ფშავლები
გოგია ჭიჭოშვილი
გოგია ჭიჭოშვილი და მისი ეპოსი გასული საუკუნის 50-იან წლებში, მეორე მსოფლიო ომის დროსა და მის შემდგომ პერიოდში, ილტოს ხეობის ტყეებს ამ ომს თავარიდებული არაერთი ადამიანი თუ ადამიანთა ჯგუფი აფარებდა თავს. ზოგიერთი ხალხური გადმოცემის მიხედვით, აქ, სხვადასხვა დროს, მათი რიცხვი თურმე ორ ათეულამდეც კი აღწევდა. ამ ადამიანთა ნაწილი შეიძლება, უბრალოდ, შიშის გამოც კი იყო ტყეს შეფარებული. მაგრამ აშკარად იყვნენ ისეთებიც, რომლებსაც მსოფლმხედველობრივი დაპირისპირება ქონდათ საბჭოთა ხელისუფლებასთან. ისინი სსრკ-გერმანიას შორის ომს არ მიიჩნევდნენ ომად, რომელშიც ქართველებს უნდა მიეღოთ მონაწილეობა. მეტიც, იგივე გადმოცემებით, მეორე მსოფლიო ომს ამ მოტივით თავარიდებულნი თითქოს დაკავშირებული ყოფილან იმ დროისთვის საქართველოსა და, ზოგადად, კავკასიაში არსებულ პროგერმანულ იატაკქვეშეთთან (სამანელთა მოძრაობა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტ-ასპირანტთა და პროფესორ-მასწავლებელთა გასამართლებული ჯგუფი, ჩრდილოკავკასიური წინააღმდეგობის მოძრაობა და სხვ.).
სწორედ ასეთ, იდეურ მოწინააღმდეგეთა მცირერიცხოვან ჯგუფად წარმოგვიდგება გოგია ჭიჭოშვილის ოთხკაციანი რაზმი, რომელიც საკმაოდ კარგახანს მოქმედებდა ილტოს ხეობაზე და თავდაუზოგავად ებრძოდა საბჭოთა რეჟიმის წარმომადგენლებს - ადგილობრივი ხელისუფლების მაღალი რანგის ჩინოვნიკებს, შინსახკომის თანამშრომლებს, მათ აგენტებს, ე.წ. პარტიზანებს, მოხალისეთა სადამსჯელო რაზმის წევრებს და ფიზიკურად უსწორდებოდა მათ.
გოგია ჭიჭოშვილის რაზმი, როგორც ეს მისსავე თუ მასზე დაწერილ ერთ ლექსშიც არის ნათქვამი, ოთხი კაცისაგან შედგებოდა:
ჭიჭოშვილ გოგიაი ვარ, სოფელ ლიშოში მდგარია,
ძმა-ბიჭის მოსიყვარულე, მეზობლის უწყინარია,
გვერდით მყავს ბარის ლომები, დისწული-დედიძმანია,
მეოთხე გვტანავ თომაი, ქორ-შევარდენი ჩქარია,
მიზანში სწორად მსროლელი, ბიჭია ნაფრონტალია...
ამ პატარა და მობილური რაზმის შემადგენლობა, ზემოთმოხმობილი ლექსისა და სხვა ხალხურ წყაროებზეც დაყრდნობით, ასე გამოიყურება:
გოგია ჭიჭოშვილი - რაზმის მეთაური, ყოფილი მასწავლებელი, პოეტი და მხატვარი, 25-27 წლის, ივრისხეობის სოფელ ლიშოდან.
თომა - გოგიას დისშვილი, ახალგაზრდა, ნაფრონტალი, ივრისხეობელი.
მიტო - ნასაბჭოსთავმჯდომარევალი, მოხუცი კაცი, საგარეჯოს რაიონის სოფელ ყანდაურადან.
ტოტიკო - მიტოს დისშვილი, ახალგაზრდა, საგარეჯოელი.
თუმცა, უნდა ითქვას ისიც, რომ, როგორც ჩანს, ჭიჭოშვილის რაზმში, სხვადასხვა დროს, დროის სხვადასხვა ხანგრძლივობით, სხვა პიროვნებებიც ყოფილან. ორი მათგანის შესახებ ყრუდ ინფორმაციაც არის შემორჩენილი: ერთი ყოფილა ხევსური, ვინმე ჩაჩაურის შვილი, ხოლო მეორე ლაფანყურელი ფშაველი, ვინმე იუდაის შვილი. პირველი მოუკლავთ, მეორე კი ალბათ ან ჩამოშორდა ამ ოთხეულს, ან ისიც მოკლეს და ცნობა ამის შესახებ არ შემორჩა.
