონის ქვ. ქედის სასაფლაოზე.
* * *
წუთია წუთისოფელი -
დახამხამება თვალისა.
ამქვეყნად წესი არ არის
მეორედ მოსვლა მკვდარისა,
ამიტომ გვმართებს ცოცხალთა
მოხდა სიცოცხლის ვალისა.
ვერ ვის შეუძლავ,ვერც შესძლოს
გახსნა სამარის კარისა,
იმ ქვეყნით მეორედ მოსვლა,
მიწის დანგრევა მყარისა.
საწუთრო არის მტვირთველი
ქვეყნად ტკბილის და მწარისა,
წუწუნიც იმას ეკუთვნის,
მთაზე ყვირილიც ხარისა,
უნდა გიყვარდეს სამშობლო,
თუ ხარ ქართველის გვარისა,
არც ლხინი თავბრუს გასხამდეს,
არც გეშინოდეს შარისა.
წასულს არ უნდა გრცხვენოდეს
დატოვებული კვალისა.
უქმად ნატარი სიცოცხლე
ფასი არ არის ჩალისა.
ერთი რამ არის საწყენი
საწუთროს სამართალისა,
რატომ არ იცის გარჩევა
მამაცისა და მხდალისა?!
5.12.79.
გმირის სიკვდილი
ექსპრომტად ნათქვამი მესტიაში
მიხეილ ხერგიანის ხსოვნის საღამოზე.
ყველას რადა ჰკლავ,სიკვდილო,
რად არ თვითონა ჰკვდებიო?!
შენ ვერც ბუნება გაშინებს,
ვერც ეს დიდრონი მთებიო,
რამდენი გმირი ჩაყლაპე,
შენ მაინც ვერა ძღებიო,
ერთიღა დაგრჩა -სახელი,
ვერაფერს ვერ უშვრებიო.
სახელს ვერ მოსპობ ვერც შენა,
ვერც საუკუნო წლებიო,
სახელი ქვეყნადა რჩება,
მიწას - ლეში და ძვლებიო.
ორივესა ჰყავ პატრონი,
ვერცერთს ვერ შაეხებიო,
გმირებს ნუ დაეჭიდები,
სიკვდილო, დამარცხდებიო!
* * *
ცოტა რამ ლხინი მინახავ,
ჭირი ხომ ათასნაირი,
რაც წუთისოფელს თანა სდევს,
ყველა სტადიას გაივლი,
გტანჯავს და გტანჯავს ცხოვრება,
აზრები ნაირ-ნაირი,
ფიქრებში დალევ დღეებსა,
თოვლის წყალივით ჩაივლი,
ცოტა რამ ღვაწლი დაგრჩება,
როგორც მოლაყბის შაირი.
სიმღერა
ტკბილია წუთისოფელი,
მაგრამ ფერი აქვს ბინდისა,
უჩნევრად ისრის მსროლელი
ერში მმალავი მშვილდისა,
მტვირთველი ერთნაირადა
საქმის მცირის და დიდისა,
ყოფილა,ასე იქნება,
ვინც მოდის,ისევ მიდისა,
საფარველია სამარე
სიგიჟისა და სიბრძნისა!
არ უნდა ჰკრთოდე,წესია,
არც გეშინოდეს წიმსვლისა,
შენი დარდი და ფიქრები
არაფერია სხვისთვისა,
მანამ წინ უნდა იარო,
სანამ გონება გიჭრისა,
სანამდე კილოს არ მიხვალ,
როგორც მურყანი წყლის პირსა.
კეთილად ახდეს იქნება,
რა გაიგება სიზმრისა?!
სიკვდილ-სიცოცხლე
გულო,რას ჩაფიქრებულხარ?
კაფია მითხარ ფშაური,
მოდი,ლექსებში მოვხარშოთ
საქვეყნო დანაშაული.
მეცა ვგრძნობ,გვიახლოვდება
იმქვეყნის იასაული,
იმის ცელს ვერ გავექცევით,
წვერი აქვს შემოკაული,
თან დააქვს სუდარ-სამარხი,
სამგლოვიარო ტრაური,
უჩუმრად იცის პარება,
არ უყვარს აურზაური.
თავისას რო გააკეთებს,
მერე ატყდება ხმაური.
რას გვიშველს გლოვა-ტირილი,
ან სიტყვა კილოკაური?!
კაცურად უნდა დახვედრა,
დარდით ვერაფერს მაუვლი,
არ დაბრუნდება უკანა
ილაჯი გამოთაული,
ვერძი ყოჩად ვერ იქცევა
კირჩხაზე ჩამოტყაული.
სიცოცხლეს ახლავს სიკვდილი,
რა არის აქ უცნაური?!
ნეტავი გულო
ნეტავი,გულო, ოხერო,
შენთვინაც გამაადარა,
ამეწყო ჩემი ცხოვრება,
პირზე ღიმილი მამგვარა,
დრო გადის უფრო იჩრდილვი,
უფრო გეხვევა სამსალა,
მითომ ვჩუჩუნებ,ვმუშაობ,
მენაცა ვცხოვრობ რად არა?!
რა იქნა შრომა და ღვაწლი,
რაღა ეშმაკმა დაფარა?!
ან ღმერთი რაზე შამამწყრა,
რო ტანჯვა აღარ მაკმარა?!
