ფშავლები

პარასკევა გაბიდოური

პარასკევა გაბიდოური (ფხიკლეშვილი) ვაჟას დედა გულქანის ალალი ბიძა იყო და ივრის ფშავის სოფელ სხლოვანში ცხოვრობდა მე-19 საუკუნის შუა ხანებში. სამწუხაროდ წერა-კითხვა საკმაოდ ცუდად სცოდნია საიმისოდ, რომ ქაღალდზე ჩაწერილის სახით ან გავრცელებულიყო მისი ლექსები ან შემორჩენილიყო.

პარასკევას ცოლად ჰყავდა არტნელი ქალი ბუბა ტვირთაშვილი, რომლის ძმაც, ყორანა ტვირთაშვილი, ასევე მთელ ფშავში განთქმული მოლექსე და მოკაფიე იყო და ღირსეულ მეტოქეობას უწევდა პარასკევას. პარასკევას მეტოქეებიდან უნდა მოვიხსენიოთ აგრეთვე ბაჩლელი გოგრისყელ, ჭიჩოვლების თემისა. ძმებმა რაზიკაშვილებმა, და განსაკუთრებით თედო რაზიკაშვილმა, დიდი ღვაწლი დასდეს საერთოდ ქართულ ფოლკლორს და კერძოდ პარასკევას იმითი, რომ ჩაიწერეს პარასკევას და მის მეტოქეთა ლექსების ნაწილი და ცხოვრების ზოგიერთი დეტალიც შემოგვინახეს.

 პარასკევამ და მისმა მეტოქე მოლექსეებმა თავიანთ ლექსებში ასახეს საკუთარი და მათ გვერდით მცხოვრები ადამიანების დუხჭირი ცხოვრების წვრილმანები. განსაკუთრებულ სიმაღლეზე აიყვანეს ლექსებში ალეგორია, იუმორი და თვითირონიისა და სხვათა სისუსტე-ნაკლოვანებების დაცინვის გზით მათ ირგვლივ არსებული რეალობის ზუსტ სურათს ასახავდნენ.

ამავე დროიდან იწყება ფშაურ პოეზიაში კიდევ ერთი ახალი მოვლენა, პოეზიის გაპიროვნულება ანუ ლექსების ავტორთა სახელების დაფიქსირება. ალბათ, გამორჩეულად ხატოვანი წარმოსახვის მიზეზი თუ იყო, რომ მოლექსეების სახელების გვერდით მაშინვე ჩნდებოდა მათი ფსევდონიმ-თიკუნებიც და რაოდენ საკვირველიც უნდა იყოს, ავტორთა მივიწყებას მიცემული ნამდვილი გვარ-სახელების ნაცვლად საშვილიშვილოდ დამკვიდრდა თიკუნები. ასეთი თიკუნი გახლავთ პარასკევაც. როგორც ამბობენ, პარასკევა დათვს მივარდნია ბუნაგში და უძახნია "პარასკევავ, გამოდი კარშიო. გამოჰვარდნია მართლაც დათვი და გემრიელად დაუბუგნავს "მძახებელი". მას მერე შეურქმევიათ პარასკევა.

 ვაჟა-ფშაველა პარასკევას შესახებ წერს: "ღვიძლი ბიძა დედაჩემისა პარასკევა პირველი მოლექსე იყო ფშავში.იმან შექმნა სატირული ლექსები და დღესაც ყველა ფშაველი იმის ჰანგზე "ლექსობს".საუბედუროდ,წერა-კითხვა სრულიად არ ცოდნია,რომე ქაღალდის წყალობით შემონახულიყო მისი ნაწარმოები,თუმცა მისი ლექსები დღესაც ცოცხლობს.მათ დღესაც მღერის ხალხი. ეს ლექსნი ღრმა იუმორით არიან სავსენი".



საკუთარ თავს დასცინის ღარიბ-ღატაკი პარასკევა:

სხლოვანში პარასკევაი

სხლოვანში პარასკევაი
სანეფოდ შამზადულიყო,
ერთ ნაბდის ქუდა ეხურა
სხვა ყველა აბრაშუმ იყო!
პარასკევაის ცხვარ-ძროხა
ანდაკში გადასულიყო,
სხლოვანს თავს გადახვევიყო,
მთები სუ დაბანდულიყო!
შენ ცხვარი პარასკევაო,
ცხრაათას გაპარსულიყო 

 

 

პარასკევა
მიუხე პარასკევასა:
-"დათო, გამოდი ველადა!"
გამამივარდა ჩაინი,
გამიკალუა ძნელადა.
ჭიჩოელთ ახალგაზრდეებს
გაჰხარებია ყველათა...
აიმას გაუვაზირონ,
რო გამაუხრეს მელათა!
ცალ გვერდი გამაუჭამეს,
ვერ მიიტანენ მთელასა!
ჩემი სიკვდილით ბეჩავთა
ვინ მისცემთ აზომხევასა!
ბაჩლის ჭალაზე შამუალ,
შამოვეწიე მელასა,
ვესროლე, გამუაგორე,-
შავსწირე გოგრისყელასა.
მე ვნახე გოგრისყელაი,
მაყალურძასა ჰხრევდაო,
ჩახდენ, ჩავიდენ ბალახნი,
იძახეს: "კაცი კვდებაო!"

