ფშავლები

 

ვახტანგ თვარელაშვილი (1926-2001)

დაიბადა 1926 წლის 13 მაისს დუშეთის რაიონის სოფ. შუაფხოში. 1942 წელს დაამთავრა ბარისახოს სკოლა–ინტერნატი. 33 წელი მუშაობდა შუაფხოს სასოფლო საბჭოს აღმასკომის მდივნად.

ვახტანგ თვარელაშვილი იყო შეუდარებელი მელექსე და მოკაფიავე. მისი ნათქვამები ზეპირად ვრცელდებოდა ხალხში.

გარდაიცვალა 2001 წლის 13 ოქტომბერს.

 

 

ვინც ერთხელ მაინც ყოფილა შუაფხოში, შეუძლებელია არ დამახსოვრებოდა ვახტანგ თვარელაშვილის სახელი. ვახტანგი იყო ძირძველი ფხოველი, ქისტაურთ თემის წევრი, ლაღი იახსრის ყმა, კვიმატი ენის პარტონი და შუდარებელი მელექსე. XX საუკუნის მეორე ნახევარში მან გარკვეული ამაგი დასდო ხალხური სატირული პოეზის განვითარებას და თვალსაჩინო ადგილიც დაიმკვიდრა ლექსის მათქვამთა შორის. მისი მსუსხავი კაფიები და გალექსებანი ზეპირად ვრცელდებოდა არაგვის ხეობაში, ბარშიც აღწევდა და ლექსობის ნიჭით გამორჩეულ სწავლულებს მასთან პოეტური პაექრობისათვის განაწყობდა. მთაშიც ბევრი მეტოქე ჰყავდა. უნდა გენახათ ივლის–აგვისტოში, ათენგენობის დღესასწაულებზე, კრაზანებივით როგორ ესეოდნენ ენაწყლიან მელექსეს. ის ერთი იყო. მაგრამ ყველას ამარცხებდა.

ვახტანგის მამა უგემურ თვარელაშვილი, ტკბილმოუბარი კაცი იყო. ნათლობის სახელი ნიკოლოზი ერქვა, მეტსახელად კი უგემურს ეძახდნენ. აწ განსვენებულ პოეტს ალექსანდრე გაბურს, ერთხელ ავტობუსით მგზავრობისას, უკითხავს: „ვინ დაგარქვა უგემური, პაპა გემრიელოო?“ უგემურმა რა უპასუხა, არავის ახსოვს, სამაგიეროდ შემორჩა მისი მონაყოლი: „ერთხელ დუშეთში ვიყავი, ჩემი მეგობარი რეზო ღარიბაშვილი ნასვავი შემხვდა. ბევრი მეფერა, შემდეგ კი მითხრა, ასეთ კარგ კაცს ვინ დაგარქვა უგემური, მე იმისი დედა ვატირეო! – დედამ დამარქვა, რატომ მილანძღავ, შენი დედაც ვატირე! – ვუთხარი გაჯავრებულმა. რეზო გაშრა... მე ავუხსენი: წინათ ჩვენს სოფელში ოთხ კაცს რქმევია უგემური. ბალღობაში ძალიან ჭირვეული ვყოფილვარ... სულ ვტიროდი თურმე... დედას უთქვამს: გაჩუმდი შე უგემურო, რა გატირებსო. მას შემდეგ შემერქვა უგემური“.

მე თვითონ შევსწრებივარ, ამ კეთილსინდისიერ კაცს უგემურობით რომ მიმართვადნენ, მას კი არა სწყინდა. ასე იცის შეჩვევა თიკუნმა.

უგემური ზეპირსიტყვიერების კარგი მცოდნე იყო. თავხევისბერ ბიჭურ ბარიშვილთან ის ფშავის ხევის ტრადიციული საზოგადოების ერთგულ დამცველად და ჭირისუფლად ითვლებოდა.

