ფშავლები

 

მართა მგელიაშვილი
(1896-1960)

დაიბადა 1896 წელს ლახატოში.
გათხოვდა კოჭბანში გიორგი არჩემაშვილზე. მისი ლექსები შესულია ხვთისო არჩემაშვილის წიგნში “ფშავის ასული. გარდაიცვალა 1960 წელს.


 

 

 

           ანდერძი
ფიქრებშია ვარ გართული,
ცრემლი ჩამამდის თვალზედა,
დავწექ და ვეღარ ავდგები
სიკვდილ დამადგა თავზედა.
ამბობენ მართაისასა –
ხვალე კუბოში ჩაწვება...
გვერდზე გასჭერით საფლავი,
მიწა არ დამცეთ თავზედა.
ტანჯული აღარ დამტანჯოთ,
ტანჯული ქვეყანაზედა.
ეს ჩემი სიტყვა, შვილებო,
დააწეროდით ქვაზედა.
არც გადარეცხავს ავდარი,
არც მალე ეს ქვა დალპება.
კარი გამიღე, შავეთო,
სინათლე მამეც გზაზედა,
ვაჰ, თუ სად გადავერიო,
ბნელი მაშინებს ძალზედა.
დამეხვევიან უკლონი,*
დამადგებიან თავზედა
და დამიწყებენ კითხვასა:
“მზე კიდენ მოდის ცაზედა?
გადაიარე, ღრუბელო,
მალე გადადი ცაზედა,
ამბავი გადაიტანე,
ჩემს ძმებს უამბე წამზედა:
თქვენ რასა ჰფიქრობთ, ვაჟებო,
არა სტირითა დაზედა?
თქვენ დას ამბობენ ავადა,
ვეღარ გამოდის კარზედა.
მგონია, სულიც დალია,
დადგა შავეთის გზაზედა...
წვიმა მოვიდა ციდანა
ხმელეთს გადაჰბანს პირსაო,
რა ცუდი სამყოფი არის
მაგ შავის მიწის ძირსაო.
ნეტავ ფრინველად მაქცია,
ჰაერში მომცა ბინაო,
ან გამიტანდა ნიავი,
ან დამადნობდა წვიმაო.
_________________________________________
 უკლო (ფშაური) – უვარგისი, მავნე, სულელი.

 

 

 

მომზადებულია საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ვებ–გვერდის მიხედვით.
დამატებითი ინფორმაცია >>>