გოგია ჭიჭოშვილის რაზმი მტკიცე მეგობრულ-ნათესაური დუღაბით ყოფილა შეკრული და, ალბათ, ამიტომაც შეძლო მან თითქმის ათი წლის მანძილზე არსებობა. მართალია, თავისი ბრძოლისა და წინააღმდეგობის ამ ათი წელიწადის უმეტესი ნაწილი მათ ილტოს ხეობაზე გაატარეს და აქვე მოახერხა ხელისუფლებამ, ბოლოს და ბოლოს, მათი ნაწილის განადგურებაც, მაგრამ გადმოცემებიც ამბობს და ეს ჭიჭოშილის ეპოსიდანაც იკითხება, რომ ისინი ადგილს არცთუ იშვიათად იცვლიდნენ. ამ ადგილმონაცვლეობის დაახლოებითი გეოგრაფია ასე გამოიყურება: ივრის ხეობა, ილტოს ხეობა, არაგვის ხეობა, ლოპოტის ხეობა, ალაზნის ველები, ფშავისა და თუშეთის მთები, პანკისი, შირაქი, ჭარ-ბელაქანი... როგორც ჩანს, თანამგრძნობი და სანდო ხალხის ნაკლებობას არ განიცდიდნენ. სხვა შემთხვევაში, ასე ხანგრძლივად გაძლება გაუჭირდებოდათ. ამბობენ, რომ გოგიას თავისი აგენტურა თავად შინსახკომის ადგილობრივ განყოფილებებშიც კი ყავდაო. რაზმს ზამთარი ბარში უტარებია, ზახულში კი მთებისკენ უვლია:
მაშინ ჩამოვალთ ბარადა, რო ჩამოთოვლოს მთანია,
იქ არი ჩვენი ბინები, საცა თუშების ცხვარია,
საცა იყრება ერთადა ალაზანი და მტკვარია,
მარჯვნისკე საქართველოა, მარცხნისკე დაღისტანია...
----------------------
დროებით ვემშვიდობებით თათრის მიდამოს ტიალსა,
მივყვებით ჭალა-გორებსა, მაღალ-ხიანებს, ტყიანსა,
ტბათანას ამოვუარეთ, ქოხებსა ფიცრულიანსა...
მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ ხელისუფლებამ განსაკუთრებით გააქტიურა თავარიდებულთა დევნა-შევიწროვება: ნაწილი დახოცეს, ნაწილი ჯერ შემოირიგეს, შემდეგ კი გაასამართლეს და ან დახვრიტეს, ან ციმბირის გზას გაუყენეს. გადმოცემის მიხედვით, ცდილობდნენ გოგიასა და მისი რაზმის წევრების ”შემორიგებასაც”, მაგრამ ეს უკანასკნლენი სამართლიანად არ ენდობოდნენ კომუნისტებს. რამდენჯერმე შეეცადნენ მათ მოწამვლას, მაგრამ ესეც უშედეგოდ დამთავრდა.
საბოლოოდ, 1950-იანი წლების მიწურულს, ხელისუფლებამ მაინც შეძლო მოღალატეთა პოვნა გოგიას მიმღებ-მასპინძლებში. ილტოს ხეობის სოფელ ჭართალაში სწორედ ასეთი მოღალატეების ხელით ჩახოცეს პურისჭამაზე მსხდომი გოგია და თომა და თან ისეთი სცენა გაითამაშეს, თითქოს მათ ერთმანეთი შემოჰკვდომოდეთ! სულ მალე, ამის შემდეგ კი, ერწოს მხრის სოფელ მაგრანეთში ასევე ვერაგულად გამოასალმეს სიცოხლეს მიტო და ტოტიკო.
* * *
გოგია ჭიჭოშვილი უდაოდ საინტერესო პიროვნებაა. ამ სრულიად ახალგაზრდა კაცს, რომელსაც, თავის დროზე, უმაღლესი პედაგოგიური განათლებაც მიუღია და მასწავლებლადაც უმუშავია, ჩანს, დიდად არ ეპიტნავებოდა არსებული რეჟიმი და ამიტომაც აარიდა თავი ომს, თორემ უშიშარი და გულსალი რომ იყო, ეს ფრაგმენტულად შემორჩენილი ბიოგრაფიიდანაც კარგად იკითხება. მისი ”გაყაჩაღება”, როგორც ზემოთაც აღვნიშნე, და, როგორც ეს მისსავე ლექსიდანაც ნათელია, შედეგი იყო მსოფლმხედველობრივი დაპირისპირებისა საბჭოთა კომუნისტურ ხელისუფლებასთან:
ორმოცდაერთ წელს დაგვეცა გერმანიაის ჯარია,
ვერიდე სალდათობასა, რუსს ქედ ვერ მოუხარია,
პარტიის საწინაღმდეგოდ, ტყეს შავაფარე თავია...
----------------------
ბანდიტი პოლიტიკურად, არ ვერიდები ტყვიასა,
უჭკუებს მოვაჭკვიანებ, ხმასაც არ გავცემ ჭკვიანსა...
გოგია ჭიჭოშვილის ცხოვრების ბიოგრაფიული ქარგა ასეთია: წარმოშობით ის თიანეთის რაიონის სოველ ლიშოდან იყო. მართალია, მისი დაბდების ზუსტი თარიღი უცნობია, მაგრამ, სავარაუდოდ, ის 1915-16-იან წლებში უნდა დაბადებულიყო. მამით ადრევე დაობლებულა. დედა კი მოგვიანებით, უკვე ტყეში გასულს გარდაცვლია. ყოლია ერთადერთი და, რომლის მომავალიც ასევე ბინდ-ბურუსითაა მოცული.
