ფშავლები
სამუკათ ხვარამზე (მინდოდაური)
ხვარამზე სამუკას ასული მინდოდაური, XIX საუკუნის ქართველი სახალხო მთქმელი, ფშაველი მელექსე ქალი. ჩვენამდე მოღწეულია მინდოდაურის რამდენიმე სატრფიალო ლექსი, განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა მისმა ლექსმა "სიყვარული ვაჟიკასი და ხვარამზისა", რომელიც შეყვარებული ქალ-ვაჟის დიალოგს წარმოადგენს.
ეს ლექსი პირველად ჩაწერა პეტრე უმიკაშვილმა 1886 წელს. ტექსტი ჩაუწერიათ აგრეთვე ილია ჭავჭავაძეს, დავით ხიზანიშვილს, თედო რაზიკაშვილს. პირველად 1934 წელს გამოქვეყნდა.
პირველი ცნობები ვაჟიკასა და მელექსე ქალის ვინაობაზე ეკუთვნის თ. რაზიკაშვილს; მინდოდაურის სატრფოსთვის — ვაჟიკასთვის სხვა ქალი შეურთავთ. მინდოდაური ვაჟა-ფშაველას დედის — გულქანის თანატოლი და მეგობარი ყოფილა.
მასზე თედო რაზიკაშვილი წერს: "ხვარამზე სამუკაშვილი ჩარგლელი ყოფილა, ვაჟა-ფშაველას დედის დობილი. გარეგნულად ძალზე ლამაზი ქალი ყოფილა. შეჰყვარებია ვაჟიკა ნაკვეთაურს. მთხოვრებიც მიუგზავნია, მაგრამ ხვარამზეს ყასიდად უარი უთქვამს. მშობლებს კი ვიღაც მდიდარი შეურჩევიათ და ხვარამზე იმისთვის მიუთხოვებიათ. ხვარამზეს ვაჟიკას სიყვარული ჰქონია და კიდევ უფრო გასძლიერებია."
ასეთ შემთხვევასაც გადმოსცემენ: "ერთ წვიმიან დღეს ვაჟიკამ ცხენით გაიარა თურმე ხვარამზეს სოფელზე, იმათი სახლის ახლოს. ხვარამზეს მისი ცხენის ნაფეხურისთვის ღობე შემოუვლია, რომ არ წაიშალოსო".
ხვარამზე საოცარი პოეტური ნიჭით ყოფილა
დაჯილდოებული. ის თვითონ ამბობდა თურმე ვაჟიკას სათქმელსაც და ეს
ლექსები ასე ვრცელდებოდა. მისი ნათქვამი სულ რამოდენიმე ლექსია
შემორჩენილი.
ხვარამზე, "სამუკათ
ხვარამზეობით"იხსენიება. ფაქტია, "სამუკანი" ოჯახის სახელწოდება უნდა
იყოს, მაგრამ მამის ოჯახის თუ ქმრისა? ამისი დაგენა ახლა არაა მარტივი.
ასევე არაა მარტივი, ხვარამზეს შესახებ ბიოგრაფიული ცნობების
მოპოვებაც.
ფშავი ოდითგან ორ (არაგვისა და ივრის) ხეობაში იყო განთავსებული.
ხვარამზე თავისი ლექსებით და ბიოგრაფიით ივრის ფშავში უფრო ცნობილი და
პოპულარული იყო, ვიდრე არაგვის და ივარაუდება, რომ ივრის ფშავიდან უნდა
იყოს.