ვახტანგის დედა–დედუკა ლეგუას ასული ბობღიაშვილი უკანაფშავის სოფელ ელიაზიდან იყო, სათნო და კეთილშობილი, წერა–კითხვის მცოდნე, რაც იშვიათობა იყო მაშინდელი მთის სოფლებში.

მშობლებმა კეთილისმყოფელი გავლენა მოახდინეს ვახტანგის აღზრდაზე. კაფიობაში უაღრესად ენამწარე კაცი ოჯახში, ნათესაობაში, თემ–სოფელში სინდისითა და პატიოსნებით გამოირჩეოდა. „მეზობლის ქალ–რძალს მრუში თვალით არასოდეს შეხედავდა, წესიერად იცხოვრა და ასე აღესრულა“, – აღნიშნავდა ჩვენთან საუბარში თამარ ბაიაშვილი.

ვახტანგმა 1942 წელს დაამთავრა ბარისახოს საშუალო სკოლა–ინტერნეტი.

პირველ ხანებში მუშაობდა შუაფხოს კოლმეურნეობის ფერმის გამგედ. იქვე მუშაობდა მისი სიძეც. ვახტანგს დიდი მარცხი მოსვლია: ერთხელ ვეტფერშალს ოცდაექვსი ძროხა აუცრია. ყველა დახოცილა. ფერმის ახლომახლო კაციშცილი ვერ გაივლიდა თურმე. მიდამო ლეშზე მოსული ყორმნებით ყოფილა დაფარული. ვახტანგი და მისი თანამშრომლები დიდი პასუხისმგებობის წინაშე დამდგარან. ამის თაობაზე მოლექსე შეთეს კიდეც შეუმღერნებია ვახტანგისათვის:

- შენ და შენ სიძემ შესჭამეთ ე კოლექტივის საქონი.
- როგორც შენ ამბობ მართალსა, მამა გიცხონდეს ხახონი! - უპასუხია გაჯავრებულ ვახტანგს.
 

მეცხოველეობის დარგისათვის შეუფერებელი მოლექსე კაცისათვის, ბოლოსდაბოლოს, შესაფერისი საქმე მოუძებნიათ და 1955 წელს უკანაფშავის ქოხ-სამკითხველოს გამგედ დაუნიშნავთ. - ბავშვობიდანვე მიტაცხებდა წიგნის კითხვა, - გვიამბობდა ვახტანგი, - მაგრამ ახლა უფრო მეტი დრო მომეცა თვითგანვითარებისათვის. წიგნები ცოტა გვქონდა, ინტერესი კი დიდი იყო და წაუკითხავს თითქმის არაფერს ვტოვებდიო.

1957 წელს ამ თანამდებობიდანაც გაუნთავისუფლებიათ.

1958 წელს აურჩევიათ უკანაფშავის სასოფლო საბჭოს აღმასკომის მდივნად. აღნიშნულ თანამდებობაზე ოცდაცამეტი წელი იმუშავა. მხოლოდ 1991 წელს, უკვე სამოცდახუთი წლის ასაკში, გათავისუფლდა მდივნობიდან და პენსიაზე გავიდა.

ვახტანგ თვარელაშვილის ნაცნობებს განსაკუთრებით მისი მდივნობის პერიოდი ახსოვთ. მისთვის რომ გეკითხათ, დაკისრებულ მოვალეობას კარგად ართმევდა თავს, თუმცა კურიოზული შემთხვევებიც ჰქონია მუშაობაში. ერთხელ მაღაროსკარში დაუთვრიათ, რაღაც საბუთი დაუწერინებიათ, მერე კი გაულექსებიათ:

შე დურაში გამოზრდილო, არ გინახავს დენის შუქი,
თუმს ორთვალობ ბრმა ქვეყანას, ჯიბით დაგაქვს ბეჭედ-ლუქი.