გოგია ნიჭიერი ახალგაზრდა ყოფილა. ბავშვობიდანვე უწერია ლექსები, რომლებშიც უდაოდ ნიჭიერი და დახვეწილი პოეტური გემოვნების შემოქმედი მოჩანს. ქონია მხატვრობის ისეთი უზადო უნარი, რომ, თურმე, საბჭოთა ფულის კუპიურებს რომ დახატავდა, მათი დედნისაგან განსხვავება ლამის შეუძლებელი ყოფილა. მის მიერ ბებერი წიფლების მერქანზე ამოკვეთილი პორტრეტები, პეიზაჟები, ნატურმორტები, ცხოველთა და ფრინველთა გამოსახულებები ჩემი თვალით მაქვს ნანახი ტყეებში და მათ ცქერას არაფერი ჯობდა. ცალკე აღსანიშნავია ასევე ხეების მერქანზე შესრულებული მისი ხელრთვა - ულამაზესი კალიგრაფიით გამოყვანილი ქართული ანბანის ასოები. გოგია უხვად დაუჯილდოებია ბუნებას მუსიკალური უნარითაც, ყოფილა შესანიშნავი მომღერალი და ჩონგურზე უბადლო დამკვრელი.
ხელისუფლება ყველანაირად ცდილობდა ჭიჭოშვილის ხელში ჩაგდებას, ან მის ფიზიკურად განადგურებას, მაგრამ ეს ფრთხილი და მოუხელთებელი ადამიანი იქით გამხდარიყო მათი რისხვა და სულთამხუთავი. შინსახკომი ადგენდა ე.წ. პარტიზანთა რაზმებს და კვალში უყენბდა გოგიას, მაგრამ ის როგორღაც ყოველთვის ახერხებდა თავის დაღწევას:
დაგვდევენ მანქანებითა მილიციაის ჯარია.
ყისმათი მაგათ პატრონებს, რო ვერ მოვკიდე თვალია,
გერმანის თოფებ გვესროლა, მკვდარზე შეგვეგდო მკვდარია!
-------------------
იარეს შინსახკომებმა, სოფლად არიგეს შხამია,
სუყველა დაიკავშირეს, საცა ლამაზი ქალია,
ჩაწერეს პარტიზანშია, ბიჭები ნაფრონტალია,
დაუკავშირდენ ყველგანა, საცა ბილიკი არია,
ის არ იციან იმათა, რო სროლა ვიცი მწვავია...
ლამზი ქალები ამ ლექსში შემთხვევით არ არის ნახსენები. როგორც ჩანს, გოგიას ჰყვარებია ისინი. გადმოცემით, მას ცოლიც ყოლია და მასთან შვილიც (ბიჭი) შესძენია. მის ცოლ-შვილს თბილისში უცხოვრია და როდესაც გოგია მოუკლავთ, ამოსაცნობად სწორედ ცოლი ჩამოუყვანიათ მილიციაში, ხოლო შვილსთვის კი მამის გვარზე დაწერა აუკრძალიათ... დევნით რომ ვერაფერს გამხდარა ხელისუფლება, ახლა მისი მეგობერბისა და ლამაზი ქალების მეშვეობით ცდილა გოგიას მოშორებას. ასეთი ხერხით ერთხელ კიდეც მოუწამლავთ, მაგრამ სამკვირიანი ავადმყოფობის შემდეგ, ბედად, მაინც გამოჯანმრთელებულა. მცირე-მცირე დოზით საწამლავს თავადვე იღებდა, რომ დიდ დოზას მერე აღარ ემოქმედაო, ყვებოდნენ ძველები მის შესახებ:
სალომე დამეფიცება, მეტად მიყვარხარ თავზედა,
ყელს ეთერ დამეკიდება, გადამიწვება მკლავზედა,
მიამბობს ახალ ამბებსა, რა ხდება ქვეყანაზედა,
დამიცხვეთ კეცეულები, დააწყვეთ კიდობანზედა,
თან თაგვის წამალს დამიფქვავს მა სამარილე ქვაზედა,
ბევრ-ბევრა გაურიოდი ყაჩაღის ბედობაზედა...
----------------------
გმირი კოპალა მრისხავდეს ამის ტყუილის თქმაზედა!
----------------------
გამიჭრა თქვენმა წამალმა, გამაკრა ქრისტეს ჯვარზედა,
სამ კვირის ნაავადარი, ვეღარ მოვსულვარ ჯანზედა...
ხელისუფლების დაჟინებულმა მცდელობამ ბოლოს შედეგი მაინც გამოიღო. უკანასკნელ შემოდგომას ის თომასთან ერთად, ჭართალის ტყეში ყოფილა. ჭიჭოშვილის იქაურ მასპინძლებს, ვისი სახლიდანაც ისინი ტყეში წასულან, მილიციასთანაც ქონიათ კავშირი და ამ უკანასკნელთა ზუსტი ადგილსამყოფელიც უცნობებიათ მათთვის. მასპინძლისავე მონაწილეობით, მილიციელები უკნიდან მიპარვიან პურისჭამაზე მსხდომებს და ჯერ გოგია მოუკლავთ, მერე კი - თომა.