ხვარამზე და ვაჟიკა ნაკვეთაური რეალური პიროვნებები იყვნენ და მე-19 საუკუნის შუა ხნებში ცხოვრობდნენ ფშავში. თედო რაზიკაშვილი, ვინც ჩაიწერა ხვარამზეს ლექსები ქალიკელ გორზამაულისაგან, მიუთითებს, რომ იგი ერთდროულად ორი ქალის თედოს დედის, გულქან ფხიკლეშვილის და თვით ქალიკელ გორზამაულის თანამედროვე, მათი ტოლი და ამხანაგი იყო. როგორც მრავალი ექსპედიციების კვლევით გახდა ცნობილი, ქალიკელ გორზამაული სოფ.ჩარგლიდან ივრის ფშავში, სოფ.არტანში იყო გათხოვილი. თუ ხვარამზე ქალიკელის ქმრის (და ამდენად ქალიკელისაც) თანასოფლელია, მაშინ იგი, არტნელი ყოფილა. მაგრამ არტნელი ქალი თუ არტნელების რძალი? თუ მივიჩნევთ, რომ არტნელი ქალი, მაშინ რომელ სოფელში იყო გათხოვილი? იმავე სოფელში ფშაური ტრადიციისამებრ, ქალი არ თხოვდებოდა, რადგან იქ ყველა ძმა-ბიძაშილად და მამა-ბიძად ერგებოდა და ამიტომ უნდა ვივარაუდოთ, რომ არტნელების რძალი იყო. აქ უნდა გავიხსენოთ ის ფაქტიც, რომ ხვარამზე იმავდროულად თედოს და ვაჟას დედის გულქანის ტოლ-ამხანაგიც იყო. ცნობილია, რომ გულქანი ივრის ფშავის სოფელ სხლოვანიდან იყო ჩარგალში გათხოვილი. გათხოვების მერე მას ხვარამზესთან ამხანაგობა ვეღარ ექნებოდა სიშორის მიზეზით და სავარაუდებელია, რომ ხვარამზეც სხლოვნელი ქალი ყოფილიყო არტანში გათხოვილი. ასეთ ვარაუდს ისიც ამყარებს, რომ ხვარამზე ქალიკელის ამხანაგი გულქანისაგან განსხვავებით ყმაწვილქალობაში კი არა, ორივე მათგანის გათხოვების მერე, უკვე არტანში იქნებოდა. ლოგიკური ჯაჭვიც იბმება… ყმაწვილქალობაში ხვარამზე სხლოვანელი გულქანის ამხანაგია და გულქანის ჩარგალში გათხოვების და ქალიკელის ჩარგლიდან არტანში გამოთხოვების მერე არტანშივე გათხოვილი ხვარამზე ქალიკელის ამხანაგი გახდებოდა…
კიდევ ერთი საინტერესო მომენტი - არტნელები მინდოდაურები ანუ ჭიჩოელები არიან და სავარუდოა, რომ ხვარამზეს ქმარი ჰყოლოდა არტნელი მინდოდაური. ხვარამზეს მინდოდაურობის სავარაუდებლად მეტყვლებდა ის ფაქტიც, რომ მისი ლექსები დიდმა ილია ჭავჭავაძემ საგურამოში ჩაიწერა ბაბალე მინდოდაურისაგან, რომელიც ასევე არტნელი იყო და პურის მცხობლად მუშაობდა ილიასთან. სავარაუდოა, რომ ილიამ მთქმელად ანუ "მისთვის მთქმელად" მიუთითა ბაბალე მინდოდაური ისე, რომ ლექსების ნამდვილი ავტორი ანუ "გამომთქმელი" არც იცოდა. რაც შეეხება თედო რაზიკაშვილს, მან ფასდაუდებელი ღვაწლი დასდო ხალხურ სიტყვიერებას არამარტო ქალიკელ გორზამაულისაგან ხვარამზეს ჩვენამდე მოღწეული ამ ათივე ლექსის ჩაწერით, არამედ, ხვარამზეს შესახებ ბიოგრაფიული ცნობების მოწოდებითაც.
დასასრულს, როგორც პოეტი ვაჟა ხორნაული ამბობს: საქართველოს ქალთა შორის ორი დიდი პოეტი ჰყავს: ხვარამზე და ანა კალანდაძე.
გთავაზობთ ხვარამზეს ლექსებს:
ქალი ხვარამზე
აღმოსავლეთით აღმოჩნდა
თვალად ლამაზი ქალიო,
ამაჰყვა საყურ–ბეჭედი,
უჟრიალებდა ქარიო,
თან მოყმე ამოიყოლა,
ნათლად ეღება ფარიო.
–აკოცეთ ქალსა ხვარამზეს.