ვახტანგის ახალგაზრდობაში ჯერ კიდევ ძველი იერი ჰქონდა შერჩენილი ფშავ-ხევსურეთს; ძველებური წესით იმართებოდა ხატობები, ქორწლები, ხმით დასტიროდნენ მიცვალებულებს. სათიბშიც ისევ გაისმოდა სევდიანი კილო „გვრინისა“. ძველი თანდათან ტოვებდა ასპარეზს და გზას უთმობდა ახალს. სწორედ ძველის და ახალის გასაყარზე უხდებოდათ ცხოვრება ვახტანგისა და მის თანატოლებს. მთიელები ძნელად ტოვებდნენ ძველს და ასევე ძნელად ეგუებოდნენ ახალს.

ვახტანგი ტრადიციულ საზოგადოებაში აღიზარდა და, ბუნებრივია, იგი იმ საზოგადოების ზნეობრივ-ეთიკური ნორმებით ცხოვროდბა, თუმცა, როგორც უკვე ვთქვით, ახალი ხელისუფლების წარმომადგენელი იყო.

დღემდე არავის ახსოვს, რომ ვახტანგს, როგორც საბჭოთა ხელისუფლების წარმომადგენელს, ვინმე დაესაჯოს ან გაემწარებინოს, პირიქით: კიდეც ექომაგებოდათ გაჭირვებულ ადამიანებს. ასეთი ხასიათი მას თავიდანვე დაჰყვა. ბუნებით რომანტიკოსი იყო და, აბა, ვის დაჩაგრავდა. მოქანდაკე გოგი ოჩიაური იგონებს: „ვახტანგ თვარელაშვილი იყო ჩემი თანატლი და მეზობელი. თანაშეზრდილები ვიყავით. ერთხელ სათიბში წავედით ერთად. ორი დღე ვიყავით. ღამე იქ დავრჩით. ვერაფერი გავთიბეთ – სულ ლექსების საუბარში გავატარეთ. მიყვებოდა, ლექსობდა...“ (ალმანახი „პირიმზე“, #6, 2004, გვ. 127-128.)

ვახტანგს უამრავი მეტოქე ჰყავდა, დაწყებული ძველი თაობების მოლექსეებით და დამთავრებული სულ ახალგაზრდებით. მის მოწინააღმდეგეთა არასრული სია ასეთია: შეთე ხახონიშვილი, ჭრელა უძილაური, ნიკო ბულალაური, იმედა ხოშურაული, გიორგი მჭედლური, ხვთისო ბაიაშვილი, გიორგი ელიზბარაშვილი, პავლე ლომნიაშვილი, ვახტანგ ხოშურაული, ივანე თათარაშვილი, გიორგი სესიაშვილი, ირაკლი გოგოლაური, ირაკლი ლაშქარაშვილი, გოდერძი მჭედლური, ხვთისო თორღვაშვილი, ბესიკ ქოჩაშვილი, მიხეილ ღანიშაშვილი...

ყველაზე მწვავედ მაინც გიორგი ელიზბარაშვილთან იყო გადაკიდებული. გიორგი მათურელი იყო, ძველი მოლექსის –ფუნჩია ხუციშვილის შვილიშვილი. პაპისაგან მხოლოდ ლექსობის ნიჭი დაჰყვა, ცხოვრებია შნო კი არა ჰქონდა. სანამ დედა, სახელად ბებოქალი, ჰყავდა ცოცხალი, არა უშავდა. მშრომელი იყო მისი დეიდაც, ბებოქალის და. ამ ორ ბებერზე იყო დამოკიდებული მთელი ოჯახის შენახვა. მათი სიკვდილის შემდეგ გიორგის სარჩო გაუნიავდა და ოჯახიც დაენგრა. ამიტომ დასცინის თვარელაშვილი ერთ ლექსში, როცა გაქცეული მეუღლის საძებნად წასულ გიორგის ეუბნება:

„ეგება მალე მახელო,
ვინც სარჩო დაგიძველაო“...