აი, როგორ გადმოგვცემს ამ ამბავს ერთ-ერთი ჭართალელი უხუცესი, რომელიც თავადვე მონაწილეობდა დახოცილთა ტყიდან ჩამოსვენებაში:
-1949-იანი წლები იქნებოდა. ოთხშაბათი დღე იყო. სროლების ხმა გაისმა სოფელში. აქვე, ერთ-ერთი გვარის ოჯახში შეგვყარეს ახალგაზრდა მამაკაცები. იქ შვიდამდე მილიციელი დაგვხვდა. გამოგვიცხადეს: ჭიჭოშვილი მოუკლავთ თავის ამხანაგებს ბზიანგორის ხევზე, ვიღაცას გვამი მოუპარავს და სადღაც დაუმალია, წადით, მოძებნეთ და ჩამოიტანეთო. წავედით, ორი მილიციელი გამოგვაყოლეს თან. თურმე ყველაფერი ტყუილია - რის ამხანაგები, რა გვამის მოპარვა! ბზიანხევზე, ვეფხვიაის ნაბინავართან მივედით და ეს კაცი იქ არა წევს უსულოდ! მიწაზე სუფრაა გაშლილი, ღვინო, ხორცი, პურები, გატეხილი ბოთლები, გვერდით ჩონგური აგდია. გოგია, სუფთად გაპარსულია, შავი შალის წინდები, შავი შარვალი და ზემოდან სამხედრო ხალათი აცვია. მკვდარია კაცი, უკვე გაციებული. მილიციელებმა, მაგას ძველი ნაჭრილობევი უნდა ქონდეს გულთან და წელის არეშიო. დავთვალიერეთ და მართლაც აღმოაჩნდა ის ნაჭრილობევები. გავაკეთეთ ლატნებისგან საკაცე და იმით ჩამოვიტანეთ ჭართალაში. მერე ახმეტაში წაიღეს გვამი. მაშინ მილიციის უფროსი იყო ნესტორა ნათელიძე, ხოლო შინსახკომისა - რუბენა ალხაზოვი. მილიციელებმა თქვეს, რომ ”ტეტეთი” აქვს ჭრილობები მიყენებულიო. ერთიც და მეორე ტყვიაც უკნიდან, ბეჭების მხრიდან ჰქონდა მორტყმული. წინ, სადაც ტყვია გამოსულიყო, ხალათის ღილიც კი გამოგლეჯილი ჰქონდა. გოგია საშუალო სიმაღლის, ტანსრული, ჩადგმული, შავგვრემანი, იმ დროისთვის ალბათ 30-მდე წლისა იქნებოდა. ჭკვიანი, გონიერი და სიტყვა-პასუხიანი იყო. ისეთ რჩევა-დარიგებას მოგცემდა, რო გაგიკვირდებოდა კაცს. მე მანამდე ერთი-ორჯერ სხვა დროსაც მქონდა შემთხვევა მასთან შეხვედრისა. მიუხედავად იმისა, რო ტყეში იყო და ყაჩაღის სახელიც ჰქონდა დავარდნილი, უბოროტო იყო და უსამართლოდ არავის მოექცეოდა (პირადი არქივი - ვაჟიკა ახალაურის მონათხრობიდან).
გოგია ჭიჭოშვილის ცხედარი ჯერ ახმეტის მილიციაში გაუჩერებიათ მცირე ხნით, მერე კი თიანეთში გადუატნიათ და იქ, მილიციისავე ეზოში, დაუმარხინებიათ პატიმრებისთვის. დაუმარხინებიათ ისე, რომ მისი ადგილ-სამყოფელი არავის სცოდნოდა და მისი ხსოვნაც საბოლოოდ ჩაეკლათ და მოესპოთ. აუხდა თავისივე ლექსით ნაწინასწარმეტყველევი, რომ ვერც სამარეს და ვერც საგვარეულო სასაოფლაოზე განსვენებას ეღირსებოდა წესისამებრ:
ტყუილადა აქვს იმედი სამრის კარზე ჭიასა,
მე ვინ მაღირსებს მიწასა ან კუბოს ფიცრებიანსა?..
* * *
ჩემს ბავშვობაში, სოფელში, არაერთხელ მსმენია ჩონგურზე დამღერებული ლექსი:
ილტოვ, ცრემლებად ნადენო, სადრა-რა მიიჩქარია,
თუ ბარი მოგწონ, ტიალო, მთებიც ხო შენი მხარია,
წაიღე ჩვენი ამბავი, ალხაზოვს ჩაუტანია,
აჰყაროს შავი რაზმები, ჭულახევს მეომარია,
აქით არავინ წავიდეს, ამ ამბის ჩამამტანია...
ამ ფრაგმენტის ავტორად ხალხი გოგია ჭიჭოშვილს ასახელებდა და აქებდნენ, როგორც კარგსა და შეუპოვარ ვაჟკაცს, ლამაზი ლექსების ავტორსა და ნიჭიერ მხატვარს, რომელიც თურმე ფულსაც კი ხატავდა. ამბობდნენ, რომ იგი დიდ ხნის მანძილზე იყო ტყეში ყაჩაღად გავარდნილი და ბოლოს აქვე, ჭართალაშივე მოეკლა ღალატით ხელისუფლებას.
ხალხის მხრიდან გოგია ჭიჭოშვილის პიროვნების მიმართ ყოველთვის იგრძნობოდა სიყვარული და ერთგვარი სინანული. თავისი ვაჟკაცური და გმირული ბიოგრაფიის გამო, იგი უდაოდ პოპულარული იყო მთიელებში და მასზე ათასგვარ საინტერესო ამბებს, ლეგენდებს, მისსა თუ მასზე შეთხზულ ლექსებს ყოველთვის ხალისით ყვებოდნენ. თავად ისიც ხომ, როგრც პოეტი, განსაკუთრებული რომანტიზმით წარმოსახავდა თავის ბობოქარ სულსა და ცხოვრებას:
მე ჭიჭოშვილი როდი ვარ, შვილი ვარ მყინვარებისა!