მე ვარ ამ ქალის ქმარიო!
აკოცა ბიჭმა რეგვენმა,
თავს გადიმტვრია ხმალიო.
–რად ეგრე,ბიჭო რეგვენო,
რაზედ მოიკალ თავიო?
გაწყრა,გაჯავრდა ხვარამზე,
მაღლა ჩაშალნა თმანიო,
შაკმაზა მამის ლურჯაი,
ზედ თავად შაჯდა ქალიო,
სარბენლად არ ეყოფიან
თრიალეთისა გზანიო,
საძოვრად არ ეყოფიან
დიდი ალგეთის მთანიო,
სალოკად არ ეყოფიან
სამნი მარილის ქვანიო,
სასმელად არ ეყოფიან
ალაზანი და მტკვარიო,
მოვარდა გუმბრის წყალზედა,
ელვით ენათა თვალიო,
დაეწაფა და ზღვა გაშრა,
გაგლიჯა მოსართავიო.
სიყვარული ვაჟიკასი და ხვარამზისა
ხვარამზე:
- ვინა ხარ? ვინ იარები,
ლაღო, მაგ ლაღის ცხენითა,
თავს რად არ შამაიბრუნებ,
ყანას რად მამკევ ცრემლითა?
ვაჟიკა:
- ის გეგონაა, ქალაო,
გუშინ რო მედიდებოდი,
კაც-შუაკაცებ გიგზავნე,
თხა წალებურად ხტებოდი;
ისრე გაგახდევ სურვილსა,
ნემსს ყუნწზე აეგებოდი,
ჩაჰქონდე დილის ნიავსა,
უსულოდ ჩაელღვეოდი,
პატარა ნარის ჩიტასა
თვალში ფხად ჩაეგებოდი!
ხვარამზე:
- ვერცხლის თასადამც მაქცია,
რო ღვინით აგევსებოდი,
დაფერილი მქნა წითლადა,
შამსვამდი - შაგერგებოდი;
ანა მქნა ოქროს სათითე,
რო ხელზე ჩაგედებოდი;
ანა მქნა ოქროს ბურთვაი,
კალთაში ჩაგეშლებოდი;
ან ვერცხლის ფულად მაქცია,
ჯიბეში ჩაგეყრებოდი;
ან შენი ნამგლის ყანა მქნა,
რო ფხაზე შაგეჭრებოდი,
ანა მქნა ვარდი, ყოილი,
რო პირზე დაგეყრებოდი;
ანა მქნა მოის პერანგი,
რო მკერდზე დაგადნებოდი;
ან შენი ნანდაური მქნა,
გულს ჯავრად ჩაგეჭრებოდი;
ძალიან დაწუხებული
გზაზედამც შაგეყრებოდი;
ან შენი ძმა მქნა, მოწილე,
აროდის გაგეყრებოდი.
წყაროზე წამასულიყავ
ვაჟიკა:
- წყაროზე წამასულიყავ,
ველისას, განა ტყისასა,
გორდი-გორ ჩამამავალმა,
ნაჭაპნს თვალნ მოვკრენ თმისასა,
გეძახე ბექის თავითა:
ქალავ, დაიცა, ღთის მადსა!
თავიც არ შამაიბრუნე,
მიხვალ და მიჰქსოვ წინდასა,
თან ზედ აფრქვევდი ცრემლებსა,
ნამს ჩამოჰგავდი ცისასა.
შენ გათხოვება გავიგე,
სამჯერ მოვკმიჭე მიწასა.
შენს მეტი ცოლად არ მინდა,
ვფიცავ ლაშარის ჯვრისასა.
ხვარამზე:
- არც ვინ შენს მეტი მე მინდა,
მეც გეფიცები ძმისასა,
მაგრამ ცოლს როგორ წაართომ
ღარიბი კაცი მდიდარსა?
დადეგი, არ მემეტები,
პირ გიგავ დილის ცისკარსა.
ეგ რომ გაგიგოს ჩემ ქმარმა,
დაგადებს თოფის ლიშანსა.
ვაჟიკა:
- ქალაო, შენ რო ქმარი გყავ,
თუნდა ხუთს გავთლი ხისასა.
