სიახლეები და მოვლენები
09-02-2014
«მადლი ფშაური მიწისა»
2014 წლის 1 თებერვალს, თბილისში, რესტორან «ალანში» ააიპ «ჩვენი ფშავის» ორგანიზებით გაიმართა დამბალი ხაჭოს და სხვა ფშაური ნატურპროდუქტის გამოფენა–გაყიდვა «მადლი ფშაური მიწისა» გამოფენა ტადიციულია და წელს უკვე მესამედ მოეწყო. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ფშავიდან და ფშავლებით ლოკალურად დასახლებული რეგიონებიდან ჩამოსული ადამიანები. რთული მეტეოპირობების გამო გამოფენის ბევრმა მუდმივმა მონაწილემ, უფრო კახეთში მცხოვრებმა ფშავლებმა, ამჯერად ჩამოსვლა ვერ მოახერხა.
„სამწუხაროდ, ამჯერად ფართის სიმცირის გამო სტუმრების რაოდენობაც შეზღუდული იყო. ღონისძიებაზე დასასწრები ბილეთები წინასწარ გაიყიდა და უამრავი ადამიანი მოვიდა,
ღონისძიება უკვე ტრადიციულად იმართება თბილისსა და ფშავში. იგი ფშაური კულტურის მხარდასაჭერასა და პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.
დამბალხაჭოს წარმოება ეს, პირველ ყოვლისა, ფშავისთვის დამახასიათებელი არამატერიალური კულტურული ძეგლის შენარჩუნებაა. შემდეგ შემოსავლის ერთ-ერთი წყარო მთაში მცხოვრები ადამიანებისთვის. დამბალი ხაჭოს წარმოებისგან, როგორც შემოქმედებითი პროცესისგან სიამოვნებასა და სიხარულს იღებენ მისი დამამზადებლები. ვინაიდან დამბალი ხაჭო არ შეიცავს არანაირ ქიმიურ დანამატებს და არ გადის ტექნოლოგიურ დამუშავებას, ის ცოცხალი საკვებია, მდიდარი ვიტამინებით და მიკროელემენტებით, მაღალკალორიულია და ამავდროულად ფაქტორივად უცხიმო.
დამბალ ხაჭოსთან ერთად გამოფენა–გაყიდვაზე წარმოდგენილი იყო ერბო, ყველი, თაფლი, კაკალი, მშრალი ხილი ასევე წარმოდგენილი იყო გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები- ტრადიციული და სტილიზებული სამოსი და აქსესუარები, მხატვრულად დამუშავებული თექისა და ნატურალური მატყლის ნაწარმი, ხალიჩები და გობელენები.
სტუმრებს ასევე ჰქონდათ შესაძლებლობა შეეძინათ: „ფშაური პოეზიის“ რჩეული, გამომცემლობა “საუნჯეს“ მიერ გამოცემული ხვარამზეს კრებული „ვერცხლის თასადამც მაქცია“ და ფშაველი ავტორების ახალი წიგნები.
გამოფენა–გაყიდვის ყველა მონაწილეს შესაძლებლობა ჰქონდა დაეგემოვნებინა დამბალი ხაჭო და მისგან მომზადებული კერძები.
გამოფენის სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ მოესმინათ პატარა ბარბარე ბოდაველის, თიანეთის ხალხური სიმღერის ანსამბლ «ფშავლების», დები ზვიადაურების, დები ნაყეურების, ნინო და ქეთი ასკილაშვილების სიმღრებისათვის, ცოტნე ალბუთაშვილის დავით თეთრაულის, ზაურ წოწკოლაურის კარგი ფშაური ლექს–კაფიებისათვის.
ამავე გამოფენაზე გახმიანდა ორი ძალზედ საინტერესო და სასიხარულო ინფორმაცია პირველის ავტორი და ინიციატორი გახლდათ თიანეთის მაჟორიტარი დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი, რომელმაც ორგანიზატორებსა და გამოფენის მონაწილეებს აღუთქვა, რომ მალე მისი თანადგომით შესაძლებელი იქნება დამბალი ხაჭოს სახლის გახსნა;
მეორე ინიციატივის ავტორი იყო მხატვარი დავით–ლუკა ქაფიაშვილი, რომელმაც განაცხადა, რომ მის სახლში, დუშეთის რაიონის სოფ. ბაზალეთში მოეწყობა ფშაური კაფიის კოშკი, სადაც ყოველწლირად გაიმართება ხალხური ლექსის ზეიმი.
გამოფენის ფარგლებში ტრადიციულად წელსაც ჩატარდა კონკურსი დამბალი ხაჭოს დამამზადებელთა შორის საუკეთესო ნამზადის გამოსავლენად.
კონკურსის ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ: ბატონები ვანო ბერიძიაშვილი, ნოდარ პატარაშვილი და ნუკრი ჭინჭარაული.
I ადგილი ჟიურიმ მიანიჭა ქაჩლიშვილების ოჯახის ხაჭოს;
II ადგილი დაიკავა ელიზბარაშვილ–მგელაშვილების ხაჭომ;
III საპრიზო ადგილი თამარ ნავროზაშვილის ხაჭომ მოიპოვა.
ორგანიზატორებისთვის სასიამოვნო მოულოდნელობა აღმოჩნდა ის ფაქტი, რომ თამარ ნავროზაშვილმა უკვე მესამედ მიიღო კონკურსში მონაწილეობა და მესამედ გაიმარჯვა. მასვე გადაეცა ჟიურის სპეციალური პრიზი...
"ჩვენი ფშავი" ულოცავს ყველა გამარჯვებულს და უსურვებს ჯანის სიმრთელეს, სულის სიმხნეს და ულევ ენერგიას...
ინფორმაცია ასევე იხილეთ "მადლი ფშაური მიწისა"-ს Facebook-ის გვერდზე
მთავარ გვერდზე დაბრუნება სიახლეებში დაბრუნება