სიახლეები და მოვლენები

23-11-2011

მიშა ღანიშაშვილის წიგნის "გოგია ჭიჭოშვილის ეპოსი" პრეზენტაცია

2011 წლის 18 ნოემბერს ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკაში გაიმართა მიშა ღანიშაშვილის წიგნის "გოგია ჭიჭოშვილის ეპოსი" პრეზენტაცია. გოგია ჭიჭოშვილის სახელი დღემდე უცნობი რჩებოდა ქართულ კულტურასა და ისტორიაში. ეს სიცარიელე თავისებურად შეავსო პოეტ მიხეილ ღანიშაშვილის წიგნმა “გოგია ჭიჭოშვილის ეპოსი”, რომელიც სულ ახლახანს გამოიცა და საზოგადოების დიდი დაინტერესება გამოიწვია. სწორედ ამ ინტერესის გამოძახილი იყო ამასწინათ ეროვნულ სამეცნიერიო ბიბლიოთეკაში დამოუკიდებელ სამწერლო გაერთიანება კავშირ პოეტურ ორდენ “მარადახალი ქნარის” მიერ ორგანიზებული შეხვედრა, რომელიც ამ წიგნის წარდგინებას მიეძღვნა. შეხვედრას ესწრებოდნენ ხელოვნებისა და მეცნიერების ცნობილი წარმომადგენლები.

შეხვედრა შესავალი სიტყვით გახსნა წიგნის რედაქტორმა, თსუ პროფესორმა, ფოლკლორისტმა ტრისტან მახაურმა, რომელმაც, თავის გამოსვლაში, ხაზი გაუსვა იმ გარემოებას რომ: “წიგნის ავტორს გაუწევია დიდი შემკრებლობითი საქმიანობა. წიგნში პირველად ქართული ლიტერატურისა და ფოლკლორისტიკის ისტორიაში მიმოხილულია XX საუკუნეში კომუნისტური ხელისუფლების მიერ აკრძალული სახელის - გოგია ჭიჭოშვილის ბიოგრაფია, შეკრებილია მისი გახალხურებული ლექსები, რომლის საფუძველზეც მეცნიერულადაა დამუშავებული ხალხური ეპოსის ლიტერატურული ვარიანტი - გოგია ჭიჭოშვილის ეპოსი. ეს არის უნიკალური შემთხვევა ქართული ლიტერატურისა და ფოლკლორისტიკის ისტორიაში “არსენას ლექსის” შემდეგ, როდესაც ეპიკური ნაწარმოების აღმოჩენა და წარდგინება ხდება. წიგნი აღჭურვილია შესაბამისი სამეცნიერო აპარატურითა და ლექსთა ვარიანტებით, რაც უფრო მეტ აკადემიზმს მატებს მას” – აღნიშნა პროფ. მახაურმა.

მიხეილ ღანიშაშვილმა თავის სიტყვაში ვრცლად ისაუბრა გოგია ჭიჭოშვილის ეპოსისთვის ფოლკლორული მასალებისა და პორტრეტის მოძიება-შეგროვების ისტორიაზე, ეპოქაზე, რომელშიც უხდებოდა მოღვაწეობა გოგია ჭიჭოშვილს და მის ბიოგრაფიაზე. კერძოდ, მან აღნიშნა, რომ: “გოგია ჭიჭოშვილი დაიბადა 1919 წელს ივრის ხეობის სოფელ ლიშოში. მუშაობდა მასწავლელბლად. მეორე მსოფლიო ომში გაწვევას თავი აარიდა და ტყეში გასულმა შექმნა მცირე ჯგუფი, რომელიც მსოფლმხედველობრივად და ფიზიკურად უპირისპირდებოდა საბჭოთა რეჟიმს. გოგია სსრკ-გერმანიის ომს არ მიიჩნევდა ქართველთა ომად. მან შური იძია და სიცოცხლეს გამოსალმა მიხა ხელაშვილის ერთ-ერთი მკვლელი მარცვალაშვილი. იგი 1948 წელს 29 წლის ასაკში ღალატით მოკლეს ჩეკისტებმა ილტოს ხეობაზე და მისი სახელის ხსენებაც აკრძალეს. გოგია ჭიჭოშვილი იყო მრავამხრივ ნიჭიერი კაცი: წერდა ლექსებს, ხატავდა, უკრავდა ჩონგურსა და გარმონზე, მღეროდა, ჰქონდა თეატრალურ-სამსახიობო მონაცემები. მისი ლექსები უაღრესად პოპულარული იყო, ისინი ხალხში დარჩა და, მიუხედავად ხელისუფლების მხრიდან შიშისა, მაინც ზეპირი სახით ვრცელდებოდა, იმღერებოდა.” ამის შემდეგ მან მთლიანად წაუკითხა აუდიტორიას ეპოსი.

„გოგია ჭიჭოშვილის ეპოსის“ შესახებ ისაუბრა რეცენზენტმა, თსუ პროფესორმა დავით წიწკოლაურმა, რომლემაც ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე რომ, სისხლიანი კვალი, რომელიც გოგია ჭიჭოშვილის ბიოგრაფიას მოყვება, პროვოცირებული იყო საბჭოთა რეჟიმის მიერ და რომ ყაჩაღად წოდებული ადამიანი, ფაქტიურად ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის წარმომადგენლად შეიძლება განვიხილოთ, ვინაიდან იგი მსოფლმხედველობრივად უპირისპირდებოდა ხელისუფლებას.

წიგნთან და გოგია ჭიჭოშვილის ფენომენთან თავისი დამოკიდებულება გამოხატეს პოეტებმა მარიამ ხუცურაულმა, ერეკლე საღლიანმა, სევარიონ ნადირაძემ, გელა დაიაურმა, მხატვარმა მერაბ უძილაურმა, ფოლკლორისტმა და ჟურნალისტმა ვანო ბერიძიაშვილმა, საიტ fereidani.ge-ის ადმინისტარტორმა გიორგი ალავერდაშვილმა და ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორმა ელიზბარ ელიზბარაშვილმა. ამ უკანასკნელს საკმაოდ დიდი წვლილი მიუძღვის წიგნის სასტამბოდ მომზადებაში.

გთავაზობთ დეა სოსელიას, ია მშვიდობაძისა და ქეთევან ჩიტაშვილის მიერ მოწოდებულ ფოტომასალას:

















ვრცელი ფოტოსესიის სანახავად მიყევით მბულს...





  მთავარ გვერდზე დაბრუნება              სიახლეებში დაბრუნება