ფშავლები
ჯაბანი მინდოდაური
ჯაბანი მინდოდაური სოფელ ჭიჩოდან ყოფილა
წარმოშობით.
ჯაბანი მინდოდაურზე ერთი ასეტი ისტორია შემორჩა. იგი გადაჰკიდებია ხოშარელ ქვრივ ქალს და მოსვენებას აღარ აძლევდა. ქვრივი თურმე უშლიდა, არ თანაუგრძნობდა, მაგრამ ჯაბანი თავისას არ იშლიდა.
ერთხელ ჯაბანს უთქვამს:
- ამაღამ შენთან უნდა მოვიდეო.
ქალი შეეხვეწა თურმე:
- სოფელში თავს ნუ მომჭრი, ნუ მოხვალო.
- არა, მოვალო! - უთქვამს ჯაბანს.
მაშინ ამ ქვრივ ქალს სოფლელებისთვის შეუჩივლია.
ხოშარელი ახალგაზრდები ჩაუსაფრდნენ თურმე ჯაბანს ქვრივის სახლთან და, შუაღამისას, მელასავით რომ მოიპარებოდა, დაიჭირეს. მოიტანეს ჯაჭვი და იქვე ტყემალზე მიაბეს: ხვალ ხალხს ვაჩვენოთო. წავიდნენ და ჯაბანი იქ დატოვეს ტყემალზე მიბმული.
ცალკე სირცხვილისა და ცალკე ხალხის შიშით, იმდენი იწია ჯაბანმა, რომ ტყემალი ძირიანად ამოგლიჯა და ასე, ზურგზე ტყემალმიბმული მივიდა ჭიჩოს, თავის სახლში.
ჯაბანი მინდოდაური
ჯაბანი მინდოდაური
ხოშარელებსა ბრიყვობსა,
ხოშარით ტყემალნ დასწვადნა,
ხილ უნდა გაჩნდეს ჭიჩოსა.
მალ-მალე გადაუხედნებს,
არავინ დამიხლიჩოსა,
ხოშარით გამოქცეული
ერთ მუხლად მივა ჭიჩოსა.
---
"დამიხლიჩოსა" - დამიკრიფოს.
ცოლი სჯობის თუ წაწალი
ცოლი სჯობის თუ წაწალი?
ჯაბანო,შენა გკითხაო.
ჯაბანი:
ცოლი სჯობია წაწალსა,
წაწალი ფეხზე მკიდაო,
წაწალს სჭირდება ფერობა,
ცოლს კი არასა ვკითხაო.
ჯაბანი და კაცობა
კაცობა:
კაცობამ უთხრა ჯაბანსა,
მოდი ვიყიდოთ ბაკლაო!
ჯაბანი:
ჰო, შენმა გამარჯვებამა,
მაგისმეტ რაღა გვაკლაო?
ისეთს რად იტყვი, კაცობავ,
რაითაც ჩემს გულს დაჰკლაო;
ფეხზეით ქალმებ დაგცვივდა,
თავზე ქუდ აღარ გაკრაო.
არ კი გითხარი,ჯაბანო
თათარი:
არ კი გითხარი, ჯაბანო,
მალედავ გაგტეხს თათარი!
ჯაბანი:
მე რო გამტეხო, კაცი ვარ,
ჯერ ქვა გასტეხე საყდარი,
შაკონილ ჩამოგავლიეს,
უკან მოგდევდა ჩაფარი.
შვინდიანამდე არ ჩაგყვა
დედის ჩადებულ საგზალი.
ჩემთან გადმოხე,ჯაბანო!
მეტოქე:
ჩემთან გადმოხე, ჯაბანო,
სალექსოდა ხარ განთქმული.
ჯაბანი:
მე რა გამივა შენთანა,
დიდკაცადა ხარ გასული.
ერთ შენა'დ წოწკურაული,
მეორე -გურგენთ მაჩური,
მესამე სუმელჯაია
ახატულ-ჩამოხატული.
მეტოქე:
რად არ კიდევაც დაგიკლავთ,
კუდა ხარ რო გყავთ შათქმული?
ჯაბანი:
ჩვენ ხატ გან მათხოვარია,
რას არგებს ერთხელ დაკლული?...
ჯაბანი და მელა
ჯაბან წავიდა ტყეშია,
გამაჰდგომიყო მელასა;
მელა სოროში შაუძვრა,
ჰთხრის და ვეღარა ჰხელავსა.
მეტოქე:
რა არი, ძმაო ჯაბანო,
რასა სთხრი მაგოდენასა?
ჯაბანი:
მა რა ვქნა, შენი კვნესამე,
უნდა წავიღო თელავსა,
თავისად ჩოხა ვიყიდო,
კაბა უყიდო ლელასა.
მიუვალ გაზაფხულზედა,
ტიტველსა, ცარიელასა!
ვინ გამოგიცხობს, ჯაბანო
მეტოქე:
ვინ გამოგიცხობს, ჯაბანო,
წელწადჩი ბედის კვერასა?
ჯაბანი:
მე ბედის კვერა რად მინდა,
ხმიადას ჩავცხობ თხელასა!
მე’დ ლელა წამოუსხდებით,
შავატანთ ხაჭოს კვერასა.
მომზადებულია ლიტერატურული ფორუმის "არმურის საფიხვნო"-ს მიხედვით.
დამატებითი ინფორმაცია
>>>