გადმოვყევ ღრუბლის ქარავანს, როგორც გრიგალი ზღვებისა
გოგია ჭიჭოშვილის სახელს შარავანდედივით ადგა მთიელთა თვალში ერთი მეტად საყურადღებო გარემოება: როგორც ცნობილია, დიდი მამულიშვილისა და უნიჭიერესი პოეტის მიხა ხელაშვილის მკვლელობაში გარეული ყოფილა ჩარგლელი ლუკა მარცვალაშვილიც. გოგიას ის შირაქში, ტარიბანაში ყოფნისას მოუძებნია და საკუთარი ხელით გამოუსალმებია სიცოცხლისათვის. ეს საქციელი კი, ხალხის რწმენით, სამართლიან საქმედ მიიჩნეოდა, მას ცოდვას წმენდდა სულიდან და სულ სხვა თვალით შეახედებდა ადამიანს მისი "ყაჩაღობისადმი".
მიუხედავად იმისა, რომ გოგია ჭიჭოშვილისა და მისი რაზმის წევრების მიმართ ათასგვარ ჭორსა და ცილიწამებას ავრცელებდა ხელისუფლება და სპეცსამსახურები, თვითმხილველთა თქმით, ისინი, რეალურად, უბრალო, ალალ და მშრომელ ხალხს არასოდეს ერჩოდნენ.
რაზმში შეუბრალებლობითა და დაუნდობლობით შედარებით გამოჩეული ყოფილა თომა, თორემ თავად გოგია, ეგრე უმიზეზოდ, იოლად არ მოსდებდა შარს ადამიანსო, ამბობდნენ ძველები.
ნათქვამის სამგალითოდ გამოდგება, რამდენიმე მოგონება, რომლებიც მე თავად მომისმენია და ჩამიწერია მისივე თანამედროვეებისაგან:
"- ომიანობის წლებია. ომა თავის სახლის წინ არაყს ხდის... ეს ჭიჭოშვილის ბიჭები უყურებენ თურმე გაღმიდან, დურბინდებით, საარაყე ქვაბთან მოფუსფუსე ომას. ტყის შვილებს ბევრი აღარ მოუცდიათ და სწვევიან. ცხადია, კბილებამდე შეიარაღებულ ხალხს ომა წინ ვერ დაუდგებოდა და ცოტა ხანში, იქვე, პატარა სუფრაც გაშლილა და დაუპატიჟებელ სტუმრებს ახლადგამოხდილი წინწანაქარი დაუჭაშნიკებიათ. ხასიათზე რომ მოსულან, შეზარხოშებულთაგან ერთ-ერთს, ჩონგური მოუთხოვია და ომასთვის შეუმღერნებია:
მეტოქე: რადარ იმღერი, ომაო, რადა ზიხარ ჭკვიანადა?
ომა: ე ჩემ ცხოვრება თქვენ მიგაქვთ თავის არაყიანადა.
მეტოქე: რაც აქ დაგვრჩეს, ვერ წავიღოთ, ოხრად დაგვრჩეს, ტიალადა.
ე რძალიც მე გამაყოლე თავის ტარ-ფარტნიანადა.
ომა: რადა თქვენი დედა მო...ან, თქვენთან რა მაქვს ზიარადა.?
ეს მოლექსე ყაჩაღი ყოფილა ვინმე იუდას შვილი, ლაფანყურიდან. ომას რო შეუგინებავ, ამაზე ი იუდას შვილს დაუტყლეშია მისთვის. ამ დროს გოგიაც იქა მჯდარა, ჭიჭოშვილი და ძალიან გაბრაზებულა - რადა სცემ კაცსაო, მერე რა მოხდა რო შეიგინა, სიტყვამ, ლექსმა მოიტანაო და მეტი რო ვეღარაფერი უთქვამს მეგობრისთის, გამწყრალი იქაურობას გაშორებია. ყველანი წასულან ისევ ტყეში (პირადი არქივი - ლადო ბუჭყურაშვილის მონათხრობიდან)."
"- ახმეტის მილიციაში გვიბარებდენ აქაურ ახალგაზრდებს. ზოგს სამსახურსა გვპირდებოდენ, ზოგს - ფულს, ჭიჭოშვილზე ინფორმაციის მიწვდი სანაცვლო, ზოგს იარაღს გვაჩეჩებდენ იმის მოსაკლავად. მეც დამიბარეს ერთხელ. უარი ვუთხარი.
ერთხელაც ემა კოწიწათ ჭალებში ვარ საქონში და უცებ ვხედავ ჯაგიდან თოფის ლულა მიყურებს. დადეგ, ბიჭო, მანდაო, მიძახა რამამ. გამაცია. თომაა. გამოვიდა გოგიაც ჯაგიანიდან და მითხრა, აბა, როგორ იყო იყო მილიციაში ჩემ მოსაკლავად მაუზერს რო გაძლევდენო? ესე და ესეო, ვუთხარი. გამაჩერა, ვიცი ყველაფერიო, შენ კაი კაცი ყოფილხარო, გაიხადა ახალთახალი სამხედრო შინელი და მომცა. წაიღე და წადიო და მაგათან კავშირში არასოდეს შეხვიდე, რაც არ უნდა შემოგთავაზონო, ჩვენ მანდაცა გვყავ ჩვენი ხალხი და არვის არაფერს შევარჩენთო. შიშით სახლში ვერ მივიტან ი შინელი, რო ვისმე ენახა და დავებიზღე, დამიჭერდენ. ჩემ ნათესავებთან გადავიტანე თიანეთში და იქ დავტოვე (პირადი არქივი - ვაჟიკა ახალაურის მონათხრობიდან).