გიორგის ხელმოკლეობაც რა გასაკვირი იყო, როცა „საერთოდ, ფშაველი მოლექსეებიდან არცერთი არ ყოფილა შეძლებული ცხოვრების პატრონი“ (აპოლონ ცანავა, გალექსება–გაშაირება და ფშაური კაფია, 1964, გვ. 28.)

გიორგის სიტყვა წყალივით მოსდიოდა. ყველაზე ღირსეულ მეტოქეობას ვახტანგს ის უწევდა. სხვებს იოლად ამარცხებდა ვახტანგი, მას კი ადვილად ვერაფერს უხერხებდა. ვახტანგის მძახალი პავლე ლომნიაშვილიც ასევე ანგარიშგასაწევი მოლექსე იყო, მაგრამ მისი ნათქვამებიდან ძალიან ცოტა გადარჩა, თავის დროზე არავინ იწერდა, რომ შთამომავლობისათვის შემოენახა.

ვახტანგი, ხალხში მოპოვებული დიდი სახელის მიუხედავად, მეცნიერ–მკვლევართა და პუბლიცისტთა ყურადღებით არ იყო განებივრებული მაშინ, როცა ზოგიერთი სახალხო მთქმელი ყოველ ოლიმპიადაზე გამოჰყავდათ და აკითხებდნენ ლექსებს. ერთადერთი წერილი, რომელშიც ვახტანგიზეც არის საუბარი, ეკუთვნის აწ განსვენებულ ფოლკლორისტსა და ენათმეცნიერს ილია მაისურაძეს. იგი წერდა: „“უსათუოდ ყურადღებას იმსახურებს საბჭოს მდივნის ვახტანგ თვარელაშვილის კაფიები, რომლებსაც ავტორი არ წერს, ისინი ზეპირად არის გავრცელებული მთელს ფშავში...

ახალგაზრდა მთქმელის ლექსებში მაღალზბეობრივი იდეებია ჩაქსოვილი. ლოთობას მიჩვეულ ერთ თანასოფლელს, მისდამი საგანგებოდ მიძღვნილ სატირულ ლექსში, იგი ურჩევს, ხელი აიღოს ამ სააუგო ჩვეულებაზე და ასეთი მოხდენილი, ხალხური პოეზიისათვის ჩვეული, სადა და კლიალა სახეებით აყალიბებს სტრიქონებს:

არ შეგშვენოდა ვაჟკაცსა, ფეხებზე ვეღარ დგებოდი,
მუხლებს მიწაზე ათრევდი, წელში შუპყასებრ ტყდებოდი.
კაცი, სიცოცხის მძებნელი, მუცლის გულისთვის კვდებოდი,
სირცხვილსა კრებდი და თითით, საჩვენებელი ხდებოდი.

(ილია მაისურაძე, მთების დიდი გაზაფხული, „ლიტერატურული გაზეთი“, 1961, #46.)

