ფშავლები

ჭრელა მუშტაშვილი

ჭრელა მუშტაშვილი განთქმული მოკაფიავე ყოფილა. ცხოვრობდა სოფელ გომეწარში. შემდეგ გადასახლდა სოფელ კუჭეჭაში (ფშავი).  

 

   ჭრელა მუშტაშვილი ხომელებს
მოლექსე აღარ გივარგათ,
რაკი მოგიკვდათ ჯაბანი,
თქვენი ხომლობა კი დავწვი,
სხვას შასჩენიხართ ბაგანი,
თითო ფურ ჩვენაც მოგვეცით,
ჩვენაც გავიშრეთ ტაგანი.
დავალის გამარჯვებული,
ე ხიზანაი მაღალი.
ერთ სამჯერ ერთურთი ვხოცეთ,
მემრე გამიხდა მძახალი

 

 

 

ჭრელა მუშტაშვილი და ლევანი
ლევანი:
ეხლა კი შაგხვდი,ჭრელაო,
დაგამტვრევ,როგორც თხილია.

ჭრელა:
მანამ მე გამტეხ,ჯეილო,
მანამ არ მოგტყდეს კბილია.

ლევანი:
ცივ წყალ დალიე მალევა,
ცხელ გული გაიგრილია.

ჭრელა:
კახეთში რისად ჩამოხვე,
რადა ხარ გამოჭრილია.
არ გებადება მარცვალია,
ერთხელ მოსაზელ ფქვილია.

ლევანი:
შენ სადღა გაქვის ბეღელი,
შარშანის დაბეჭდილია;
მასესხე,მაგრამ არა გაქვ,
შენდაც სუ გაწყვეტილია.

ჭრელა:
აქ კახეთია,მაიცა,
ოთხით გაგვიბამ ფთხილია.

ლევანი:
ის ხელ-ფეხს მალევ გაიხსნის,
რომენიც გამოცდილია...

ჭრელა:
გუშინაც მუქარა მთხოვე,
გულსა მაქვს შამოყრილია.
მგონია,ჭიჩოელი ხარ,
ჟოლმა არ მოგჭრას კბილია;
ხინკალ არ მოგეხარშათა,
არაგვში გადაყრილია!

  ჩიოდა მუშტათ ჭრელაი
ჩიოდა მუშტათ ჭრელაი,
დამიდიდგულდა შვილები,
ოთხთავ იყიდეს ცხენები,
ოთხთავე დაჭედილები.
რუსულებ პალტოები სცვავ,
გულზე მოსკოვის ღილები;
ქუდები ჩერქეზულები,
საპირე ჩაგრეხილები;
რატინის ახალუხები
დადიან დადრეცილები.
ას თუმან ადგილში მისცეს,
მამას მე მჭამენ ტილები.

   წიწოთ კარატიელი და ჭრელა მუშტაშვილი
ჭრელა:
ძველებს აღარა კადრობენ,
რა უჭირს გომეწრელებსა!
გამჭედლდა კარატიელი,
უკეთებს კარგებ ცელებსა.
ბევრიც გათიბეს იმითა,
აჯობნეს კუდოელებსა.
ერთ კვეს ჩემდ გაუკეთებავ,
სულ წინწელი მწოვს ხელებსა.

კარატიელი:
ბეჩაო,მუშტათ ჭრელაო,
შენ ხო მაჰკვდები შიმშილსა,
ვეღარცრას აჭმევ ჯალაფთა,
ვეღარც რას დაჰფქვავ წისქვილსა.

ჭრელა:
ჯერ ხო არ გამთავებია,
ძალად რად მაგდებ სირცხვილსა.
მე იმთვენსა ვხნავ ღამითა,
რასაც თქვენ მახნავთ დღისითა.
თათრულებ ხარებ ვიყიდე,
თარაქამულის ჯიშისა,
არ ვიცნი წიწოთ კერანი,
გარეთ გქონთა თუ შიგნითა,
ყველა კოწოწით თქვენ იცით,
ქორწილიცა და რიგიცა.
შარშან ერთ ბებერ მოგიკვდათ,
ორმოციც გიკლავთ,შვიდიცა.
ჯერ აქა გყვანდათ ცოდვითა,
ახლა იქა ჰკლავთ შიმშილსა,
მამუკა მეჯოგედ გყავისთ,
კაი მწყემსობა იცისა,
ყაჩაღებმ ცხენებ წაუსხეს,
თავად ჯაგთ ძირში იწვისა.

  ჭრელა წიწოთ კარატიელს
დამეხსენ,კარატიელო,
ნუ ამამაგდე ჭირითა,
შენ სახლ კრამიტით დახურე,
თეთრად გალესე კირითა,
ნაჩალნიკს დაუბარებავ:
_მე დამაყენე ქირითა,
ბალკონზე მივდგებ-მოვდგები,
ჩაის რო დავლევ დილითა;
ეგებ თავთავად წახვიდეთ,
მამუკას ერგოს წილითა,
ამდენ ფულ რაში გავიღე,
შენ ხორცთ იგლეჯდე კბილითა,
ნათქომ სამ მოგაგონდება
ჭრელა მუშტაიშვილისა.

 

 

 

 

 

მომზადებულია ლიტერატურული ფორუმის "არმურის საფიხვნო"-ს მიხედვით.
დამატებითი ინფორმაცია >>>