იცი, როგორი ცხენი მყავ -
მიმინოსა ჰგავ მტისასა.
დაგკარგავ, დავიკარგები,
რისხვას ავიტან ღვთისასა!
გადამყევ, გადაგიყოლებ,
ქისტეთს დავიდებ ბინასა,
მაჰმადის რჯულზე დავდგები,
სახელად ვიტყვი წიქასა.
ტანზე ჩავიცომ ჩოხასა,
ლეგლუგას, ქისტებისასა.
მივაკრავ ქისტის ციხეზე
მარჯვენას შენის ქმრისასა,
დნებოდეს, ჩამოდიოდეს,
ლიბუს ადნობდეს ქვისასა.
ხვარამზე:
- მაგას ნუ მეტყვი, მოყმეო,
არ მემეტები, ღთის მადსა.
შენ, იქნებ, ჩემ ქმარ ვერ იცნობ -
ლერწამს ამოსულს ზღვისასა.
ღრუბელს ჰგავ მჭეხარ-მქუხარსა,
ქარ-ბუქსა მაღლის მთისასა.
შაგიტყობს, ამაამღერებს
ვადასა ფრანგულისასა.
მთქმელო, ვერ ამსრულებელო
არ გათენდება სთვლის ღამე,
ღამებნელობა კი არი...
მთქმელო, ვერ ამსრულებელო,
რაღა შენ სიცოცხლე არი?!
ნეტავი, ვაჟად მაქცია,
ქალი არა მქნა თმიანი.
მემრე შეგვყარნა ერთადა
ორნიც ჭრელ მათრახიანნი, -
ვერც მაშინ გაიგებდია,
რაც ჩემი გულის ზნე არი?!
ჩემთან წამოდი, ხვარამზევ
ჩემთან წამოდი, ხვარამზევ, -
ჩემ სახლ არა ჰგავ სხვისასა,
ქერ-ასლიც გენატრებოდა,
მე ჯერად გაჭმევ წმინდასა.
გამამყევ, გადაგიყოლებ,
შენ დაუჯერე წიქასა!
გადგიყვან დაღესტანშია,
ჩემ ცხენი ჰგავის სისკარსა!
შენ რო საქმარე გყოლია,
თუნდა გაგითლი ხისასა!
ლეკეთს ციხეზე მივაკრავ
მარჯვენას შენის ქმრისასა!..
ხვარამზე
- ვერცხლის თასადამც მაქცია,
რო ღვინით აგევსებოდი,
დაფერილი მქნა წითლადა,
შამსვამდი - შაგერგებოდი;
ანა მქნა ოქროს სათითე,
რო ხელზე ჩაგედებოდი;
ანა მქნა ოქროს ბურთვაი,
კალთაში ჩაგეშლებოდი;
ან ვერცხლის ფულად მაქცია,
ჯიბეში ჩაგეყრებოდი;
ან შენი ნამგლის ყანა მქნა,
რო ფხაზე შაგეჭრებოდი,
ანა მქნა ვარდი, ყოილი,
რო პირზე დაგეყრებოდი;
ანა მქნა მოის პერანგი,
რო მკერდზე დაგადნებოდი;
ან შენი ნანდაური მქნა,
გულს ჯავრად ჩაგეჭრებოდი;
ძალიან დაწუხებული
გზაზედამც შაგეყრებოდი;
ან შენი ძმა მქნა, მოწილე,
აროდის გაგეყრებოდი.
ნატვრა
ნეტავი ფრინვლად მაქცია,
დამსვა მაღალსა მთაზედა,
ქალო,შენს წამამყვანელსა
გამუდგებოდი კვალზედა...
მენაც იქ მოვშავდებოდი,
სადაც შენ დაგსმენ ჯარზედა,
საკმისას ჩამოვხედნებდი,
თვალს შაგავლებდი ტანზედა,_
რარიგად შაგიხდებოდა,
ვის დაგიწვენდნენ მხარზედა!..
