ფშავლები

ილია ფხოველი (ჯაბანიშვილი)

ის იყო კაცი ფართო და ტრადიციული გაგებით, კაცი დიდად კოლორიტული ახოვანებით, ვაჟკაცური მშვენებით, სიდარბაისლით, მჭერმეტყველებით, მეგობრობით, თანადგომით, მასპინძლობით.

ოდითგანვე ფხოვის ისტორიულ ცენტრში – შუაფხოში ცხოვრობდა მისი დიდი ოჯახი, ილია ფხოველიც იქ აღიზარდა, იქაური ბუნების სიდიადე, მადლი და სიწმინდე გაჰყვა მთელი ცხოვრების მანძილზე.

ბრწყინვალედ იცოდა ფშავ–ხევსურული ზეპირსიტყვიერება, პოეზია, მითოსი, ლეგენდები, ანდრეზები, სამართალი, რელიგიური რიტუალები და ყოფითი ტრადიციები, მისი მეტყველება გაჯერებული იყო ხალხური სიბრძნით, იუმორითა და მახვილგონიერებით.

თვითონ არც მწერლობას მისდევდა და არც ხალხში გაგონილს იწერდა, მაგრამ შესანიშნავად იცნობდა ძველსა თუ ახალ ქართულ მწერლობას, მეგობრობდა მრავალ მწერალთან, ხელოვანთან, მეცნიერთან, ფოლკლორისტთან, ვინც კი ოდესმე მთის ხალხთა კულტურით, ტრადიციებით, წარსულითა და თანამედროვეობით დაინტერესებულა.

ძნელად ასახსნელია, საიდან მოდიოდა მისი ხიბლი – დიდი ზნეობიდან, ღირსების გრძნობიდან, კაცთმოყვარეობიდან, ვაჟკაცური შემართებიდან, მუდმივი შინაგანი წონასწორობიდან, დარბაისლური მსჯელობიდან, თუ სიტყვა პასუხიდან? – მაგრამ ვინც კი ერთხელ შეხვდებოდა ამ დიდებულ ადამიანს, ვეღარასოდეს დაივიწყებდა.

ის იყო ზოგადქართული იდეალური ბუნების საუკეთესო და ტიპიური განსახიერება. საზოგადოებაში თავისი ყოფნით, საუბრით, ქცევის კულტურით ამკვიდრებდა ზნეობას. გიბიძგებდა გეფიქრა სიკეთეზე, კაცურ კაცობაზე, სულიერებაზე, ამაღლებულზე, მის ახლოს ყოფნა იმედია სიხარულისა და ზეიმის განცდას ანიჭებდა ადამიანებს.

როგორც ძველი რომაელები იტყოდნენ, ილია ფხოველი „მთლიანი კაცი“ იყო და ამ მთლიანობით ავსებდა თავისი მშობლიური კუთხის ხალხნაკლულობას და შეჭირვებულ ყოფას, თუ კი მის გვერდით რამდენიმე საათს მაინც გაატარებდი უცხო კაცი, მისთვის სხვა ფასი დაედებოდა არაგვის ხეობის სალოცავებს, მთებს, კლდეებს, მდინარეებს, სოფლებსა და ნასოფლარებს.

სიტყვის ოსტატებს ლექსები მიუძღვნიათ ილია ფხოველისათვის, დაუწერიათ მასთან კეთილმოსაგონარ შეხვედრებზე.

ბოლო წლებში სოფელ ჩინთში, იგივე ისტორიულ წობენში დასახლდა, არაგვის ხეობის კართან. იქაც, მის დიდ სახლში სტუმრობა ლამის რიტუალად იქცა საარაგვოზე ამავალ–ჩამავალთათვის, მისი ქალაქელი მეგობრებისათვის. მუდამ სათნო და პირღიმილიანი მისი მეუღლე, ქალბატონი მარიამი უმალ გაგიქარვებდათ უცხოობისა თუ მოულოდნელობის უხერხულობას.

აღარც ის არის ამ ქვეყნად.

ილია ფხოველის წასვლით დაცარიელდა, გაღარიბდა, თითქოს უფერული გახდა ბუნებაც და ადამიანური ურთიერთობებიც. მისნაირი კაცები წარუშლელ კვალს ტოვებენ თანამედროვეთა ხსოვნასა და ცნობიერებაში. მაგრამ მათი წასვლის შემდეგ უნუგეშო სიცარიელისა და დანაკლისის გრძნობაც რჩება.

ანა კალანდაძე, გივი ალხაზიშვილი, ამირან არაბული, კობა არაბული, ხვთისო არჩემაშვილი, მზია ბაქრაძე, ვალერიან გოგიშვილი, ეთერ თათარაიძე,
გიორგი ოჩიაური, ირაკლი ოჩიაური, დავით მჭედლური,  ჯარჯი ფხოველი, შოთა ქავთარაძე,
ირაკლი ციგროშვილი, მამუკა წიკლაური,
ტარიელ ხარხელაური, გიგი ხორნაული