ვახტანგ თვარელაშვილის სატირა მძაფრი იყო და დუნდობელი. მოლექსემ იცოდა, რომ სიმართლის მთქმელს ცხენი მუდამ შუკაზმული უნდა ჰყავდეს, მაგრამ ეს ფრთხილი ანდაზა არ აშინებდა და შეუპოვრად, არაჩვეულებრივი პირდაპირობით ამხელდა საზოგადოებისა თუ პიროვნების ნაკლოვან მხარეებს. კომუნისტების ხანაში, როცა სიმართლის პირდაპირი თქმა აკრძალული იყო, ვახტანგი დაუნდობლად ამათრახებდა დიდი თანამდებობის პირებს, გამომძალველებს, თაღლითებს, კორუფციონერებს. მისი ლექსების მათრახი მეტად მწვავე და მტკივნეული იყო. 1975 წელს თანამდებობიდან გაანთავისუფლეს საქართველოს კპ დუშეთის რაიკომის პირველი მდივანი არჩილ შადური და მის ნაცვლად დანიშნეს ია გამრეკელი. ვახტანგ თვარელაშვილი მთავრობის ცვლას ლექსით შეხვდა. გაალექსა ასევე იმ დროის აღმასკომის თავმჯდომარე გიორგი წიკლაური, რომლის თავმჯდომარეობაც ძალიან ახარებდა მის თანამოძმეებს – „პერანგჭრელ“ ხევსურებს. ხალხს გულუბრყვილოდ სჯეროდა, რომ ახალი მდივანი ყველას პასუხს მოთხოვდა, მიზეზს გამოუძებნიდა და სამსახურიდან დაითხოვდა. ამ დროს ფშაველებსაც ჰყავდათ თავიანთი კაცი მთავრობაში – რაიონული გაზეთის მთავარი რედაქტორი უშანგი ბოძაშვილი. ამ გაუსწორებელ ქვეყანაში ყველა საკუთარ ჯიბეზე ფიქრობდა, ქვეყნის ბედი კი არავის ანაღვლებდა.

მოიდა ია გამრეკი: „გავრეკავ დუშეთელებსა!“
აწ, როგორც შადურის დროსა, ვეღარ მაითბობთ ხელებსა.
გფარავდათ, გეხმარებოდათ, თერგელი არაგველებსა,
ვერც ახლა გაიგებენა, რო ახლები სჯობს ძველებსა?!
„კაცი გვყავ მთავრობაშია!“ – უხარის პერანგჭრელებსა.
ჩვენცა გვყავ ბოძათ უშანგი, ფშავლებს ეგ გვასახელებსა.
ფერად სათვალეს იკეთებს, ქუჩებს სულ მააბნელებსა,
გაიდრიცება წელშია, ვერა სცნობს შარახევლებსა.
(შარახევი – უშანგი ბოძაშვილის სოფლია)

გავდა ორიოდე წელი და ია გამრეკელიც მოხსნეს, რადგან ვერ გაამართლა. იგი პროფესიით ხელოვნების მუშაკი იყო და მეცხოველეობის დარგისა ბევრი ვერაფერი გაეგებოდა, დუშეთის რაიონში კი, ყველას მოეხსენება, რომ ძირითადად მეცხოველეობა იყო განვითარებული და ამ საქმეს დიდი პატრონობა და გაძღოლა სჭირდებოდა.

ია გამრეკლეის გათავისუფლებასა და თბილისში გადაყვანას ვახტანგი ლექსით შეხვდა:

ვერ გაიგეთა დუშელნო, რა მოიუვიდა იასა, –
ერთი მჭამელი მააკლდა, ბიუროს წევრთა სიასა,
თბილისში გადაიყვანეს, იქ დასდგამს სამაიასა.

ვახტანგის მახვილ თვალს არ გამოეპარებოდა რაიონში მომხდარი რაიმე მოვლენა, ლექსად რომ არ გამოხმაურებოდა, ხალხს მოსწონდა მისი სატირული ლექსების მამხილეელი ხასიათი და აზრის სიმახვილე...

... 2001 წლის 13 სექტემბერს ვახტანგი გარდაიცვალა. სიმბოლური და საბედისწერო აღმოჩნდა მისთვის რიცხვი – 13. ამ რიცხვში მოევლინა იგი ყქვეყანას და სწოედ ამავე რიცხვში დატოვა წუთისოფელი. დაკრძალეს შუაფხოში, იახსრის სალოცავის გვერდით, სოფლის სასაფლაოზე. გამოსათხოვარ სიტყვაში ილია ფხოველმა თქვა, რომ მარხავდნენ დიდ ნიჭს, სიკეთითა და პატიოსნებით გამორჩეულ ადამიანს, უბადლო მელექსეს.

ტრიტან მახაური

 

ლექსების კრებული – PDF