ჩემ სწორებ,კარგებ ვაჟები
დასხდება ღვინის სმაზედა,_
მამერევიან ტირილნი,
ქუდს მივიფარებ თვალზედა:
მე ხო ეგ აღარას მარგებს,
ისივ თუ წავალ ცხვარზედა,
გუნებას შავახალიზებ
იკვლივ_იალნოს მთაზედა,
მომიგონოდით,სწორებო,
რო ჩამაჰსხდებით სმაზედა!
* * *
წუხელ მოიდა სისკარი
მანათობელი ღამისა,
მოიდა,დადგა ჩემთანა,
მწუნებელ იყო ქმარისა.
მეხვეწნა:"გადამიყოლე,
ცხენი გყავ ნიავ-ქარისა!"
არც გავყევ,არც გავიყოლე,_
ანდერძი მქონდა მამისა_
ვერ ვენდე,_რა გაიგება
გულგავარდნილი ქალისა?!
_________
"სისკარი" ფშაურად ვარსკვლავს ნიშნავს.
ქალის ნატვრა
წუხელ მოვიდა მერცხალი
ღამეს არ გასათენებსა!
ჩვენს ვისამ წამეეყვანა,
სამოთხეს წასაყენებსა,
დაჯდა,დაიწყო ტირილი,_
ცრემლი სწვდებოდა ხმელეთსა:
"ნეტავი,ანამც შენი მქმნა,
ანამცა მქონდეს ჩემ ნება!"
_____
სამოთხეს წასაყენები -სამოთხის ღირსი.
"მერცხალში",ალბათ, ვაჟიკა იგულისხმება.
ლეკების თარეში
კახეთს მოვიდა ლაშქარი,
სამი ბელადის ჯარიო.
აქით ტყვე წაუყვანია,_
დედუკა_ჩვენი რძალიო.
ნეტავი,დაო,დედუკავ,
მამცნა სამ-სამნი ძმანიო,
რო გული ასტკივდებოდა,
ეკვლია შენი კვალიო!
ანამც მაქცია ვაჟადა,
მამცა თოფი და ხმალიო,
კი საით მამაკლეინა
ი,ლეკი,შენი ქმარიო,
ერთ ქალად დაფასდებოდენ
ლამაზნი შენნი თმანიო!
მზექალავ,გახუათაო,
შენამც იაღი ხარიო.
საქმის საკეთოდ დამჯდარხარ,
ქათმის ყიულის ხანია,
საგრეხელაში მოვხელეთ
შენი ნასთავი ტარია.
ქავთარო პაპისშვილაო,
შენი დაკარგვა ბრალია!
კი მაინც დაჰრჩა პატრონი,
ღმერთო,დასწერე ჯვარია!
სუ ტიალ-ოხერს იტყვიან,
ბეჩავი გორგის ქალია!
ნუ დამგმობთ,ჩემო სწორებო,
დამნანდეს მამის ძმანია!
ამ თავის სიუჭკოვითა
სუ ავიშურენ სწორნია!...
______
ს ა გ რ ე ხ ე ლ ა - თითისტარის სატრიალებელი, ხისაგან გამოთლილი და მოჩუქურთმებული ოთხფეხა ხელსაწყო.
მ ო ვ ხ ე ლ ე თ - ვიპოვეთ.
ი ა ღ ო ბ ა - უცოდველობა,სიწმინდე. იაღი - წმინდა.
იაღში ყოფნა - ნათელში ყოფნა, იქ,სადაც წმინდა სულებია.
თედო რაზიკაშვილის განმარტებით (დასათაურება მისეულია), ხვარამზესთან სტუმრად მივიდა მისი დობილის ნანდაური ვაჟი,ხვარამზემ ქალს არ გააგებინა და მერე თვითონვე ალექსა.
ქალო,სამუკათ ხვარამზევ
ქალო, სამუკათ ხვარამზევ,
რად დამიმალე მგზავრები?
მეც კარჩი გამოვიდოდი,
განა კი დავიმალები.
მალედავ უნდა გამეგო,_
სწორობას გაგიმწარებდი.
მომზადებულია ლიტერატურული ფორუმის "არმურის საფიხვნო"-ს მიხედვით.
დამატებითი ინფორმაცია
>>>