ცხადია, გოგია ჭიჭოშვილის პიროვნებისადმი ინტერესი ჩემშიც ბავშვობიდანვე ღვივდებოდა. მოგვიანებით კი, სტუდენტობისას, დავიწყე მისი თუ მასზე შექმნილი ლექსებისა და ბიოგრაფიული მონაცემების შეკრება. ეს მასალა არ არის ვრცელი. ბევრი რამ ბიოგრაფიიდან ბუნდოვანია. ლექსებიც ცოტაა. მაგრამ რაც არის, ძალიან საინტერესოა და გარკვეულწილად იძლევა წარმოდგენას ამ მრავალმხრივ ნიჭიერი კაცის ბიოგრაფიასა და შემოქმედებაზე.
გოგია ჭიჭოშვილის სახელთან დაკავშირებით შეკრებილ ფოლკლორულ მასალას ერთი თავისებურება ახასიათებს: ავტორისა და მის შესახებ სხვათა მიერ დაწერილი ლექსები ისეა არეულ-ახვანჯული ერთმანეთში, რომ ხშირად გამოცალკევება და გამიჯვნა ჭირს. ამ პოეზიაშია გადახლართული, არცთუ იშვიათად, აგრეთვე, მიხა ხელაშვილის სტრიქონებიც. ამიტომ ტექსტების პირველადი ვარიანტის და მათი რეალური ავტორის დადგენა შეუძლებელიც კი ჩანს. ამავე დროს, ეს პოეტური და პროზაული მასალა, რაღცნაირად შეკრული, ერთი დიდი ამბის, ეპოსის შთაბეჭდილებას ტოვებს. ამ მასალას აშკარად ეკვეთება ერთიანი სიუჟეტური ხაზი და პოეტური მეტყველების მხრივაც ლამის იდენტურია. ისიც აშკარაა, რომ ამ ლექსების ძირითადი და უმეტესი ნაწილი სწორედ გოგია ჭიჭოშვილს უნდა ეკუთვნოდეს. უბრალოდ, როგორც ჩანს, შემდგომში მოხდა მათი გახალხურება. ტექსტებში შევიდა ცვლილებები - ზოგმა დაუმატა, ხოლო ზოგმა დააკლო რაღაცა და მივიღეთ ტრადიციულისა და ინდივიდუალურის ნაზავი. ამიტომ იქნებ გამართლებულიც კი იყოს მათი, კომპილაციის წესით, ერთიან ეპიკურ ტექსტად ჩაწერა და პუბლიკაცია. ყოველშემთხვევაში, გადაწყვეტილი მაქვს მისი იმ სახით მიტანა მკითხველამდე, რასაც მე, პირობოითად, ”გოგია ჭიჭოშვილის ეპოსი” ვუწოდე. ეს მასალები, რომელზე დაყრდნობითაც არის შექმნილი ჭიჭოშვილის ეპოსი, ზოგი უშუალოდ ჩემს მიერაა შეკრებილი, ზოგი კი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ლიტერატურის ინსტიტუტის ფოლკლორული არქივებიდან მაქვს ამოწერილი.
გოგია ჭიჭოშვილის ეპოსი
1
ადგება გრილი ნიავი კავკასიონის მთებისა,
აჰყვება ჩუმი შრიალი ლამაზი წამწამებისა,
ვიწრო ხეობა, კლდიანი, სილაღე ჩანჩქერებისა,
იღვიძებს არაგვიანი, შემომტირალი მთებისა.
რა ვქნა, რა წყალში ჩავვარდე, მდევარი შავი ბედისა?!
მე ჭიჭოშვილი როდი ვარ,
შვილი ვარ მყინვარებისა!
გადმოვყევ ღრუბლის ქარავანს, როგორც გრიგალი ზღვებისა.
მე ისევ გნახე მტირალი, მზარაო მთა-გორებისა,
მოვკვდები შენთვის მტირალი და შენგან განშორებისა,
გაღმა სჩანს ჩემი სოფელი, ჩემგან არ ღირსი ქებისა!..
2
ჭიჭოშვილ გოგიაი ვარ, სოფლე ლიშოში მდგარია,
სწორების მოსიყვარულე, მეზობლის უწყინარია.
გაზრდილი მთისა წვერებზე, კლდისა არწივი ჩქარია,
უმაღლესდამთავრებული, დავფრინავ, როგორც ქარია.
ორმოცდაერთ წელს დაგვეცა გერმანიაის ჯარია,
ვერიდე სალდათობასა, რუსს ქედ ვერ მოუხარია,
პარტიის საწინაღმდეგოდ, ტყეს შავაფარე თავია,
ბალღების მასწავლებელი თოფით რა სანახავია!
გვერდსა მყავს ბარის ლომები: დისწულნი, დედიძმანია,
მეოთხე ბიძაშვილი მყავ, თომაი ნაფრონტალია,
მიზანში სწორად მსროლელი, ბრძოლაში გამამცხვარია.
შვიდ წელი შეგვსრულებია, დავდივართ მთა და ბარია.
რად მშპიონობენ, არ ვიცი, ვის რაზე მასდის ჯავრია!