ჩაინი-თავმომწონეა ფშაურ დიალექტზე;
გაუვაზირონ - განუმარტონ, ურჩიონ;
აზომხევა - გაბიდოურებსა და ჭიჩოელებს შორის სადავოდ გამხდარი ხევი იყო და პარასკევა გაბიდოურთი იყო და გოგრისყელა ჭიჩოვლებისა;
მაყალურძა - ღიმაა, მცენარე, რომლსაც ვიდრე ნორჩია ცოცხლადაც ჭამენ და ამწნილებენ კიდეც.

ჭიჩოელეს დასცინიან, რომ მათ  იციან დათვს მიმსგავსებული ხალხის ხოცვა ნადირობისას და გოგრისყელაც ასე მოუკლავთ ტყეში დათვის ნაცვლად. ვიდრე მკვდარს იპოვნიდნენ და სახლში წაასვენებდნენ, მელიებს ცალი გვერდი გამოუხრავთ. ამის მეტი რა უნდოდა სალექსოდ პარასკევასაც. ვითომ თქვენი ჯავრი ამოვიყარე, მელია მოვკალ და გოგრისყელას საიქიოს წყლისმზიდავად დავუყენეო.

პარასკევა გაბიდოური იმ სამეულთა რიცხვს ეკუთვნის (მერცხალა, ჯაბანა, პარასკევა, რომლებსაც ვაჟა-ფშაველა  და თედო რაზიკაშვილი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდნენ და მაღალ შეფასებას აძლევდნენ.

 

 

    ლექსი სთქვა პარასკევამა
ენას ჩამედვა ბორკილი,
ყალან მამერგო ღთისაო,
ეგ თქვენ რად გაგხარებიათ,
კიდევაც გავტეხ ლხინსაო.
ლექსი სთქვა პარასკევამა,
ჯავრ არა ჭამა მტრისაო;
არც იცის დაარავება,
არც დაბრალება სხვისაო!
დავითოს ულექსებივარ,
ხუმარათ ფოთის შვილსაო.
ეგ მე რად მაშაირებდა,
მოჯამაგირე სხვისაო?
ეცდება დიაკვნობასა,
აღარ იძინებს ძილსაო,
ეგ თავის ბიძაშვილები
საწყვით აძლევენ ფქვილსაო.
ლომო,შე ბატარათაო,
რად არა გდიხარ ჭკვითაო?
შენ ორპირ გიბავ გუთანი,
მე ხარ სულ სხვასთან მიბაო!
რვა თვალ გიბრუნავს წისქვილი,
სახლ ქვითკირისა გიდგაო,
ვინა გყავ სახლის ოსტატი,
სარკის ფანჯარა გიბაო?
მა რვის წისქვილის ნამინდი
ჯალაფთ არ არ გიწმენდს პირსაო,
კავკავსა-დ ნასრიაშია
ისრივ სიარულ გინდაო.

 

 

ჯაბანი და პარასკევა
ჯაბანი:
სხლოვანსა პარასკევაი
აშენებს ქალაქივითა,
დამართა სასახლეები,
თეთრად დალესა კირითა,
ლიბოდ დაუგო ტყვიაი,
წყალმ არ აწყინოს ძირითა,
შეტყიპა აკოშკეები,
დახურა კალა-რკინითა.

პარასკევა:
შირაქ გაივსო,ჯაბანო,
შენი ცხვრითა და ძროხითა,
ზენაით ჩამომდინარი
ცხვარ უწყვეტელა მოდისა,
დამართე სასახლეები,
თავადებ ვერა გჯობისა,
ბალკონზე მისდგებ-მოსდგები
სირმაიანის ჩოხითა.
ხომის ძირს წისქვილ გამართე,
აბრნებ ორის კოდითა,
დამიპატიჟე,ძმობილო,
თუ ბევრებ ქალებ მოდისა.
მაგრამ შენს სახლში,იცოდე,
პური არ იჭმის ცოდვითა,
დამრავლებულა თაგვები,
ფხაკა-ფხუკი დგა ხოკრისა.

 

 

      ისევ პარასკევა
ყეინიანთი არა ვარ,
ჩავიხედო სარკეშია!
ხუთმეტ თუმან ცხენში მივეც,
თორმეტ თუმან სარტყელშია,
რვა თუმანი ქამარშია,
წელზე შემოსარტყმელშია,
სამ მანათი ბეჭედშია,
თითზე შამოსაცმელშია,
უკვენ რაღა მივიფარო
ამ ვალებით სავსეშია?

 

 

 

მომზადებულია ლიტერატურული ფორუმის "არმურის საფიხვნო"-ს მიხედვით.
დამატებითი ინფორმაცია >>>