ალბათ მაშინ რამ ვაწყინე,
ბალღი რო ვიყავ ბატარა.
ან მაშინ სად რა მეძინა,
ღმერთმ ჭკვა რო ჩამაატარა?!
* * *
ჩვენი ერის განთიადზე
გზას იკვლევდა ცურტაველი,
გაჰყვა იმის ნაკვალევსა
დიდი შოთა რუსთაველი,
ქართველთ ენა_მწერლობაში
დაგვიტოვეს სუფთა ველი,
მიყვარს იმათ გავლილი გზა,
მე რადღა ვარ ცუდ ფშაველი?!
ზედ არავინ შამამხედავს,
ბალანი მსხავ თუ კრაველი?!
მერე ნუღარვინ შემაქებთ,
ამქვეყნიდან თუ წაველი.
სიყვარული
სიყვარულს ნუვინ იჩემებს,
ნურც ვინ ხმამაღლა ყვირისა,
გემო არავინ არ იცის
იმის წვერის და ძირისა,
ის არის ძალა ულევი,
უმაგრესია რკინისა,
სულელის გონზე მამყვანი,
ამრევი ბრძენის ტვინისა.
ლხინისა ჭირად მამქცევი,
ლხინზე შამცვლელი ჭირისა,
უკვდავი,უბერებელი,
წინამორბედი ჩვილისა,
ბოძია შაურყეველი
შვილების,შვილთა შვილისა.
თუ ვინმე ცნობასა ჩემობს,
წამება არის ცილისა.
იმასთან ბრძოლას,მე ვფიქრობ,
მტვრევა სჯობია ტინისა,
იკვლიო,დღენი არ გეყოს,
დრო აღარ დაგრჩეს ძილისა!
19.11.63.
კაფია ისაკ ლატაურსა და იოსებ ბაიაშვილს შორის
ისაკი:
- დაგიდა, ბაიაშვილო,
სამგლოვიარო ხანაო,
გაგექცა გულის წაწალი,
რას იზამ ჩემანალაო?!
იოსები:
- რას ვიზამ სვხების უქნელა,
ვინ გაჰყოლია თანაო?!
უნდა გაუძლო სოფელსა
მინამ ლეშს სული ჰბარაო.
ისაკი:
- სხვა წაწალ უნდა იშოვნო,
მეტი არა გაქვ ჩარაო.
იოსები:
- ავიღებ მათხოვრის ჯოხსა,
დავივლი კარი-კარაო.
ღონიერია სოფელი,
კაცმ თუ ჭკვა მაიხმარაო.
ისაკი:
- მაშინ ზოგს ჩემთვიც უთხროდი,
ისაკმაც დაიბარაო.
იოსები:
- სხვისთვის მე ვერვის რას ვეტყვი,
არ შამწევს მაგის ძალაო.
ჯერ ჩემთვი მიჭირს რო უთხრა,
ხათრით მიწასა ვკვალაო.
ისაკი:
- შენ სირცხვილისა რა იცი,
გარყნილო წარა-მარაო?!
გიცნობ, რაცა გაქვს ნამუსი,
რად გინდა ხათაბალაო?!
იოსები:
- დილასაც ვუთხარ ერთ ქალსა:
თუ გაქვ, ნუ დამიმალაო.
თვალით მანიშნა: - ექა მაქვ,
ზედ ყორნის ბოლო ჰფარაო
დანელდეს ამის მამგონი,
სიცოცხლე გამიმწარაო,
რო მქონდეს შენი იმედი,
მოგცემდი, განა არაო,
მაგრამ შენფერმა მუშტარმა
სხვამაც ბევრმ ჩაიარაო,
დღემდე ვერავინ ეღირსა,
ვერცვინ მუხლ მოიყარაო.
ბაიაშვილ ავად გახდა
ბაიაშვილ ავად გახდა,
მთვრალს შესცივდა წუხელისა.
უცხელებენ ნიორწყალთა,
ეგ რა სნეულს უშველისა.
ნარეცხ მაინც მოუტანეთ
ნაარაყალ ჭურჭელისა...
მართამა თქვა - დაიმეხოს,
სიკვდილი სჯობს უქნელისა.
მაგის საქმე არაყია,
შრომაში ხელუყრელისა;
ზომა რაით ვერ გაიგო
მაგ გასახეთქ მუცელისა?..
ავადმყოფმა დაიუბნა
მცნება დიდის რუსთველისა -
მაზღრის სიკვდილი სჯობავის,
მინამ უსმელ-უჭმელისა.
ბაიაშვილ ქვაზე დაჯდა
ბაიაშვილ ქვაზე დაჯდა,
კუპლეტსა სწერს, პატარასა:
ჯეილობა დამიბრუნა,
ვინატრებდი სხვას არასა!
ღმერთს ისეთი რა ვაწყინე,
რომ მხდის ქვეყნის მასხარასა?
დილას გზაზე დამწვდა ქვრივი,
ვაჭარი რო ბარდანასა,
თითქოს მაგის ზითევი ვარ,
შინ მიპირობს შატანასა.
მომზადებულია ლიტერატურული ფორუმის "არმურის საფიხვნო"-ს მიხედვით.
დამატებითი ინფორმაცია
>>>