კაცი არ გაგვიცარცვავის, არ გაგვილანძღავ ქალია.
ჩვენ ვეძებთ მარტო იმათა, შპიონი ვინ სად არია.
უნდა დავაჭრათ თავები, დავკაფოთ, როგორც მხალია!
მაშინ მივდივართ ბარადა, რა ჩამოთოვლოს მთანია,
იქ არის ჩვენი ბინები, საცა თუშეთის ცხვარია,
სადაც იყრება ერთადა ალაზანი და მტკვარია,
მარჯვნიდან საქართველოა, მარცხნიდან დაღისტანია,
აღმოსავლეთით კასპის ზღვა, დასავლეთითა შავია.
ტიალო ელდარ-სამუხო, - ყაჩაღის საბუდარია! –
გიხდება ღვივრიანები, ზმთარ-ზაფხულში მწვანეა.
შენც მამეწონე, შირაქო, დაგყურებს ღვთისა თვალია,
ჩაგიდის აქეთ-იქითა ჩვენი სამშობლოს წყალია.
უხდება შენსა მინდვრებსა რო გაიშლება ცხვარია,
ჩვენ კი დავდივართ მინდორზე, მოვლახეთ მთა და ბარია,
დაგვდევენ მანქანებითა მილიციაის ჯარია.
ყისმათი მაგათ პატრონებს, რო ვერ მოვკიდე თვალია,
გერმანის თოფებ გვესროლა, მკვდარზე შაგვეგდო მკვდარია!
ამბობენ თიანელები: ჭიჭოშვილ აღარ არია.
გაიგეს ჩემი სიცოცხლე, დაეცათ შიშის ზარია.
იარეს შინსახკომებმა, სოფლად არიგეს შხამია,
სუყველა დაიკავშირეს, საცა ლამაზი ქალია,
ჩაწერეს პარტიზანშია, ბიჭები ნაფრონტალია,
დაუკავშირდენ ყველგანა, საცა ბილიკი არია.
ის არ იციან იმათა, რო სროლა ვიცი მწვავია...
ხუთშაბათ დილას გოგია, ქორუღის ციხეს მდგარია,
დურბინდში ჩაიყურება, მთათ შამაავლო თვალია.
თათბირობს: უნდა დავლახო ჩემი სამშობლოს ქარია.
ჩამოხეთქილან ზოვები, კლდეებს ჩამასდის წყალია.
თათრების მიდამოში ვართ, დროება მიდის წყნარია.
დროებით ვემშვიდოდბებით თათრის მიდამოს ტიალსა
შაუდექ ჭარ-ბელაქანსა, მაგ მთებსა, სალსა, კლდიანსა,
ბანდიტი პოლიტიკურად, არ ვერიდები ტყვიასა,
უჭკუებს მოვაჭკვიანებ, ხმასაც არ გავცემ ჭკვიანსა.
მივყვებით ალაზნის პირსა, დაბალ ქედებსა, ტყიანსა,
ტბათანას ამოვუარეთ, ქოხებსა ფიცრულიანსა.
ბორბალოს მივესალმები, თოვლიან-ყინულიანსა.
ფშავ-ხევსურეთის ხატებსა, ლაშარის ჯვარსა ხმლიანსა,
კოპალას, წმინდა გიორგის, თამარსა ზინზილიანსა,
ქუხილით ჩამამდინარსა, არაგვსა კალმახიანსა.
მე თვითონა ვთქვი ეს ლექსი, არ მეძახიან ჭკვიანსა,
სანამ ვარ, ასე ვიქნები, ვახარებ ჩემსა იასა,
ბევრ ქალას გავეგრიხები, ლამაზსა, ყვითელთმიანსა,
ბევრსა ვსვამ წითელ ღვინოსა, ბადაგიანსა, ტიალსა,
უწყლო ყაურმას მივირთმევ, ხორცსა არა ვჭამ წვნიანსა,
ტყუილადა აქვს იმედი სამრის კარზე ჭიასა,
მე ვინ მაღირსებს მიწასა ან კუბოს ფიცრებიანსა?..
3
ილტოვ შაყრილო ცრემლითა, სადრა-რა მიიჩქარია,
ბარი თუ გიყვარს, ლამაზო, მთებიც ხო შენი მხარეა.
შენი სიშორით ვკვდებოდი, რო გნახე გავიხარია.
შენი საჯიხვე კლდეები, ტყეები ნაბინარია,
შენი ხევების ხმაური, ყაჩაღის სალხინარია.
აქ სანადიროდ მოვსულვართ, არ არის დიდი ხანია,
არ გამილაღდეს დუშმანი, მტერს არ ვეგონო მკვდარია.
უჩემოდ ლიბო მაგარი, მტერთაგან ნაოხარია.
ლიშოში ჩემი სახლ-კარი მიწასამც დაუფარია.
წადი, ბახტრიონს გარიყე, რაც ახლა დაგაბარია,
უთხროდი ალხაზოისა: საქმეა სანუკვარია,
საწოლის გორზე ვიქნებით ჩვენ, ერთად ოთხივ ძმანია!
ავშალოთ შავი რაზმები, ჭულახევს ნაომარია.
ისმოდეს თოფის გრიალი, ხევებს გაჰქონდეს ჩქამია.
მეც ხევის პირზე ვკვდებოდე, მდიოდეს სისხლის წყალია.
იღებებოდეს წითლადა მთისა ბალახი მწვანეა.
რა დედა ამიტირდება, კუბოში მწოლიარია.
ერთი და მყავდა, დავკარგე, დავდივარ არე-არეა.
დედისძმა ტირის საწყალი, დისწულზე მგლოვიარეა.
ილტოც საწყინარს იტყოდა, პირთავქვე ჩამდინარია.
ატირდეს ჩემი ლამაზი, პირიმზე უწყინარია...
4
დილა თენდება მზიანი. ღრუბელი ქრება ცაზედა.
ჩონგურს ავასხი ლარები, თიქონის ხევის თავზედა.
ხელი ავკარ და ჩამოვკარ, დარეკა ზარის ხმაზედა.
მე ჭიჭოშვილი გახლავართ, დამდგარი მრუდე გზაზედა!
ალბუთაშვილო ირაკლი, ნეტავი მკლავდი რაზედა?!
ჩემი ნაცომი შარვალი, ეხლაც გაცვია ტანზედა.
გიჭირდა კრული ცხოვრება ეშმაკის ბარაქაზედა.
ბალღების მასწავლებელი დამდევდი ქურდობაზედა.
გითავდებოდა დაფქული, იდექი ხატის კარზედა.
მოსძებნე გამოსავალი, საქმე მივიდა ცდაზედა.
დაიძმობილე ყაჩაღი, შაჰპირდი შანახვაზედა.
ჩემი ნაზიდნი ხორბალი ბიძამ დაგიფქვა მზაზედა.
ცოლის მოყვანა მოგინდა, ეხლა მძლივ მოხველ ჭკვაზედა.
შაგიყრავ მთელი ქვეყანა მარუსას დანიშვნაზედა.
ლიშანი უნდა წაგეღო ელიბოს ცოლის დაზედა.
ქორწილიც გადაიხადეთ, ხალხი შაჰყარეთ ჯარზედა.
აქ გამარჯვებას ფიქრობდი, იქ სულის ცხონებაზედა.
გიმუხთლა ბედისწერამა, აგრივა გონებაზედა.
ბაბალემ, შალვაის ცოლმა, შენ რო გიწვება მკლავზედა,
დაგიფქვა თაგვის წამალი იმ სამარილე ქვაზედა.
ფქვილში გაურევს ეთერი ყაჩაღის ბედობაზედა.
დააცხობს ფურნის პურებსა, დააწყობს კიდობანზედა.
თან გვერდით ჩამამიჯდება, დამეკიდება მხარზედა.
მიამბობს ახალ ამბებსა, რა ხდება ქვეყანაზედა.
თან კიდეც დამეფიცება: - მეტად მიყვარხარ ქმარზედა!
გმირი კოპალა მრისხავდეს ამის ტყუილის თქმაზედა!
ბინდისას გამამისტუმრებს, ოცნებობს კაი-დარზედა.
მე ჯოჯოხეთში მაგზავნის, თავადა რჩება მშრალზედა.
მეტის თქმა აღარ მწადიან, არცა ვარ გუნებაზედა:
გამიჭრა თქვენმა წამალმა, გამაკრა ქრისტეს ჯვარზედა,
სამ კვირის ნაავადარი, ვეღარ მოვსულვა ჯანზედა.
რაკი ძმა ძმასა ღალატობს, ხელს ვიღებ კაცის კვლაზედა.
მაღალი ღმერთი გწყალობდეს სიმართლის კვალობაზედა!..
5
შავი მაისხა ნაბადი ბზიან გორაის ხევამა,
გამწყრალან მზისა სხივები, ზეცას უმატა გვემამა.
ალაღა ყორან-ყოვები უბრალო სისხლის ნთხევამა.
უწიოს შენსა მამკლავსა ამ ჩემი გულის წყევამა,
ფეტვივით ფანტა სიავე კაცმა ეშმაკის ფეხამა,
დიაცმა ორპირ ნაქსოვმა მიწლიკონამა, ხერხამა.
ეგ იცის მოღალატისად ნდობამ, სიფხიზლის რღვევამა:
მითომ გვერდს გედგნენ ყაჩაღთა, არცერთ არ გასცის ქცევამა.
ჰპურწყლავდენ მილიციასაც, როდი უხანის ჩვევამა.
თქვენ სადგომს მაასწავლიან, ნიადაგ გაჭრა რჩევამა.
ზურგიდან დაგკრვენთ ტყვიასა, ჩაგაქროთ გულის გვრემამა.
დაგყრიანთ ძაღლებივითა, ეხლა გიტიროსთ ევამა.
ნეტავ დაგცლიყო ჭიჭოშვილს, აე კოპალის ნებამა.
ვნახადით, ვინ ვის მაჰკლავდა, ან დილას ვისთვის ეღამა.
ვის დარჩენიყო სახელი, გულ დაკლა მაგათ კვეხამა.
სოფელზე გაბოტიტნებამ, თოფ-იარაღის ჭეხამა,
ქურდობა-ავაზაკობამ, დიდობამ, ტანში წრეხამა,
მთავრობით ნაშოვნ პატივი რად შაიფერა გლეხამა.
ღმერთო, სამართალ სადა გაქ, გამტანჯა ძვლების ტეხამა.
P.S. ეს არის ხალხურ ვარიანტებზე დაყრდნობით შექმნილი ეპოსი.
ილტოსპირელი (მიხეილ ღანიშაშვილი)